Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სანამ აჩიკო სახლში დაბრუნდება“...


არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას ოჯახთან ერთად, უკვე მეცხრე დღეა, ელოდება მისი კლასელი და მეზობელი გალინა ჯარმელიშვილი. აჩიკო და გალინა მეზობლები იყვნენ სოფელ ყანჩავეთშიც და 2008 წლის ომის შემდეგ - უკვე წილკანში, დევნილთა დასახლებაში. გალინა ახლა რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს აჩიკოს, რომელსაც, მისი სიტყვებით, საკუთარი ძმისგან ვერ არჩევდა. ყველასთვის ასეთი იყო, მეზობლებისთვისაც და მეგობრებისთვისაცო, ამბობს:

„გვერდში დგომა იცოდა ისეთი, გაჭირვებას არ გაგრძნობინებდა. მამა რომ გარდაგვეცვალა, ისე დაგვიდგა გვერდში მე და ჩემ ძმას, როგორც საკუთარი დედმამიშვილი და ახლა, როცა მის ოჯახს უჭირს, როცა მას ასეთი უბედურება დაატყდა თავს, ჩვენ ვერაფრით ვეხმარებით, ვდგავართ და ველოდებით და ასე დაველოდებით, სანამ აჩიკო სახლში არ დაბრუნდება. ის მარტო თავისი ოჯახის ტკივილი არ არის. მთელი სოფლის და მთელი ქვეყნის ტკივილია. მთელი სოფელი ელოდება მის სახლში დაბრუნებას“.

„ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილი“, - ასე მოიხსენიებს 34 წლის არჩილ ტატუნაშვილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი იმ განცხადებაში, რომელიც უწყებამ 23 თებერვალს გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით დააკავეს ის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში. განცხადებისავე თანახმად, ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას დაკავებულმა ბადრაგს პისტოლეტი წაართვა, მისი განიარაღებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განეიტრალების მიზნით კი უშიშროების კომიტეტის წევრებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს. თუმცა მოგვიანებით უშიშროების კომიტეტმა ინციდენტის გარემოება გარკვეული შესწორებებით აღწერა. კერძოდ: ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს არჩილ ტატუნაშვილმა სცადა ერთ-ერთი თანმხლების იარაღს დაუფლებოდა, რაც ფიზიკური ძალითა და სპეცსაშუალებებით იქნა აღკვეთილი. ამის შემდეგ, ცხინვალის უშიშროების კომიტეტის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა, კიბეზე დაეცა, ცხინვალის საავადმყოფოში მიყვანისას კი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

უყვარდა არა მხოლოდ თავისი დაბადების დღე, არამედ განსაკუთრებით უყვარდა, როცა მეგობრები ერთად ვიკრიბებოდით. ცოტა ხნის წინაც ამბობდა, რომ გამოთბება, შევიკრიბოთ და მოვილხინოთო...
გალინა ჯარმელიშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. 2008 წლის იანვარში ერაყში გაემგზავრა საერთაშორისო მისიის შესასრულებლად და საქართველოში ქვედანაყოფთან (I ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში) ერთად 11 აგვისტოს დაბრუნდა. სამშვიდობო ბატალიონი საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, თუმცა, რადიო თავისულების წყაროს ინფორმაციით, ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. აგვისტოს ომის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი, მშობლები და სამი და-ძმა, მშობლიური სოფლიდან, ყანჩავეთიდან, სხვა თანასოფლელებთან ერთად სოფელ წილკანში, დევნილთა დასახლებაში, გადავიდა საცხოვრებლად.

35-ე დაბადების დღე არჩილს ზუსტად ერთ თვეში, 2 აპრილს, უნდა აღენიშნა. გალინა ჯარმელიშვილი ამბობს, რომ აჩიკოს განსაკუთრებით უყვარდა საკუთარი დაბადების დღე და ყოველთვის აღნიშნავდა ხოლმე:

„უყვარდა არა მხოლოდ თავისი დაბადების დღე, არამედ განსაკუთრებით უყვარდა, როცა მეგობრები ერთად ვიკრიბებოდით. ცოტა ხნის წინაც ამბობდა, რომ გამოთბება, შევიკრიბოთ და მოვილხინოთო“...

აჩიკოს მამის მხრიდან გოლიათური აღნაგობის წინაპრები ჰყავდა. იმათ ჰგავდა ისიც. დიდი პაპა, გიგი ტატუნაშვილი, მენშევიკებთან ფარული ურთიერთობის გამო მოკლეს. მეგობრებმა შუაღამისას ყანჩავეთის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს...

არჩილ ტატუნაშვილი არ იყო დაოჯახებული. გალინა ამბობს, „ვეუბნებოდი ხოლმე, შენღა დაგვრჩი კლასიდან დასაოჯახებელი- მეთქი და მიპასუხებდა, ჯერ რა მეჩქარებაო“.

როგორც 34 წლის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ჰყვებიან, ის ოკუპირებულ ახალგორში ხშირად დადიოდა. ახალგორში არჩილს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი გადაჰქონდა და მაღაზიებში აბარებდა. ეს არჩილისა და მისი ოჯახის შემოსავლის წყარო იყო. სოფელ ყანჩავეთში (ოკუპირებული ახალგორის რაიონი) მამაპაპეულ სახლში მისი ბებია ცხოვრობდა და არჩილი მასთან ხშირად რჩებოდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, მეცხრე დღეა, ცხინვალშია. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ოჯახისთვის ცხედრის გადაცემამდე რუსეთიდან ექსპერტიზის პასუხი უნდა მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG