Accessibility links

ინფორმაციის სიმწირეში ჩაკარგული დიდი ტურისტული პოტენციალი


ქვემო ქართლში მრავლადაა ისტორიული ძეგლები თუ ბუნების ღირსშესანიშნაობები, მაგრამ უცხოელი ტურისტები მაინც ყველაზე მეტად საქართველოს სხვა ადგილებს ეტანებიან. რა არის ამის მიზეზი და რით შეიძლება შიდა ტურიზმით გატაცებული თუ უცხოელი სტუმრების მოხიბვლა?

ბატონი ვასო, დაახლოებით 50 წლის მამაკაცი, ბოლო ორი წელია საკუთარი მინივენის ტიპის მანქანით კლიენტებს, მათ შორის ტურისტებს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ემსახურება. ადგილობრივი მგზავრები თბილისიდან რუსთავშიც გადაჰყავს. ისე მოხდა, რომ ამას წინათ ამ გზაზე ჩვენც დავემგზავრეთ და მასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ. აღმოჩნდა, რომ პირდაპირ ყაზბეგიდან მოდიოდა. იქ პოლონელი ტურისტები აუყვანია. მომდევნო დღეს არაბი ტურისტების წაყვანას გეგმავდა იმავე ყაზბეგში.

ჩვენს კითხვაზე, მომსახურებია თუ არა ტურისტებს ქვემო ქართლის მიმართულებით, გვიპასუხა, რომ არა. მისი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების დიდ ნაწილს არც კი სმენია ქვემო ქართლის ისტორიული ძეგლებისა თუ ბუნების წარმტაცი ადგილების შესახებ. სათანადოდ არ ვრცელდება ინფორმაცია, არ ხდება რეკლამირება.

ბატონი ვასო დარწმუნებულია, რომ, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის შემთხვევაში, ტურისტები ქვემო ქართლითაც დაინტერესდებიან.

ლევან ჟვანია, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ტურიზმს კურირებს, ამბობს, რომ რეგიონი ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა აღიარებს, რომ საინფორმაციო და სარეკლამო მიმართულება გასააქტიურებელია.

საამისოდ მხარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნა. სულ ცოტა ხანში ასეთი ცენტრი მარნეულშიც იქნება. გარდა ამისა, დადგინდება ახალი ტურისტული მარშრუტები, დაიბეჭდება რუკები და სარეკლამო ბუკლეტები, ინტერნეტში შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება. მისივე თქმით, ამ პროცესის ზოგიერთი კომპონენტი დასრულებულია კიდეც.
ჟვანიას ინფორმაციით, ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სულ მალე დაიწყებენ ახალი სამთო-საფეხმავლო ბილიკების მარშრუტის შედგენაზე მუშაობას.

საინტერესოა, რომ ჩვენი რესპონდენტის, მინივენის მეპატრონის, ბატონ ვასოს დაკვირვებით, ტურისტების დიდ ნაწილს ძირითადად ბუნება აინტერესებს, რუსეთიდან და ისრაელიდან ჩამოსულებს კი - ისტორიული და საკულტო ნაგებობებიც. ლევან ჟვანიას განცხადებით, ქვემო ქართლში ისეთი ადგილებია, რომლებიც სწორედაც რომ მიმზიდველია თავისი ბუნებით. ამ ყველაფრის ნახვა ერთ დღეშია შესაძლებელი, რაც ქვემო ქართლის ტურისტულ მიმზიდველობას ერთიორად ზრდის.

თუმცა კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის ერთ-ერთი პროექტის კოორდინატორი მარიკო წიქორიძე შენიშნავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას და მასთან ერთად მთავრობას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი როგორც ეკოლოგიური, ისე ტურისტული თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. საუბარია ტყის გადარჩენასა და სათანადო მოვლაზე. მარიკო წიქორიძის თქმით, კავკასიის გარემოსდაცვითმა ქსელმა უკვე მიმართა მთავრობას თხოვნით, თბილისის მიმდებარედ არსებული კრწანისის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი მიენიჭოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG