Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო ვაჭრობის ტენდენციები 2014 წელს


სარფის საბაჟო საქართველო-თურქეთის საზღვარზე
სარფის საბაჟო საქართველო-თურქეთის საზღვარზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო ვაჭრობა უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, სავაჭრო პარამეტრები და ბალანსი სერიოზულად ზემოქმედებს ეროვნული ვალუტის მოთხოვნა/მიწოდების ტენდენციებზე და, შესაბამისად, დიდ როლს ასრულებს უცხოური ვალუტების მიმართ მისი კურსის განსაზღვრაში.

დაუზუსტებელი მონაცემებით, 2014 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ 457 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებლებზე 5 პროცენტით მეტია. 2-პროცენტიანი კლებაა ექსპორტის მაჩვენებელში, 2013 წელთან შედარებით (2 მილიარდ 861 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 7-პროცენტიანი მატება -იმპორტის მაჩვენებელში (8 მილიარდ 596 მლნ აშშ დოლარი). შედეგად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რეკორდულად მაღალია და 5,7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. საერთაშორისო ვაჭრობის თეორია ერთმნიშვნელოვნად არ ამტკიცებს, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ცუდია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ის გარკვეულ ვადაში უნდა დაბალანსდეს. უფრო მეტად დასაფიქრებელი ამ ეტაპზე ექსპორტის მაჩვენებლის შემცირებაა. ექსპორტის კლება უახლოეს რამდენიმე წელიწადში მხოლოდ 2009 წელს დაფიქსირდა, ყველა დანარჩენ წელს ექსპორტის მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდებოდა.

თვეების მიხედვით თუ შევხედავთ, ექსპორტმა კლება 2014 წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დაფიქსირდა 12,8-პროცენტიანი ვარდნა. ნოემბერში მიაღწია პიკს - დაფიქსირდა 34,9-პროცენტიანი კლება, შემდგომ 20,3-პროცენტიანი კლება იყო დეკემბრის თვეში. შედარებისთვის: 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტის 61,8-პროცენტიანი ზრდა იყო ნოემბრის და 47,2-პროცენტიანი დეკემბრის თვეებში.

ექსპორტის კლება ძირითადად დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. 2013 წელთან შედარებით, ექსპორტი ქვეყნების ამ ჯგუფზე 10 პროცენტით შემცირდა. ეს კლება დაკავშირებულია რეგიონში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებთან, რამაც, ცხადია, თავისი ასახვა პოვა მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნასა და მათ მსყიდველუნარიანობაზე. დსთ-ს ქვეყნებზე მოდის მთლიანი ექსპორტის 51 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ, ექსპორტის თვალსაზრისით, საქართველოს დამოკიდებულება ამ ქვეყნებზე მაღალია.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ქვეყნების ამ ჯგუფში ექსპორტი 2 პროცენტით გაიზარდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებს საერთო ექსპორტში 22-პროცენტიანი წილი უკავიათ, ამ ზრდამ საერთო სურათზე გავლენა ნაკლებად მოახდინა.

გასათვალისწინებელია სასაქონლო ჯგუფებიც, რომლებსაც შეეხოთ კლებითი ტენდენცია. კლება უმეტესად მსუბუქი ავტომობილების კატეგორიას შეეხო. ამ მხრივ დაფიქსირდა 26-პროცენტიანი ვარდნა. შესაბამისად, მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ექსპორტში შემცირდა 6,1 პროცენტით. ამის მიუხედავად, ამ სასაქონლო ჯგუფს ექსპორტში კვლავ ყველაზე მაღალი პროცენტული წილი უკავია (18,1). მისასალმებელია, რომ ის სასაქონლო ჯგუფები, რომლებიც საქართველოში იწარმოება, გაიზარდა ექსპორტის მთლიან მაჩვენებელში, კერძოდ: ფეროშენადნობები (10 პროცენტამდე), თხილი და სხვა კაკალი (6,4 პროცენტამდე), ყურძნის ნატურალური ღვინოები (6,3 პროცენტამდე), მინერალური წყლები (4,8 პროცენტამდე).

XS
SM
MD
LG