Accessibility links

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ორი თვის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1.4 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 18 პროცენტით აღემატება.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებისგან შედგება, რომელიც მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში საგრძნობლად გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებული უცხოური პროდუქციის მოცულობამ 1 მილიარდ 67 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ეს კი 15 პროცენტით აღემატება 1 წლის წინანდელ მონაცემებს. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის მეორე შემადგენელს, ექსპორტს, ორი თვის დაზუსტებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 356 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები...
გენადი არველაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის, განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდის ტენდენცია:

„საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, ქმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ბაზრებზე ვითარება გაუმჯობესდა, შედეგად კი ექსპორტის გაზრდასთან ერთად შემცირდა საგარეო სავაჭრო ბალანსის ურყოფითი სალდო - სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის. 2017 წლის იანვარ-თებერვალში ამ სხვაობამ 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპორტის მატებასთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში გაიზარდა იმპორტის წილიც. ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 102 მილიონი დოლარია, რაც 31 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 274 მილიონი დოლარია, რაც 10 %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მზარდი სტატისტიკა აღინიშნება არამარტო ევროკავშირის მიმართულებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, 2016 წლის იანვართან შედარებით, 40 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 129 მილიონი დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 75 %-ით მეტია, ხოლო იმპორტმა 367 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 31 %-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკის გაუმჯობესება პარტნიორ ქვეყნებში სავალუტო კურსის სტაბილიზაციამ გამოიწვია:

„ჩვენი ექსპორტი რეალურ გამოსახულებაში რაოდენობრივად 2016 წელსაც არ შემცირებულა, უბრალოდ, აშშ დოლარებში გამოსახული შემცირდა. მაგალითად, ადრე თუ ვყიდდით პროდუქციას 30 რუბლად, ეს იყო 1 დოლარი და ახლა თუ გავყიდით 30 რუბლად, ნახევარი დოლარი გამოდის. ახლა, ალბათ, გავლენა იქონია ლარის კურსის დაცემამ და სავაჭრო პარტნიორების კურსის განმტკიცებამ“.

ბესიკ ნამჩავაძე
ბესიკ ნამჩავაძე

ბესიკ ნამჩავაძის მიერ აღწერილ ვითარებას ისიც ემატება, რომ თებერვლის მეორე ნახევარში ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის ექსპორტის შემდგომი ზრდისთვის. ეროვნული ვალუტის კურსისა და ექსპორტის ზრდის ურთიერთკავშირს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს:

„როდესაც ვსაუბრობთ ლარის კურსის გამყარებაზე, ლარის კურსის გამყარება თუ იმპორტს აიაფებს, ექსპორტს აძვირებს. აქედან გამომდინარე ,ქართველი ექსპორტიორი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩადგება მის უცხოელ კონკურენტთან“.

თუმცა ზრდის ტემპის შენელება იმპორტსაც ემუქრება, რადგან აქციზის გაზრდილმა გადასახადებმა მოთხოვნა და მოხმარება საგრძნობლად შეამცირა.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგალითად, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში შემცირდა. 2017 წლის პირველ ორ თვეში მისი წილი მთლიან იმპორტში 5.4,% იყო, მაშინ როცა წინა წლის იანვარ-თებერვალში 7 %-ს აღემატებოდა.

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ორი თვის სტატისტიკა მთელი წლის სურათს ვერ აყალიბებს და რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვის დინამიკა დიდწილად იქნება დამოკიდებული ვალუტის კურსზე, ასევე მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც წლის განმავლობაში შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG