Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპუბლიკა სრპსკა სადავო რეფერენდუმის წინ


მილორად დოდიკი
მილორად დოდიკი

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბული ნაწილის, რეპუბლიკა სრპსკას, პრეზიდენტი მილორად დოდიკი 22 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხვდება. ამ შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბიულ ნაწილში 25 სექტემბრისათვის დაგეგმილი რეფერენდუმი, რომლის ჩატარებასაც ბოსნიის უზენაესი სასამართლო ეწინააღმდეგება. ამ რეფერენდუმის ნამდვილ მიზანსა და მოსკოვში ვიზიტის ამოცანებზე მილორად დოდიკს ბანია-ლუკაში, ჩვენი რადიოს ბალკანური სამსახურის თანამშრომელი ესაუბრა.

მილორად დოდიკი აცხადებს, რომ, მიუხედავად უზენაესი სასამართლოს დადგენილებისა, აუცილებლად ჩატარდება 25 სექტემბრისათვის დაგეგმილი რეფერენდუმი, რომელიც რეგიონში 9 იანვრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ეხება. დოდიკი არ იზიარებს იმ იურისტებისა და პოლიტიკოსების შეშფოთებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ რეფერენდუმს ერთგვარი „ფარული დღის წესრიგი“ აქვს და ძირს უთხრის დეიტონის შეთანხმების შედეგად წარმოქმნილ ძალთა თანაფარდობას ბოსნია-ჰერცეგოვინაში, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში მომავალში გამოყოფის საკითხიც დადგეს:

რეპუბლიკა სრპსკა სადავო რეფერენდუმის წინ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:18 0:00
გადმოწერა

„ჩვენს დღის წესრიგში სულ სხვა საკითხები დგას და არა გამოყოფა. არ ვიცი, დადგება თუ არა მომდევნო წლებში გამოყოფის საკითხი ჩემი თაობის წინაშე. მხედველობაში თუ მივიღებთ იმას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები და როგორ გამოიყენებოდა უხეში ძალა იძულების გზით ძალაუფლების ჩამოსართმევად, მაშინ, ჩემი ვარაუდით, ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რადგან ერთი წვეთიც კი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ძველი ამბავი განმეორდეს“.

ბოსნიელმა სერბებმა „სერბი ხალხის რესპუბლიკა“ 1992 წლის 9 იანვარს გამოაცხადეს, როდესაც ბოსნია ჯერ კიდევ ყოფილი იუგოსლავიის შემადგენელი ნაწილი იყო. რეფერენდუმზე ამ დღესასწაულის საკითხის გატანას ეწინააღმდეგებიან ბოსნია-ჰერცეგოვინაში მცხოვრები ხორვატები და მუსლიმები, რომლებიც ისეთი თარიღის გამოცხადებას უჭერენ მხარს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ ფედერალურ სუბიექტებს აერთიანებთ. პრობლემის ამგვარი გადაწყვეტის მომხრეა ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც 17 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი თავის მიერვე 2015 წლის ნოემბერში მიღებულ დადგენილებას. სასამართლო არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბიული ნაწილის, რეპუბლიკა სრპსკას, გადაწყვეტილებას რეფერენდუმის შესახებ, რაც დისკრიმინაციულია სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ. თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს. სადავოდ ქცეული რეფერენდუმის შესახებ მსჯელობას მილორად დოდიკი ხუთშაბათს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც აპირებს.

„რა თქმა უნდა, მოსკოვში შევეცდები ავხსნა ჩვენში შექმნილი ვითარება, რაც ძალიან ცხადია. ჩვენ ჩავატარებთ რეფერენდუმს. ეს არ არის გამოყოფის ან რაიმეს საწინააღმდეგოდ მიმართული რეფერენდუმი. ეს არის საზოგადოებრივი აზრის ერთგვარი გამოკითხვა იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს ხალხი 9 იანვრის სახელმწიფო დღესასწაულზე, რათა პოლიტიკოსებმა შეძლონ კანონის შეცვლა პარლამენტში. რეფერენდუმი არ არის მიმართული არც ევროპის ინტეგრაციისა და არც დეიტონის შეთანხმების წინააღმდეგ“.

სადავო რეფერენდუმის გამო რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტი, მილორად დოდიკი, სერიოზულ საერთაშორისო ზეწოლას განიცდის. აშშ-ის საელჩომ სარაევოში 17 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაგეგმილი რეფერენდუმი „პირდაპირ ლახავს სასამართლოს გადაწყვეტილებას“ და ძირს უთხრის სასამართლოს ძალაუფლებასა და ბოსნიის კონსტიტუციურ მმართველობას, რაც 1992-95 წლების სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. შეგახსენებთ, რომ, თანახმად დეიტონის ხელშეკრულებისა, რომელიც 1995 წელს დაიდო, ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეიქმნა ორი ავტონომია - მუსლიმთა და ხორვატთა ფედერაცია და სერბთა რესპუბლიკა.

მილორად დოდიკი ეთანხმება შეფასებას, რომ ის, როგორც კანონის და წესრიგის მომხრე, აღიარებს ბოსნია-ჰერცეგოვინას. რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტს თავის დროზე ეკუთვნის ასეთი სიტყვებიც: სერბები ბოსნიაში მხოლოდ ცხოვრობენ, მათი სამშობლო სერბიააო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG