Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ვალი მსოფლიოსა და საქართველოში


2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გლობალური ვალის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გლობალური მშპ-ის 327 % შეადგინა. ფინანსთა საერთაშორისო ინსტიტუტის ინფორმაციით, გლობალური ვალის ოდენობამ 217 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, 500 მილიარდი დოლარით მეტია.

ფინანსთა საერთაშორისო ინსტიტუტის ცნობით, გლობალური ვალის ეს მოცულობა და 500 მილიარდი დოლარით მისი გაზრდა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საბანკო, კორპორაციულმა და საოჯახო მეურნეობის ვალებმა გამოიწვია.

ეკონომიკის მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00
გადმოწერა

ვალის ყველაზე დიდი მატება აშშ-ის და ჩინეთის ეკონომიკამ აჩვენეს. ვალები ორივე ქვეყანაში 2 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, ჩინეთში ვალმა 32.7 ტრილიონ აშშ დოლარს, ხოლო აშშ-ში 63 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტს მიაღწია. ასევე აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ქვეყნების ვალი 3 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 56 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია, რაც მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 218 %-ია.

რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელმა (44.5 %) საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“-ით დადგენილ 40 %-იან ნიშნულს 2016 წელსაც გადააჭარბა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოს საშინაო ვალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 23,2 %-ით (500,4 მილიონი ლარით) მოიმატა.

2016 წლის მაისის მდგომარეობით, საშინაო ვალის ნაშთი 2,1 მილიარდი ლარი იყო, 2017 წლის მაისში კი ვალის მოცულობამ 2,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

აუდიტის სამსახურის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის ერთ-ერთი ძირითად მიზეზი იყო საშინაო ვალის მობილიზების ტენდენციები, რის შედეგადაც საბიუჯეტო წლის ბოლოს მოსალოდნელი იყო საშინაო ვალის ზღვრული ლიმიტის დარღვევა. საშინაო ვალის გადაჭარბებით მობილიზება გამოწვეული იყო საგარეო წყაროებიდან მისაღები რესურსების მოსალოდნელი შემცირებით;


როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელში არ შედის სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალი, მათ შორის არც ისეთი ვალდებულებები, რომელთა დაფარვაც ხორციელდება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ვალდებულებები წარმოადგენს სახელმწიფოს პირობით ვალდებულებებს და საერთაშორისო სტანდარტებით სახელმწიფო ვალის ნაწილს მიეკუთვნება.

„აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც მოცემული პირობითი ვალდებულება გარდაიქმნება სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებად და მისი დაფარვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ვალის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის შესახებ ინფორმაციის სისრულესა და გამჭვირვალობას“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG