Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი მღვდელი რუს მორწმუნეებს კიდევ ერთ საფიქრალს უჩენს


რუსეთის ლიტერატურულ წრეებში განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია უცნობი მწერლის, არონ შემაიერის მიერ გასულ წელს დისტოპიური მოთხრობის, „მაშო და დათვების“, გამოქვეყნებას.

თუმცა ახლა ინტერესი იზრდება - მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შემაიერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენიანი პრესმდივნის, დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინის, ფსევდონიმია.

ამ ამბის გარკვევის შემდეგ, მოთხრობის შინაარსი მკითხველს აღარ ეჩვენება რომელიმე ცალკეული მწერლის ფანტაზიის ნაყოფად - პირიქით, ის სასულიერო და პოლიტიკური სფეროების ელიტების მთავარი ფობიების გამოხატულებად აღიქმება. წიგნში აღწერილია მოსკოვის დანგრევა ისლამისტების, უკრაინელებისა და გეების მიერ 2043 წელს.

„მოსკოვის კონფედერაციის პრეზიდენტისა და რევოლუციური ლიდერების ასამბლეის პრესმდივანი გაფრთხილებთ, რომ ხალხი, ვინც არ დაიცავს შეუწყნარებელი აზროვნების ახალ აკრძალვას, იძულებით დაექვემდებარება ევთანაზიას“, - აცხადებს ახალი ამბების გამოშვება ერთ-ერთ პირველ სცენაში. ახალ ამბებს მოსდევს „ბედნიერების გენერატორის“ რეკლამა - გენერატორს HaHaHa 25.0 ჰქვია.

ამ ყველაფერს, ჩაპლინის აღწერით, მოსდევს „ლიბერალური ჯოჯოხეთი“: ვეგანური საუზმეები, ნაწნავებიანი აფრიკელი ლეგიონერები, „ინტერსქესის“ მქონე დირექტორები.

მოთხრობის ბოლოს მოსკოვის კონფედერაცია ინგრევა ბრძოლაში, რომელშიც ჩართული არიან „თავისუფალი რუსეთის“ ფაშისტები, კავკასიელი ექსტრემისტები და უკრაინელი ნაციონალისტები. ბიბლიურ სტილში, ერთ დროს დიდებული ქალაქი ნაცარტუტადაა ქცეული ატომური აფეთქებების შედეგად.

ჩაპლინი აცხადებს, რომ შთამბეჭდავი ფინალი, რომელსაც თავად ავტორი „აბსოლუტურად ქრისტიანულს“ უწოდებს, არ უნდა აღვიქვათ ჰიპერბოლად ან წარმოსახვის ნაყოფად. პირიქით, როგორც ავტორმა გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ უთხრა, ეს აუცილებლად დაემართება რუსეთს, თუ ის გააგრძელებს „ულტრალიბერალური ღირებულებების გზით ჩიხისკენ სიარულს“. ავტორის თქმით, „ეს ღირებულებები არ შეიძლება არ დასრულდეს ტოტალიტარიზმით, ვინაიდან ისინი უსიცოცხლოა, ანტიადამიანურია და აუპატიურებს პიროვნებისა და საზოგადოების არსს“.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან ინტერვიუში დეკანოზმა თავისი აპოკალიფსური სურათის რეალობაში განხორციელების შესაძლებლობა ასე აღწერა:

„ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანებს არ ექნებათ ნება, გონი და დამოუკიდებლობა. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ელიტებს, არამედ ჩვეულებრივ ხალხს, ვისაც, რეალურად, აუმღვრეველი მორალური განცდები აქვს მაშინაც კი, თუკი ამის რთული ფრაზებით გამოხატვას ვერ ახერხებენ“.

რუსეთის ანალიტიკოსი პოლ გობლი თვლის, რომ ჩაპლინის ტექსტის ჰიპერბოლური ინტონაცია ასახავს დაძაბულობას, რომელსაც რუსეთის მმართველი ელიტა შეიძლება განიცდიდეს რუსეთის ფედერაციის მყიფე ვითარების გამო. ამავე დროს, გობლის აზრით, ეს ტექსტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზარდ დისტანციას მოსკოვსა და დანარჩენ ქვეყანას შორის.

ჩაპლინმა ახლახან გაუწია რედაქტირება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გზამკვლევს უცხოელი მიგრანტებისთვის ისეთი რჩევებით, როგორიცაა, მაგალითად: „ხმამაღლა არ ილაპარაკო, ჭამე ბორშჩი“. რუსეთის კულტურის შენარჩუნება ყველა რუსის ვალიაო, აცხადებს ის.

რელიგიური ვებსაიტის religare.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩაპლინი იმეორებს ცნობილ კონცეფციას, რომ „რუსეთი მესამე რომია“ და მორიგ ჯერზე გამოიხმობს მესიანისტური ელფერით დატვირთულ რუსულ ნაციონალიზმს. „ჩვენი პატრიოტიზმი არ არის შოვინიზმი ან სისხლის ძახილიო“, - ამბობს ის და განაგრძობს: „ეს, უწინარესად, ჩვენი უნიკალური ქრისტიანული მისიის გააზრებაა - მისიისა, რომლის შესასრულებლადაც, ჩემი ღრმა რწმენით, მოავლინეს ჩვენი ხალხი დედამიწაზეო“.

XS
SM
MD
LG