Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები საინვესტიციო სააგენტოს შესახებ კანონში


მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო” მთავრობის კონტროლის ქვეშ გადადის და წელიწადში ორჯერ მისთვის ანგარიშის წარდგენა ევალება. სააგენტოს საქმიანობას ამჟამად კოორდინაციას და ზედამხედველობას სამეთვალყურეო საბჭო უწევს, რომელიც ნიშნავს სააგენტოს დირექტორს.

აღნიშნული უფლებამოსილება ახლა მთავრობის კომპეტენციაში, ხოლო დირექტორის მოხსნა-დანიშვის უფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. ამ ყველაფერს “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 16 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა.

ცვლილების ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მთავარი უპირატესობა საინვესტიციო სააგენტოს რანგის ამაღლებაა. მათი თქმით, სააგენტოს მაღალი რანგი ხელს შეუწყობს სხვადასხვა პოტენციურ ინვესტორებთან უკეთეს წვდომას. კერძოდ, გამარტივდება მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მმართველ მენეჯმენტთან პირდაპირი კომუნიკაცია.

საინვესტიციო აქტივობას რომ მხარდაჭერა და გაძლიერება სჭირდება, ამას საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიც ცხადყოფს:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 914 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წლის დაზუსტებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 912 მლნ აშშ დოლარი იყო. 2014 წლის პირველ ნახევარში კი საქართველოში სულ 415,8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს ინვესტიციები, ცხადია, არასაკმარისია სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ქვეყანაში, თუმცა მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები ნამდვილად ვერ მოახდენს გარდატეხას ამ საკითხში.

კანონპროექტი სხვა ცვლილებასაც ითვალისწინებს: საინვესტიციო სააგენტოს ახალი ფუნქცია მიენიჭება - სააგენტო უფლებამოსილი იქნება განახორციელოს კვლევები და აწარმოოს მონიტორინგი.

საინვესტიციო სააგენტოში აზუსტებენ, რომ პროექტების მონიტორინგი არ გულისხმობს ინვესტორის კერძო საქმიანობის მონიტორინგს, მის დაჯარიმებას და ა.შ., არამედ სააგენტოს აძლევს უფლებამოსილებას აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში საინვესტიციო პროექტების განხილვის პროცესზე აწარმოოს მონიტორინგი.

კანონპროექტის თანახმად, საინვესტიციო სააგენტოს უფლება ეძლევა გამოითხოვოს გარკვეული დოკუმენტები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორმა მიმართა მას შექმნილი პრობლემების გამო. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს საინვესტიციო პროექტების ირგვლივ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგი, რომელიც მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალების ან ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღებული ინფორმაციის შესწავლის გზით.

რეალურად როგორ მოხდება ამ ცვლილებების აღსრულება და ხომ არ გახდება იგი ინვესტიციების განხორციელების პროცესში სააგენტოს დამატებით ბიუროკრატიულ რგოლად ჩართვის წინაპირობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

XS
SM
MD
LG