Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა მიიღო საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი იმ ცვლილებების პაკეტი, რომლებიც ცალკეული სახეობის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში დაზუსტდა არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.

კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გადასახადის შემცირების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50,000 ლარიდან 100,000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა დღეს არსებული 100,000 ლარის ნაცვლად, 150,000 ლარს აღემატება.

ცვლილებით ასევე გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, სასაქონლო ზედნადებსა და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები. კერძოდ, სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება: სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება; მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი, თუ საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს; სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, თუ არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

საშეღავათო რეჟიმი შეეხება შიდა ავიაციასაც. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, დღგ-სა და აქციზისგან გათავისუფლდა შიდა საავიაციო რეისებისა და სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება. გარდა ამისა, დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და საავიაციო სამუშაოების მომსახურება.
კიდევ ერთი შეღავათი, რომელიც უკვე 2015 წლიდან მოქმედებს, 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების საკანონმდელო ნორმაა, რომლის მოქმედება, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ცვლილებამ ხელი უნდა შეუწყოს ვადაგადაცილებული მშენებლობების დასრულებას და ამ გზით დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას. საგადასახადო შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე 25 ობიექტის მშენებლობა განახლდა. მათი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარს აღემატება და დასრულება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება. საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით, დამატებით 37 ობიექტის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG