Accessibility links

site logo site logo

სერგეი კოვალიოვი: სახაროვის მემკვიდრე, რომელიც პრინციპებს ყოველთვის წინ აყენებდა


მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი ვეტერანი უფლებადამცველი, რუსეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, სერგეი კოვალიოვი. ამის შესახებ მისმა ვაჟმა დაწერა სოციალურ ქსელში.

კოვალიოვი ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო საბჭოთა თაობისა, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა 1950-იან და 1960-იან წლებში. მასთან ერთად ამ ბრძოლაში მონაწილეობდნენ ფიზიკოსი და განიარაღების სფეროს აქტივისტი ანდრეი სახაროვი და მისი მეუღლე ელენა ბონერი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებლები ლუდმილა ალექსეევა, იური ორლოვი და გულაგის მემატიანე ანატოლი მარჩენკო.

სახაროვთან დიდი ხნის ახლო მეგობრობის გამო ის ფიზიკოსის პროტეჟედ ითვლებოდა.

სხვა დამსახურებებთან ერთად ის იყო ავტორი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მეორე თავისა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება და გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას ემყარება.

„შეუძლებელია პრინციპების გაწირვა პრაგმატული რამისთვის. ეს უფრო ძვირად დაგიჯდებათ,“ განაცხადა მან 2011 წელს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მართლა არ მომწონს ის, რასაც ‘პატრიოტიზმს’ უწოდებენ და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი იდეაა.
სერგეი კოვალიოვი

„მე ანტიპატრიოტი ვარ,“ თქვა მან სხვა ინტერვიუში, 2005 წელს, რომელშიც სამართლის, ღირსებისა და ადამიანის უფლებების უნივერსალურ ხასიათზე ლაპარაკობდა. „მართლა არ მომწონს ის, რასაც ‘პატრიოტიზმს’ უწოდებენ და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი იდეაა.“

ის იყო მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. 2009 წელს მან, ალექსეევამ და ოლეგ ორლოვმა, უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალის“ სახელით, აზროვნების თავისუფლებისთვის სახაროვის პრემია მიიღეს ევროპარლამენტისგან.

კოვალიოვი 1930 წლის 2 მარტს დაიბადა უკრაინის ქალაქ სერედინა-ბუდაში. 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. მაშინ დაიწყო მისი როგორც იმედის მომცემი მეცნიერის კარიერა. მთლიანობაში კოვალიოვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.

სერგეი კოვალიოვი თავის თანამებრძოლთან, ლუდმილა ალექსეევასთან ერთად. 2011 წ.
სერგეი კოვალიოვი თავის თანამებრძოლთან, ლუდმილა ალექსეევასთან ერთად. 2011 წ.

მისი თაობის მრავალი აქტივისტის მსგავსად, კოვალიოვის გამოღვიძება მოხდა მაშინ, როცა 1966 წელს ის წინ აღუდგა მწერლების, ანდრეი სინიავსკისა და იური დანიელის საჩვენებელ სასამართლოს. სინიავსკისა და დანიელს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯათ „ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის“. ისინი დასაჯეს სატირული ტექსტებისთვის, რომლებსაც ისინი საზღვარგარეთ აქვეყნებდნენ. კოვალიოვმა დაწერა სასამართლოს დამგმობი ღია წერილი, რომელსაც ბიოფიზიკის ინსტიტუტის კიდევ სამმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი.

1968 წელს კოვალიოვი შეუერთდა ახალშობილ ადამიანის უფლებების დამცველ მოძრაობას, 1969 წელს კი თავისი აქტივიზმისთვის გათავისუფლებულ იქნა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტიდან.

სამსახურიდან გაგდებამ მას უბიძგა, უფრო აქტიურად ჩაბმულიყო უფლებადაცვით საქმიანობაში. 1969 წლის მაისში ის შეუერთდა სსრკ-ში ადამიანის უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფს - საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დამცველ პირველ ორგანიზაციას. 1971 წლიდან ქვეყნდებოდა ლეგენდარულ ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ჟურნალ „მიმდინარე მოვლენათა ქრონიკაში“, რომელიც დეტალურად აღწერდა საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დარღვევებს.

კოვალიოვი 1974 წელს დააპატიმრეს „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის“ და შვიდი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობას სამი წლით გადასახლება მოჰყვა. იმ დღეს, როცა სახაროვის მეუღლე ოსლოში იყო თავისი მეუღლის ნაცვლად მშვიდობის დარგში 1975 წლის ნობელის პრემიის მისაღებად, სახაროვი ვილნიუსში ადევნებდა თვალს კოვალიოვის სასამართლო პროცესს.

სერგეი კოვალიოვი და ანდრეი სახაროვის ქვრივი ელენა ბონერი. მოსკოვი, 1998 წ. ოქტომბერი.
სერგეი კოვალიოვი და ანდრეი სახაროვის ქვრივი ელენა ბონერი. მოსკოვი, 1998 წ. ოქტომბერი.

კოვალიოვმა პერმის ოლქსა და თათარსტანში მოიხადა სასჯელი და შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში იყო გადასახლებაში. როცა სასჯელის ვადა ამოეწურა, მას მოსკოვში ჩასვლის უფლება არ მისცეს და ამის ნაცვლად ის ქალაქ ტვერში დასახლდა. დედაქალაქში ჩასვლის უფლება კოვალიოვს 1987 წელს მიეცა.

პერესტროიკის პერიოდში, როცა ქვეყნის სათავეში მიხაილ გორბაჩოვი იმყოფებოდა, კოვალიოვი განაგრძობდა უფლებადაცვით საქმიანობას. ის იყო ორგანიზაცია „მემორიალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი თანათავმჯდომარე 1990 წლიდან. ის მონაწილეობდა Amnesty International-ის მოსკოვის განყოფილების, საერთაშორისო ჰუმანიტარული კონფერენციისა და გლასნოსტის პრესკლუბის მუშაობაში. 1989 წელს სახაროვმა კოვალიოვი დაასახელა თანათავმჯდომარედ ორგანიზაციისა, რომელიც მალე იქცა რუსეთ-ამერიკის ადამიანის უფლებების ჯგუფად.

სახაროვმა კოვალიოვს ასევე მოუწოდა, პოლიტიკაში ჩაბმულიყო. 1990 წელს კოვალიოვი რუსეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს და ამ თანამდებობაზე ის 1993 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში სათავეში ედგა ადამიანის უფლებების კომიტეტს. 1991 წელს დაწერა „ადამიანებისა და მოქალაქეების უფლებების დეკლარაცია“. 1991 წელს მისი ინიციატივით მიღებულ იქნა კანონი საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ.

1993-2003 წლებში კოვალიოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის წამყვანი ლიბერალი დეპუტატი იყო. 1994-95 წლებში ის იყო რუსეთის პირველი ომბუდსმენი.

ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან ჩეჩნეთის ომის დროს დუმის დეპუტატთა და „მემორიალის“ წარმომადგენელთა დელეგაციის შემადგენლობაში იმოგზაურა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში. ის გროზნოში იყო, როცა ქალაქზე სასტიკი იერიში განახორციელა რუსეთის არმიამ 1994 წლის 31 დეკემბერს. კოვალიოვი რუსეთის სამხედრო მეთაურებს იერიშის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

ჩეჩნეთის კონფლიქტში თავისი პოზიციის გამო სახელმწიფო დუმამ კოვალიოვი ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლა 1995 წლის მარტში.

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. ყირიმში რუსეთის ქმედებას გამოარჩევს თავხედობა და მოულოდნელობა. მაგრამ ეს ახალი სტრატეგია არ არის რუსეთისთვის.
სერგეი კოვალიოვი

1995 წლის ივნისში კი კოვალიოვი სათავეში ედგა კანონმდებელთა ჯგუფს, რომლებმაც წარმატებით აწარმოეს მოლაპარაკებები 1600 მძევლის გათავისუფლების თაობაზე სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკში, სადაც ისინი ჩეჩენ ექსტრემისტებს ჰყავდათ აყვანილი ჩეჩნეთში ომის შეწყვეტის მოთხოვნით.

1996 წელს კოვალიოვი გადადგა პრეზიდენტ ბორის ელცინის ადამიანის უფლებების კომისიიდან და ელცინი დემოკრატული პრინციპებიდან გადახვევაში დაადანაშაულა.

„მე ვეღარ ვითანამშრომლებ პრეზიდენტთან, რომელიც, ჩემი აზრით, აღარაა ჩემს ქვეყანაში დემოკრატიის მხარდამჭერი ან უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გარანტი,“ დაწერა კოვალიოვმა.

კოვალიოვი იძიებდა 1999 წელს მოსკოვის საცხოვრებელი სახლების აფეთქებებს, რამაც გზა გაუხსნა ჩეჩნეთის მეორე ომს და კგბ-ს ოფიცერ პუტინს გაპრეზიდენტებაში შეუწყო ხელი. 2003 წელს გამოძიება შეწყდა პროექტის ორი წამყვანი წევრის სიკვდილის გამო. ერთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მეორე კი საიდუმლოებით მოცული დაავადებით გარდაიცვალა.

1969 წელს სერგეი კოვალიოვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს აქტივისტობისთვის.
1969 წელს სერგეი კოვალიოვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს აქტივისტობისთვის.

იმავე წელს შეწყდა კოვალიოვის კარიერა სახელმწიფო დუმაში, როცა პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს მან და მისმა ლიბერალმა მოკავშირეებმა „იაბლოკოდან“.

მაშინ, როცა პუტინის პოზიციები სულ უფრო ძლიერდებოდა, კოვალიოვი აკრიტიკებდა პრეზიდენტის ძალაუფლების ზრდას და მზარდ ცენტრალიზაციას. 2010 წლის მარტში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელმომწერი ღია მოწოდებისა „პუტინი უნდა წავიდეს“, რომელსაც მას შემდეგ 150 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

2008 წელს ის წინ აღუდგა რუსეთის ჯარების შეჭრას საქართველოში და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

კოვალიოვმა ასევე დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირება და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.

„უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის," თქვა კოვალიოვმა 2016 წელს ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ყირიმის ანექსირება აშკარად ემყარებოდა ორ მარტივ მიზანს, რომელთა დამალვაც შეუძლებელია. პირველი - რატომ არ ავიღოთ ის, რას შეიძლება ძალის გამოყენებით მოვიპოვოთ? და მეორე მიზანი იყო, არ მიეცათ უკრაინისთვის ევროპისკენ სვლის უფლება. ყირიმში რუსეთის ქმედებას გამოარჩევს თავხედობა და მოულოდნელობა. მაგრამ ეს ახალი სტრატეგია არ არის რუსეთისთვის. ეს 1917 წელს დაიწყო და 2014 წლამდე გაგრძელდა და ამას ჯერაც არ უჩანს ბოლო.“

კოვალიოვი ასევე მწვავედ აკრიტიკებდა სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ძალადობას პუტინის ერაში. 2009 წელს მან ღია წერილი მისწერა მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. მასში ის გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ ფაშისტები და ექსტრემისტი ნაციონალისტები სულ უფრო მეტად ძალადობენ ლიბერალებსა და უფლებადამცველებზე, ვინაიდან მათ იგრძნეს, რომ უსიტყვო მხარდაჭერით სარგებლობენ.

„ჩვენი პოლიტიკური პრაქტიკები ჩვენს საზოგადოებაში საზიზღარ ტენდენციებს აღვიძებს“, წერდა კოვალიოვი. „უკვე ვეღარ გაარჩევთ, სად არიან სპეცსამსახურები და სად არიან უბრალო ფაშისტები... ეს კატასტროფულად სახიფათოა - დანაშაულია იმის არდანახვა, საით მივყავართ ამას.“

მსგავსი გაფრთხილებით გამოვიდა ის ექვსი წლის შემდეგ.

„კიდევ ერთი გავრცელებული და სახიფათო იდეაა ის, რომ რუსეთის ამორალურობა და პოლიტიკური ბარბაროსობა მხოლოდ რუსეთის საშინაო საქმეა,“ წერდა ის 2015 წელს გამოქვეყნებულ ღია წერილში. „ეს არ არის სწორი. ჩვენს დღევანდელ ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში სერიოზული პრობლემები გლობალური ხდება და ყველაზე ახდენს გავლენას. რუსეთის (და არა მხოლოდ რუსეთის) ტოტალიტარულ ტენდენციებს კატასტროფული შედეგები მოჰყვება. არავინ უწყის, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, მაგრამ ბევრ ადამიანს ესმის, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაუწევლობა სამარცხვინო და სახიფათოა.“

„მართალია, რომ არ ვიცით, როგორ შევუწყოთ ხელი საყოველთაო ღირებულებების განხორციელებას ცარიელი ლოზუნგების ნაცვლად, მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, უბრალოდ რა არ უნდა გავაკეთოთ. აგრესორს ვერ დააშოშმინებ. არ შეიძლება იყიდო საკუთარი უსაფრთხოება, განსაკუთრებით - ბუნებრივი აირის მიწოდებით, სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ბედის საფასურად,“ წერდა კოვალიოვი.

როცა ერთხელ რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, რამდენად შინ გრძნობდა თავს ოპოზიციაში, კოვალიოვმა შეკითხვას მარტივად გასცა პასუხი: „რა შეიძლება გააკეთო? ეს არ მაღელვებს. მიჩვეული ვარ უმცირესობაში ყოფნას.“

„ეხო მოსკვისთვის“ 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში კოვალიოვმა თქვა: „მე პოლიტიკური იდეალისტი ვარ. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ტყუილები საკუთარ თავს სჯიან.“

კოვალიოვის სიკვდილთან დაკავშირებით უფლებადამცველმა ჯგუფმა „მემორიალმა“ განცხადება გამოაქვეყნა კაცზე, რომელიც „ბოლომდე ‘მემორიალის’ წევრი იყო“.

„ჩვენ ყველა თვალსაზრისით დაგვაკლდება სერგეი ადამის ძე: როგორც ძველი საყვარელი მეგობარი, უშიშარი თანამებრძოლი, ინტელექტუალი და მრჩეველი, ადამიანის უფლებების ერთგული ყოველთვის და ყველაფერში, ომსა და ყოფაში, პოლიტიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში,“ წერს „მემორიალი“.

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG