Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ისთვის დავა სასამართლოში და მის მიღმა


"რუსთავი 2"-ის სტუდია
"რუსთავი 2"-ის სტუდია

„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე. მხარეები ერთმანეთის შუამდგომლობებს გაეცნენ. სასამართლომ შუამდგომლობათა ნაწილი დასაშვებად მიიჩნია. პარალელურად, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში არ შევიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება, საკანონმდებლო ორგანოს მიეღო განცხადება მედიაში და, კონკრეტულად, „რუსთავის 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების თაობაზე. ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მედიაექსპრეტები„რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესში პოლიტიკურ კვალს ხედავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან დაკავშირებულ სარჩელთან მიმართებით არ დააკმაყოფილა მოპასუხის 3 შუამდგომლობა, მათ შორის, მოსამზადებელი სხდომის გადადების, ასევე მოსამართლის აცილების თაობაზე და ის, რომ სარჩელი მოსამართლეთა კოლეგიას განეხილა, თუმცა დასაშვებად მიიჩნია „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა, რომ სასამართლოზე დაიკითხოს ექსპერტი, რომელმაც ტელეკომპანიის 2012-14 წლების ფინანსური დასკვნა გააკეთა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004-2006 წლებში „რუსთავი 2“-ის თანამფლობელი იყო, სასამართლოს წელს, აგვისტოში, მიმართა. მისმა ადვოკატებმა სარჩელის უზრუნველსაყოფად ითხოვეს ტელეკომპანიის ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე უარი თქვა, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს აუკრძალა წილების გაყიდვა. 30 სექტემბერს საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ პარტნიორების, ძმები ყარამანიშვილების, წილებიც, თუმცა უარი თქვა მათი საბანკო ანგარიშებისთვის ყადაღის დადებაზე. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განმარტებით, ახალი სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც 29 სექტემბერს საჯარო რეესტრის ოფიციალურვებსაიტზე გამოქვეყნდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ძმები ყარამანიშვილები აპირებდნენ „ტელეკომპანია საქართველოში“ თავიანთი წილები გადაეცათ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის, ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის.

დღეს ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. „რუსთავი 2“ არის რეპრესიული მექანიზმის მსხვერპლი. ის, რომ ვიღაც არ შემოვარდნილა ჩვენს ეთერში და კაბელი არ გადაუჭრია, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გვხურავს...
ნიკა გვარამია

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ტელეკომპანია 6 მილიონი დოლარიინვესტიციის მოზიდვას დავით კეზერაშვილის ნათესავის დახმარებით აპირებდა. ნიკა გვარამიამ ხელისუფლება დაადანაშაულა სასამართლოს გამოყენებით არხის მაუწყებლობის პრაქტიკულად შეწყვეტაშიდა ამის თაობაზე ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადაცემა „არჩევანშიც“ ილაპარაკა:

„დღეს ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. „რუსთავი 2“ არის რეპრესიული მექანიზმის მსხვერპლი. ის, რომ ვიღაც არ შემოვარდნილა ჩვენს ეთერში და კაბელი არ გადაუჭრია, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გვხურავს“.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანლობა საქმის წარმოების პირველივე ეტაპიდან ცდილობს საქმის პოლიტიზებას, რაც, მისი თქმით, უსაფუძვლოა:

„რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი დავის დაწყების პირველივე დღიდან ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და აკეთებს დაუსაბუთებელ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სასამართლო არის მიკერძოებული, თითქოსდა ქიბარ ხალვაშის უკან დგას სახელმწიფო. ეს ყოვლად აბსურდული განცხადებებია“.

საკითხის პოლიტიკურ მდგენელზე მიუთითებენ მედიაექსპერტები. ნინო დანელიას თქმით, ხელისუფლება და, მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს არჩევნების წინ აღარ არსებობდეს ისეთი გავლენიანი მედიასაშუალება, როგორიც არის „რუსთავი 2“:

ჩვენ უნდა ავიტანოთ ნებისმიერი ტიპის მედია, რომელიც არის შიდა ბაზარზე და არ უნდა ვეცადოთ მანიპულირებას და გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენებას. ეს არის ძალიან ნათელი და ცხადი რეცეპტი...
ლაშა ტუღუში

„იმისათვის, რომ მან ჩაახშოს ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი არხი, ის გადავიდა უკვე აბსოლუტურად უკანონო, სრულიად ველურ მეთოდებზე“.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, საკითხს მაინც დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი. ასე აღიქვამს ამას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაც და, შესაბამისად, ამგვარი პროცესი საზიანოა მთლიანად ქვეყანაში არსებული მედიაგარემოსა და თავად ხელისუფლებისთვისაც:

„ჩვენ უნდა ავიტანოთ ნებისმიერი ტიპის მედია, რომელიც არის შიდა ბაზარზე და არ უნდა ვეცადოთ მანიპულირებას და გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენებას. ეს არის ძალიან ნათელი და ცხადი რეცეპტი და ამას ვურჩევდი ხელისუფლებას“.

ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლები კი „რუსთავი 2“-ის საქმეს ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებენ.

„რუსთავი 2“- თან დაკავშირებულ და, ზოგადად, მედიაში შექმნილ ვითარებასთან მიმართებით განცხადების მიღებისკენ მოუწოდა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეპუტატებს, მაგრამ პარლამენტის ბიურომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა. საპარლამენტო უმცირესობა, რეგლამენტის თანახმად, საკითხის პლენარულ სხდომაზე დაყენებას მაინც აპირებდა, მაგრამ პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა და მომდევნო კვირაში გაიმართება.

საქალაქო სასამართლოში კი „რუსთავი 2“-ის წილების სარჩელთან დაკავშირებული საქმის არსებითი განხილვა 18 ოქტომბრისთვის დაინიშნა. ამ დღეს სასამართლოს შეკითხვებს უპასუხებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი შოთა ივანაშვილი, რომელმაცტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის 2012-14 წლების ფინანსური დასკვნა გააკეთა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG