Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტებმერს, 11 წლის შვილთან ერთად აპირებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხის ღია ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა, 2015-2016 წლებში ოდესის ოლქის გუბერნატორმა, უკრაინის მოქალაქეობა მიმდინარე წლის ივლისში დაკარგა. სააკაშვილი 2015 წლიდან აღარც საქართველოს მოქალაქეა. ორიოდე კვირის წინ, უკრაინამ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ასევე მიიღო სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადაციის მოთხოვნა. მიხეილ სააკაშვილს კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მის მიერ დაფუძნებული პარტიის, „ახალი ძალების მოძრაობის”, წევრები და უკრაინაში მოქმედი სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ელიან.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან 10 სექტემბერს, 12 საათზე ელიან. ამასთან, ელიან როგორც მხარდამჭერები, ასევე საგანგებოდ მობილიზებული პოლიტიკური მოწინააღმდეგენიც. განსაკუთრებული სამზადისი აქვს უკრაინის ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენლებმაც რამდენიმე დღის წინ ღიად განაცხადეს, რომ არ შეუშვებდნენ სააკაშვილს უკრაინაში. ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ აპირებს გეგმის შეცვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცეცხლის გახსნით დაემუქრებიან, თუმცა იქვე შენიშნა, რომ ამ მუქარისა არ სჯერა:

„იცით, ისინი, ვინც სროლას აპირებენ, ამის შესახებ წინასწარ განცხადებას არ აკეთებენ. ეს ერთი. მეორე ის, რომ ვისგანაც ეს მუქარა მოდის, თავისთავად, არაფერს წარმოადგენენ. აშკარაა, რომ სპეციალურად ხდება ვითარების დაძაბვა. სპეციალურად, ჩვენი პოლონელი მეგობრების გასაგონად აცხადებდნენ, რომ შესაძლოა საზღვარზე დაიწყოს არეულობა, სროლა... ამით ეუბნებიან, რად გინდათ ეს პრობლემები? რა საჭიროა სააკაშვილის საზღვარზე გატარება? უმჯობესი იქნება, თუკი თქვენთან დარჩებაო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვისაც სროლა უნდა, ის წინასწარ არავის აფრთხილებს. ასეც რომ არ იყოს, ვის უნდა ესროლონ? მე, მაგალითად, ჩემ 11 წლის შვილთან ერთად ვბრუნდები. ჩვენთან ერთად, ალბათ, იქნებიან ევროპარლამენტის წევრები. ასევე, არ გამოვრიცხავ, პოლონეთის პარლამენტის წევრებსაც“.

კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

კრაკოვეცის გამშვები პუნქტის მახლობლად, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკვე იჭერენ თადარიგს და კარვებს შლიან. აქვე იმყოფება უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრი, დავით საყვარელიძე, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტასა და უკრაინაში არშეშვებას არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვს:

„არ შეიძლება სახელმწიფომ ადამიანს ჩამოართვას მოქალაქეობა და დატოვოს საზღვრებს მიღმა. ნებისმიერ მოქალაქეობაჩამორთმეულ ადამიანს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავი სასამართლოში და იცხოვროს უკრაინაში, როცა აქ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყველა ხვდება, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ მოძრაობას და გაერთიანებას ბევრი სერიოზული პროდასავლური ძალის. ამის გამო, ივლისში პოროშენკოს დაეწყო პანიკა და ამ ფორმით შემოგვიტია“.

ზოგადად, ალტერნატივა არის, რომ რომელიმე სახელმწიფოში დამკვიდრდე, როგორც უკრაინაში ჩასვლამდე ამერიკაში იყო და იქ იყოს ყოფილ პრეზიდენტად და შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწეოდეს, ანუ პოლიტიკაში აქტიურად არ იღებდეს მონაწილეობას და მოუცადოს უკეთეს დროს, ვითარებას, როდესაც ის შეძლებს – თუნდაც საქართველოში, თუნდაც უკრაინაში – ჩაერთოს პოლიტიკაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მის ტემპერამენტს არ შეესაბამება...
გია ნოდია

კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ასევე შეინიშნება მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების კონცენტრაციის ზრდა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ასევე არ გამორიცხავენ პროვოკაციებს ხელისუფლების მხარმდამჭერი ჯგუფების მხრიდან, თუმცა სააკაშვილის ოპონენტები, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, ყოფილი პრეზიდენტისგან ელიან იგივეს. აი, რა განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა:

„მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიის მასშტაბის ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება. ამისთვის მან საქართველო მიიყვანა უფსკრულის პირას, შემდეგ იგი უკრაინაში გადავიდა და ახლა მზად არის ეს ქვეყანაც უფსკრულის პირას მიიყვანოს“.

პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ შეეგუა აქტიური პოლიტიკიდან თუნდაც დროებით გასვლას. პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ მოეწონა ალტერნატივა – ყოფილი პრეზიდენტის მშვიდი ცხოვრება:

„ზოგადად, ალტერნატივა არის, რომ რომელიმე სახელმწიფოში დამკვიდრდე, როგორც უკრაინაში ჩასვლამდე ამერიკაში იყო და იქ იყოს ყოფილ პრეზიდენტად და შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწეოდეს, ანუ პოლიტიკაში აქტიურად არ იღებდეს მონაწილეობას და მოუცადოს უკეთეს დროს, ვითარებას, როდესაც ის შეძლებს – თუნდაც საქართველოში, თუნდაც უკრაინაში – ჩაერთოს პოლიტიკაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მის ტემპერამენტს არ შეესაბამება, უნდა იყოს მოვლენათა ცენტრში. უკრაინაში ჩასვლის ფაქტი – გინდა შეუშვან და გინდა – არა, ნიშნავს, რომ ის აქტიურია, იბრძვის, გამწვავებაზე მიდის და მოქმედებს, როგორც პოლიტიკოსი“.

მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს როგორც პოლიტიკოსი, რომელიც მიუღებელია უკრაინის ხელისუფლებისათვის. იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, ერთია ამა თუ იმ პოლიტიკოსის პოლიტიკური მიუღებლობა და მეორე – მოქმედი საერთაშორისო ნორმები. ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, არ შეუშვას ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და შემდეგ საქართველოში ექსტრადიციის პერსპექტივას, ლევან ალაფიშვილი იხსენებს უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, არ შეუშვან მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში.

„თუკი ეს პოზიცია ბოლომდე იქნა დაცული, ყოველგვარი მსჯელობა მის დაკავებაზე, ექსტრადირების პროცედურების დაწყებაზე და ა.შ. სამართლებრივ საფუძველს და მსჯელობისთვის აზრს კარგავს, რადგანაც სახელმწიფოს პირის დაკავება ან სხვაგვარად თავისუფლების აღკვეთა თუ ექსტრადირების პროცედურების დაწყება შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პირი მოექცევა მის სამართლებრივ სივრცეში, იურისდიქციაში, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რაც გადაკვეთს საზღვარს და შევა უკრაინის სამართლებრივ სივრცეში, თუკი ეს არ მოხდა, მაშინ ბუნებრივია, უკრაინას არ ექნება უფლება დააკავოს სხვა ქვეყნის ან ნეიტრალურ ტერიტორიაზე ნებისმიერი პირი“, – უთხრა ლევან ალაფიშვილმა რადიო „თავისუფლებას“.

თუმცა, თავად მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეეცდება მის მოტაცებას და დაპატიმრებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც აპირებს 10 სექტებმერს პოლონეთიდან უკრაინაში შესვლას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG