Accessibility links

site logo site logo

ჩუმად გაკეთებული ჩანაწერი აღწერს, თუ როგორი სისასტიკით უსწორდებიან აქციაზე დაკავებულებს რუსეთში


სანქტ-პეტერბურგში სპეცრაზმმა დემონსტრანტები დააკავა უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

ალექსანდრა კალუჟსკიხს პირველად დაკითხვაზე შესვლიდან 52 წამში ურტყამენ - მოსკოვის ბრატეიევოს უბნის პოლიციის განყოფილებაში.

26 წლის ალექსანდრა ერთ-ერთია 5 ათასამდე ადამიანიდან, რომლებიც ბოლო დღეებში, ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დააკავეს. აუდიოჩანაწერში, რომელიც რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელა, ისმის, თუ როგორ ეკითხებიან მას სახელს, მისამართს, სასწავლებელს და თუ საიდან გაიგო დემონსტრაციის ჩატარების შესახებ.

ალექსანდრამ პასუხად რუსეთის კონსტიტუცია მოიშველია და თქვა, რომ მას შეეძლო არ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.

ამას დარტყმის ხმა მოჰყვება. „შემდეგი უფრო მტკივნეული იქნება“, - ამბობს კაცი, რომელიც პოლიციის თანამშრომლადაა მოხსენიებული.

ამის შემდეგ ისმის გაუთავებელი ცემის ხმა, რომელსაც თან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ახლავს. ჩანაწერი 11 წუთს გრძელდება.

ნახეთ: რუსეთის პოლიციამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. (2019 წლის აგვისტო)

No One Safe As Moscow Police Lash Out
please wait

No media source currently available

0:00 0:02:58 0:00

რუსეთის პოლიციის სისასტიკეს ადამიანის უფლებების დამცველები უკვე წლებია აღწერენ. მსგავსი შემთხვევა შოკის მომგვრელია, მაგრამ უჩვეულო არ არის. უჩვეულოა თავად ჩანაწერის არსებობა - მისი გაკეთება, როგორც ჩანს, უჩუმრად მოახერხეს. თავად ალექსანდრა კალუჟსკიხის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია და ჟურნალისტებმა მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს. OVD-Info, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გაავრცელა ჩანაწერი, ამტკიცებს, რომ ეს ალექსანდრას ნებართვით გააკეთეს. ჩანაწერი სხვა მედიასაშუალებებმაც გააშუქეს, მათ შორის „ნოვაია გაზეტამ“. რადიო თავისუფლებამ დამოუკიდებლად ვერ შეძლო ჩანაწერის ავთენტიკურობის შემოწმება.

ჩანაწერის გავრცელების პარალელურად, მოსკოვსა და ათობით რუსულ ქალაქში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები ჩატარდა. უცნობია, თუ რამდენმა ადამიანი მიიღო დემონსტრაციებში მონაწილეობა - ბევრ შემთხვევაში ხელისუფლებამ მათ პოლიციის სპეცრაზმები დაუპირისპირა.

OVD-Info-ს ცნობით, 6 მარტს მოსკოვში 2 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, რუსეთის მასშტაბით კი - 4600. პოლიციის ოფიციალური სტატისტიკა 3300 დაკავებულს ასახელებს.

ადამიანის უფლებადამცველები წლებია, რაც ცდილობენ, აღწერონ და დოკუმენტურად დაადასტურონ დაკავებულთა წამება პოლიციასა და ციხის სისტემაში.

შარშან ყოფილმა პატიმარმა მოახერხა ციხიდან ათობით ვიდეოს გამოტანა, სადაც პატიმრების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობაა აღბეჭდილი. ამან რუსეთში აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი შეჩვეულია ამ პრობლემის სისტემურ ხასიათს.

OVD-Info-ს მოპოვებული ჩანაწერი იწყება იმით, რომ ალექსანდრა დაუდგენელ ოთახში შეჰყავთ. მას რამდენიმე პოლიციელი ელაპარაკება - კაცის ხმაც ისმიც და ქალისაც.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრა უარს აცხადებს პასუხზე და კონსტიტუციის 51-ე მუხლს იშველიებს, მას ურტყამენ და აგინებენ. ერთი პოლიციელი მის გარეგნობას დასცინის. ალექსანდრა ეკითხება, ემუქრება თუ არა მას პოლიციელი.

„კი, გემუქრები. ფიზიკური ძალადობით გემუქრები“, - პასუხობს ის.

იგივე ხმა ცოტა ხანში ამბობს: „პუტინი ჩვენკენაა. თქვენ რუსეთის მტრები ხართ. ხალხის მტრები ხართ“.

დაუდგენელია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდა ალექსანდრას დაკითხვა და მასზე ძალადობა. ჩანაწერში ერთგან ამბობს, აქ უკვე სამ საათზე მეტს ვიმყოფებიო.

ერთგან ქალი პოლიციელი ალექსანდრას გიჟს უწოდებს. „კაცი შენ თვალწინ მირტყამს და კიდევ მე ვარ გიჟი?“ - პასუხობს ალექსანდრა.

ფემინისტმა აქტივისტებმა 6 მარტს „ტვიტერზე“ დაწერეს, რომ პოლიციის ამ განყოფილებაში კიდევ მინიმუმ სამ ქალზე იძალადეს.

ალექსანდრა კალუჟსკიხმა 6 მარტის საღამოს ინტერვიუ მისცა „ტელეგრამის“ არხ SOTA-ს და დამატებითი დეტალები გააზიარა.

„წიხლებით მცემეს, თავში მირტყეს. წყალი დამასხეს. ნიღაბი მომგლიჯეს, ტელეფონი გამომგლიჯეს და ორჯერ მიახეთქეს კედელს“, - თქვა მან. „თმით მათრიეს და მლანძღეს. განყოფილებაში ორი გოგო იყო და ისინი უბრალოდ უყურებდნენ, როგორ მაწამებდნენ“.

ანტისაომარი საპროტესტი გამოსვლები რუსეთის ქალაქებში უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ დაიწყო. ინფორმაციის გავრცელებაზე მოსკოვმა მკაცრი ცენზურა დააწესა. მოუხედავად ამისა, ასობით და ათასობით ადამიანი მაინც გამოდის ქუჩებში, და ზოგიერთი მათგანი, რისკის ფასად, დაკავების ადგილებშიც ახერხებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გამოხატოს, მაგალითად, ასე მოხდა პერმში, სადაც შემდეგი ვიდეო არის გადაღებული.

XS
SM
MD
LG