Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამკვირვებლო ორგანიზაციები წინასაარჩევნო კამპანიას აფასებენ


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ, -აღნიშნულია სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთობლივ შეფასებით დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია პლურალისტური მედიაგარემოს, ადმინისტრაციული რესურსების არამასობრივი გამოყენებისა და ზეწოლის ფაქტების სიმცირით ხასიათდებოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თანხმდებიან, რომ კამპანიას ცალკეული ძალადობრივი ინციდენტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დაშინებისა და აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა არ არსებობს საფუძველი ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე არსებითი გავლენა მოახდინა.

წინასაარჩევნო კამპანია 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ძალადობრივი აქტების მხრივ განსაკუთრებით დაძაბული უშუალოდ არჩევნების წინა დღეები გამოდგა. სწორედ ამის ხაზგასმით დაიწყო წინასაარჩევნო გარემოს შეფასება „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ:

“წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას სერიოზული ზიანი მიაყენა რამდენიმე დღით ადრე განხორციელებულმა ძალადობრივმა აქტებმა, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის დეპუტატის ავტომანქანის აფეთქებამ, ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდასხმამ და მმართველი პოლიტიკური პარტიის აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა. ასევე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინტენსიური გახდა ფარული და უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტები, რომელიც, ჩვენი აზრით, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში მიმართული იყო იმისკენ, რომ ამომრჩევლის ნებაზე მოეხდინა თავისი გარკვეული გავლენა“.

ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი, როგორც ასეთი, აქ არ დარღვეულა, იმიტომ რომ ერთი წლით ადრე იქნა მიღებული, დაახლოებით, ეს ცვლილებები, თუმცა, იმიტომ რომ ეს პროგრამები დაიწყო ზუსტად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ვფიქრობთ, რომ გარკვეული გავლენა შეეძლო მოეხდინა ამ პროგრამებს ამომრჩეველზე...
ეკა გიგაური

ამ ფაქტებმა კი, მთლიანობაში, მიხეილ ბენიძის შეფასებით, გარკვეული ძალადობრივი გარემო შექმნა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ეფექტური გამოძიება აწარმოოს და ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გასცეს. დასკვნაში საუბარია იმაზეც, რომ გამოძიებას სამართალდამრღვევები არ გამოუვლენია ოპოზიციური პარტიების ოფისებზე არაერთი თავდასხმის და, განსაკუთრებით, კამპანიის ბოლო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების პლაკატებისა და საარჩევნო ბანერების განზრახ დაზიანების ფაქტებზე.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მისი მასშტაბი დიდი არ ყოფილა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მაინც აღსანიშნავია. მათ შორის მან დაასახელა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების, სავარაუდოდ, საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე ზოგიერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლები საეჭვო გარემოებებში გათავისუფლდნენ. ეკა გიგაური ყურადღებას ამახვილებს, ასევე, სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური რესურსების გამოყენებაზე:

“რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას, აქ, ფაქტიურად, გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც, მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში არ დაგეგმილა, მაგრამ დაიწყო. ეს არის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობის პროგრამა და ასევე პენსიების მატება. ცხადია, ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი, როგორც ასეთი, აქ არ დარღვეულა, იმიტომ რომ ერთი წლით ადრე იქნა მიღებული, დაახლოებით, ეს ცვლილებები, თუმცა, იმიტომ რომ ეს პროგრამები დაიწყო ზუსტად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ვფიქრობთ, რომ გარკვეული გავლენა შეეძლო მოეხდინა ამ პროგრამებს ამომრჩეველზე“.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

ეკა გიგაური აქვე შენიშნავს, რომ, წინა წლებთან შედარებით, უფრო ხშირი იყო წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისთვის მატერიალური ფასეულობების გადაცემა, გადაცემის დაპირება ან მომსახურების გაწევა. აქვე იგი ლაპარაკობს მედიაგარემოს შესახებ და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, მედიაგარემო პლურალისტული იყო და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ჰქონდათ მოსახლეობისთვის საკუთარი ხედვები და პროგრამები გაეცნოთ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ფონი იყო გაცილებით უკეთესი, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ ჩაიარა ზეწოლა-მუქარისა თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე:

“ასეთი ფაქტები არ ყოფილა მასობრივი, თუმცა მაინც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები თუ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ტელეეთერში თვითონ პოლიტიკური ფიგურები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტები და, ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ძალიან უჭრდათ ცალსახად დაეგმოთ ასეთი ფაქტები, გამიჯვნოდნენ ძალადობას და რიგ შემთხვევებში მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ირიბად თუ პირდაპირ წახალისებას, რაც ძალიან სამწუხაროა“.

ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ასეთი ფაქტები არა მარტო აზიანებს საარჩევნო გარემოს, არამედ ცუდად მეტყველებს პოლიტიკოსთა პოლიტიკურ კულტურაზეც. იგი აქვე ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სახელით ამბობს, რომ არჩევნების მშიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარება ხელისუფლებასთან ერთად ყველა პოლიტიკური სუბიექტის მოვალეობაცაა და მნიშვნელოვანია, რომ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა მაღალი სამოქალაქო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ყველაფერი გააკეთონ არჩევნების ცივილიზებურად ჩასატარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG