Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზარბაზნე ხორცად გააგზავნეთ“: რუს გუბერნატორს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ


"ომონის" სპეცრაზმელის დასისხლიანებული ფორმა ბუჩასთან მძიმე ბრძოლების შემდეგ
"ომონის" სპეცრაზმელის დასისხლიანებული ფორმა ბუჩასთან მძიმე ბრძოლების შემდეგ

ციმბირში გუბერნატორს გაბრაზებული მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მთავრობა დაადანაშაულეს ახალგაზრდების მოტყუებასა და მათ უკრაინაში გაგზავნაში „საზარბაზნე ხორცად“.

კემეროვოს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ცივილიოვის დაპირისპირება ქალაქ ნოვოკუზნეცკის მცხოვრებლებთან მოქალაქემ გადაიღო და 5 მარტს ინტერნეტში ატვირთა.

ცივილიოვის ადმინისტრაციის ვებსაიტზე შეხვედრა ნახსენები არ არის და მისმა წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. რადიო თავისუფლების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ კონფრონტაცია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. ამ რაზმის წევრები უკრაინაში დაიღუპნენ და ტყვედ ჩავარდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს თავდასხმის განკარგულება გასცა.

ნოვოკუზნეცკის „ომონის“ საწვრთნელ ბაზაზე შეხვედრის ფონია კრემლის მცდელობა, გააკონტროლოს ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. ამ ძალისხმევის ნაწილია ახალი კანონი, რომელიც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის.

მას შემდეგ, რაც ცივილიოვმა შეკრებილებს მიმართა, ქალმა წამოიყვირა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ „ყველას ატყუებდნენ“.

„არავის არავინ მოუტყუებია“, უპასუხა ცივილიოვმა.

მეორე ქალმა კი უპასუხა: „ისინი იქ საზარბაზნე ხორცად გააგზავნეს“.

დაძაბული კამათის დროს ერთმა ქალმა იკითხა, თუ სად იმყოფებოდა გუბერნატორის ვაჟი.

„უნივერსიტეტში სწავლობს“, უპასუხა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა 6 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვის თავდასხმის შემდეგ 11 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ომს მოჰყვა უპრეცედენტო სანქციები, რომლის სამიზნეც რუსეთის ეკონომიკა და პოლიტიკური ელიტაა.

დახოცილი ჯარისკაცების რაოდენობის დამოუკიდებელი გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით მწირ ინფორმაციას აქვეყნებს. მათ 2 მარტს განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ 498 ჯარისკაცი დაიღუპა.

მსხვერპლი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებში

რადიო თავისუფლებამ ზუსტად ვერ დაადგინა, თუ ვინ ესწრებოდა შეხვედრას ნოვოკუზნეცკში ან როდის ჩატარდა ის, თუმცა, არსებულ ვიდეომასალასთან შედარების შემდეგ ცხადად ჩანს, რომ შეხვედრა ქალაქის ომონის ბაზაზე მიმდინარეობდა.

ნოვოკუზნეცკის ომონის წევრები იყვნენ იმ რუს მებრძოლებს შორის, რომლებიც ქალაქ ბუჩაში - კიევიდან 20 კილომეტრის მოშორებით - დაიხოცნენ და ტყვედ ჩავარდნენ. ბრძოლის შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს ომონის უნიფორმები და აღჭურვილობა განადგურებულ რუსულ სამხედრო მანქანებსა და გვამებს შორის.

კადრებში ასევე ჩანს რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმის მარკირება, რომლებიც ცივილიოვის რეგიონის, კუზბასის ქვედანაყოფს ეკუთვნის.

უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი სულ მცირე ორი რუსი ამბობს, რომ ნოვოკუზნეცკის ომონს წარმოადგენს, თუმცა რადიო თავისუფლებამ ვერ დაადგინა, რა სახის ზეწოლის ქვეშ იყვნენ ისინი ჩვენების მიცემამდე.

ერთ-ერთი ტყვე ჰყვება, რომ მას და სხვა მებრძოლებს თებერვალში უთხრეს, რომ წვრთნებზე აგზავნიდნენ, შემდეგ ბელარუსში აღმოჩნდნენ, სადაც ბოლოს აუხსნეს, რომ უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

მისი ნაამბობი ემთხვევა უკრაინაში გაუჩინარებული კიდევ ერთი ნოვოკუზნეცკელი ომონელის მეგობრის მიერ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისთვის მონაყოლს.

„ყველას გვითხრა, რომ ბელარუსში აგზავნიდნენ წვრთნებზე“, - განაცხადა მეგობარმა, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, რადგან პატიმრობის ეშინია. „ბოლოს შეჭრის წინ ველაპარაკე. ვიდეო გამომიგზავნა, სადაც ამბობდა, რომ ავტომობილებიდან ნომრის მოხსნა აიძულეს და ტელეფონი ჩამოართვეს. მეტი მისგან არაფერი მსმენია“.

მძიმე ბრძოლების შედეგი ქალაქ ბუჩაში, კიევთან დაახლოებით 20 კილომეტრში, სადაც რამდენიმე რუსი მებრძოლი მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს უკრაინის ძალებმა.
მძიმე ბრძოლების შედეგი ქალაქ ბუჩაში, კიევთან დაახლოებით 20 კილომეტრში, სადაც რამდენიმე რუსი მებრძოლი მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს უკრაინის ძალებმა.

მეგობრის თქმით, ვიდეოს გამომგზავნი ომონელი „იმ ხიდზე“ დაიღუპა - სავარაუდოდ, იგულისხმება ბუჩის ბრძოლის დროს განადგურებული ხიდი.

„მეთაურები დუმან და არაფერს ამბობენ. ბიჭებიც ბევრს არაფერს ამბობენ, როდესაც თავისიანებს ურეკავენ, რადგან ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა და ციხეში მოხვედრა არავის სურს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ყველა შეშინებულია და არავის არაფერი ესმის“.

„ანუ, როდესაც ყველა მოკვდება?“

ცივილიოვმა შეკრებილებს უთხრა, რომ რუსეთის მთავრობა სწორად იქცეოდა, როდესაც უკრაინაში შეჭრის დეტალებს არ ასაჯაროებდა - კრემლი ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

აუდიტორიიდან მას უპასუხეს, რომ „ჩვენი ბიჭები“ თავდასხმისთვის არ მოუმზადებიათ და მათ „არ იცოდნენ, რა მიზანი აქვთ“.

ცივილიოვმა, როგორც ჩანს, შეკრებილთა დამშვიდება სცადა და შედარებისთვის მაგალითად მოიყვანა საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში - თავდასხმა, რომელმაც ოფიციალურად 15 ათასი საბჭოთა ჯარისკაცის და მილიონობით ავღანელის სიცოცხლე შეიწირა და რომელიც სსრკ-ის დაშლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა. „მაშინაც, მათ, ვინც პირველები გააგზავნეს ავღანეთში, არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. მხოლოდ ჩასვლის შემდეგ გაიგეს“, - თქვა ცივილიოვმა და დასძინა - მათგან ზოგი ახლაც ცოცხალიაო.

„არ უნდა გავაკრიტიკოთ. როდესაც ყველაფერი დამთავრდება, და ეს მალე მოხდება...“ - ცივილიოვს ფრაზა აუდიტორიაში მყოფმა ქალმა შეაწყვეტინა: „ანუ, როდესაც ყველა დაიხოცება?“

XS
SM
MD
LG