Accessibility links

როგორ და რატომ ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინის პასპორტით ჩაფრინდა შეერთებული შტატებიდან პოლონეთში და აპირებს ევროპის სხვა ქვეყნებში ჩასვლასაც, ვიდრე უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს. სწორედ პასპორტს უკავშირდება ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელმაც თავი იჩინა მას შემდეგ, რაც 4 აგვისტოს გავრცელდა ცნობა ვარშავაში სააკაშვილის ვიზიტზე მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 7 აგვისტოს ვარშავაში ესაუბრა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი, ალექსეი ძიკოვიცკი, და, პირველ რიგში, სწორედ ის ჰკითხა, თუ რა დოკუმენტით ჩავიდა სააკაშვილი პოლონეთში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, გასულ თვეში, 26 ივლისს, ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, როცა ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სხვა ქვეყნის პასპორტი სააკაშვილს, მისივე თქმით, არა აქვს.

„ამერიკიდან გამოვემგზავრე უკრაინის პასპორტით და პოლონეთში შემოვედი უკრაინის პასპორტით. როგორც ჩანს, ყველა ქვეყანა მაშინვე არ ცნობს იმათ ახირებებს, ვინც უცებ გადაწყვიტა საბჭოთა დიქტატორული მეთოდებით მოქმედება. სულ ეს არის“, - ამბობს სააკაშვილი. ის „საბჭოთა დიქტატორულ მეთოდებში“ ადანაშაულებს კაცს, რომელმაც ის ჯერ თავის მრჩევლად დანიშნა, შემდეგ კი ოდესის გუბერნატორად.

საუცხოოდ ვუგებთ პოლონელებს, რასაც გრძნობენ, რადგან ჩვენი ისტორიაც გადარჩენისათვის ბრძოლაა, მუდამ ყოფნა-არყოფნის, არსებობა-არარსებობის მიჯნაზე დგომა. და ჩვენ ძალიან ხშირად, მეტისმეტად ხშირად ვქრებოდით რუკიდან, როგორც პოლონეთი, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდით, როგორც პოლონეთი...

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ სააკაშვილი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მთავარ მიზნად ასახელებს უკრაინის სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვას.

„ჩემი პოლიტიკური გეგმები მხოლოდ უკრაინასთან არის დაკავშირებული ახლა, ამ ეტაპზე. რასაკვირველია, არც საქართველო მავიწყდება, მაგრამ საქართველო არასოდეს იქნება წარმატებული, თუ უკრაინა გარღვევას ვერ მიაღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩემი გეგმები უკავშირდება უკრაინას. ვფიქრობ, რომ უსამართლობა მოხდა! მე უნდა დავბრუნდე, სასამართლოში დავიცვა ჩემი უფლებები. ჩემთვის ეს არის მთავარი! მე ახლა ევროპაში ვმოგზაურობ, შევხვდები პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, მაგრამ, მთლიანობაში, ჩემი მიზანი არ არის მათთან უკრაინაზე საუბარი. უკრაინაში ვითარებაზე საკუთრივ უკრაინაში ვისაუბრებ. ჩემი მიზანია, მივიღო სასამართლოში მისვლის უფლება“, - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს პოლონეთში რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის კორესპონდენტს.

ასევე 7 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთს მიმართა თხოვნით, დაედგინა, იმყოფება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთის ტერიტორიაზე. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ვარშავის საოლქო პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის, ლუკაშ ლაპინსკის, განცხადება, რომ ვარშავის პროკურატურამ ორშაბათს მიიღო შესაბამისი მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან და, თავის მხრივ, პროცედურის გათვალისწინებით, პოლიციასა და სასაზღვრო სამსახურს მიმართა.

ვარშავიდან 4 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება. 4 აგვისტოს ის დაესწრო პოლონელებისათვის ისტორიულად და ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის, ვარშავის 1944 წლის აჯანყების, წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელებსა და მათ ქვეყანას „აგრესორის წინააღმდეგ უკრაინისა და საქართველოს ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის“.

„პოლონეთის ჰიმნში, რომელიც ჩვენც ზეპირად ვიცით - ყველამ, ვისაც თავისუფლება გვიყვარს, ნათქვამია, პოლონეთი ჯერ არ დაღუპულაო. და ეს არის დილემა, რომელიც მუდამ ჰქონდათ ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენელიც მე ვარ - ჩემს მშობლიურ საქართველოსაც და უკრაინასაც. საუცხოოდ ვუგებთ პოლონელებს, რასაც გრძნობენ, რადგან ჩვენი ისტორიაც გადარჩენისათვის ბრძოლაა, მუდამ ყოფნა-არყოფნის, არსებობა-არარსებობის მიჯნაზე დგომა. და ჩვენ ძალიან ხშირად, მეტისმეტად ხშირად ვქრებოდით რუკიდან, როგორც პოლონეთი, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდით, როგორც პოლონეთი“, - ეს სიტყვები წარმოთქვა სააკაშვილმა ვარშავაში, 1944 წლის აჯანყების მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

ჩემთვის სიმბოლურია, რომ აქ, ამ ადგილას, ვიმყოფებით აგვისტოში. აგვისტოა ის დრო, როცა რამდენიმე წლის წინ საქართველო კინაღამ გაქრა რუკიდან...

ვარშავის აჯანყება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ ევროპაში მოწყობილი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ამბოხება იყო, 1944 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორი თვე გაგრძელდა.

„ჩემთვის სიმბოლურია, რომ აქ, ამ ადგილას, ვიმყოფებით აგვისტოში. აგვისტოა ის დრო, როცა რამდენიმე წლის წინ საქართველო კინაღამ გაქრა რუკიდან. სრული გაქრობიდან რამდენიმე დღით ვიყავით დაშორებული, როცა რუსეთის არმია დადგა თბილისის მახლობლად, ცდილობდა თბილისში შემოჭრას. მაშინ გადაგვარჩინა ჩვენი ჯარისკაცების გმირულმა წინააღმდეგობამ. მაგრამ ფაქტია, რომ გადაგვარჩინა ლეხ კაჩინსკიმაც, რომელიც ჩამოვიდა თბილისში და ფიზიკურად დადგა საქართველოს დედაქალაქის დასაცავად თავისუფლების ფრონტის ხაზზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იმავე დღეს, 4 აგვიტოს, სააკაშვილმა ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა ინტერნეტპორტალ „ერემეფ 24“-ს, რომ ვარშავაში შეხვდა პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“, წარმომადგენლებს ამ პარტიასა და უკრაინაში თავის პოლიტიკურ ძალას, „ახალი ძალების მოძრაობას“ შორის თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG