Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები ახალი პოლიტიკური რეალობისათვის


 საპარლამენტო არჩევნები სომხეთში
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ქვეყნის სადავოდქცეულ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლას უკავშირდება, სომხეთის მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. სომხეთში 2 აპრილს გამართული საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკა ეუთომ, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა.

სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებულმა მონაცემებმა თითქმის უცვლელად დატოვა ეგზიტპოლის შედეგი და 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც სათავეში უდგას პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, ხმათა, დაახლოებით, 49,15 % მიიღო.

ყველა თქვენგანმა იცის, რომ ჩვენ ჩავატარეთ კამპანია და ხალხს ვუამბეთ არსებული პრობლემის თაობაზე. პრობლემის მოგვარება დღეს ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული - მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი სომხეთი სურთ და ვის უნდა ენდონ...
გაგიკ ცარუკიანი

ხმათა 27,29 %-ით მეორე ადგილზე გავიდა „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი კოალიციური პარტნიორი, მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსი, რომელსაც პრორუსულად განწყობილი ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანი ხელმძღვანელობს. პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა, რომელიც წარსულში ზოგჯერ მწვავედ აკრიტიკებდა, ზოგჯერ კი, პირიქით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ხალხი წყვეტს არა მხოლოდ არჩევნების, არამედ ქვეყნის ბედსაც.

„ყველა თქვენგანმა იცის, რომ ჩვენ ჩავატარეთ კამპანია და ხალხს ვუამბეთ არსებული პრობლემის თაობაზე. პრობლემის მოგვარება დღეს ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული - მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი სომხეთი სურთ და ვის უნდა ენდონ“, - თქვა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ახალი პოლიტიკური რეალობა.

2015 წლის რეფერენდუმის შედეგად დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, სომხეთში გაძლიერდება პრემიერ-მინისტრის ოფისი, პრეზიდენტის პოსტი კი დიდწილად ცერემონიული იქნება და პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. ასეთ ძლიერ პრემიერ-მინისტრად კი სომხეთს, 3 აპრილის არჩევნების შედეგად, დიდი ალბათობით, გამარჯვებული ძალის, „რესპუბლიკური პარტიის“, ლიდერი, სერჟ სარქისიანი მოევლინება, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2018 წელს იწურება.

ოპონენტები ამბობენ, სარქისიანმა საკონსტიტუციო ცვლილებები საკუთარ თავზე მოირგოო, თუმცა სომხეთის პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საკუთარი გუნდის მთავარ მიზნად სომხეთში ურყევი მშვიდობის უზრუნველყოფა დაასახელა.

სერჟ სარქისიანი
სერჟ სარქისიანი

„არაფერია მშვიდობაზე უფრო ძვირფასი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს საზღვრებზე დავამყაროთ მშვიდობა, რომელსაც ვერავინ ხელყოფს“, - განაცხადა სერჟ სარქისიანმა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში შევლენ პროდასავლური პარტია „ელკი“ და „დაშნაკცუტუნი“. სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 60 %-ს მიაღწია ამომრჩეველთა აქტიურობამ, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისადმი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის ნიშნად მიიჩნევს. თუმცა 2 აპრილს სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკა ეუთომ, რომლის შეფასებით, პროცესის სანდოობა შეილახა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციებით.

„სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესს ძირი გამოუთხარა სანდო და რეგულარულმა ინფორმაციებმა ამომრჩევლების მოსყიდვის, საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, სკოლების, საავადმყოფოებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ“, - ნათქვამია ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჰაიდი ჰაუტალას მიერ სომხეთში გამართული არჩევნების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG