Accessibility links

საგადასახადო ცვლილებების დეტალები მანქანების მფლობელებისთვის


ავტორი: ირინა გურული

გასულ კვირაში უკვე ვისაუბრეთ ნაბიჯებზე, რომლებიც მთავრობის დედოლარიზაციისა თუ ლარიზაციის გეგმაში შედის. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია გადასახადების გაზრდას, რაც, სავარაუდოდ, კიდევ კარგა ხანს დარჩება საზოგადოების მსჯელობის საგნად, 2017 წლიდან კი უშუალოდ დაარტყამს ჯიბეზე მოსახლეობის დიდ ნაწილს, მით უმეტეს, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი დეტალები ხდება ცნობილი ამ ცვლილებების შესახებ.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე მოცემულია კონკრეტული სქემა, თუ რამდენით გაიზრდება აქციზი სხვადასხვა წელს გამოშვებულ ავტომობილებზე.

ეს სქემა საკმაოდ უცნაურად არის აგებული: ერთი მხრივ, ერთწლიანი მანქანების განბაჟება, დაახლოებით, 50 %-ით იზრდება, მეორე მხრივ კი, მაგალითად, 4 წლის მანქანის განბაჟება იგივე რჩება, რაც აქამდე იყო, 5 წლის მანქანის, დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით, მცირდება კიდეც 0,1 ერთეულით, შემდეგ უკვე აქციზის გადასახადი უფრო და უფრო იზრდება და თითქმის ყოველ დამატებით წელზე ემატება ერთეული, 10-წლიანი მანქანის აქციზი ორმაგდება, 11-წლიანი 2,4-ჯერ იზრდება, 12-წლიანის თითქმის სამმაგდება და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ, 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება მე-100 ნაწილი, რომლის თანახმად, გარდამავალ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის განაკვეთების ცვლილებამდე არსებული განაკვეთით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა. ანუ ზრდა ამ ვადამდე შეძენილ მანქანებს არ შეეხება.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მანქანებზე ქონების გადასახადის შემოღებაა.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევა და 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.როგორც პროექტშია აღნიშნული, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.

„კერძოდ, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ლარებში“... - ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტში.

როგორც პროექტშია აღნიშნული, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: 1 წლის ავტომობილზე გადასახადი იქნება 500 ლარი, 1-დან 5 წლამდე - 240 ლარი, 5-დან 10 წლამდე - 120 ლარი, 10 წლის ზემოთ კი - 60 ლარი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG