Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საპროტესტო აქცია აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად


საპროტესტო აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან
საპროტესტო აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან

თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა სოლიდარობის აქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა თავზე სიმბოლურად ჩამოიცვეს პოლიეთილენის პარკები, ნიშნად იმისა, რომ თბილისში აფგან მუხთარლის დაკავება და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მისი გადაყვანა, უკანონოდ მოხდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, დროულად გამოავლინოს და დასაჯოს კანონის და წესების დამრღვევი პირები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში და გამოძიება ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს. „შუაგულ თბილისში ადამიანი გაიტაცეს და ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობით მოხდა ეს, თუ მონაწილეობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახური, ან რომელიმე კრიმინალური ჯგუფი“ - აღნიშნა სულხან სალაძემ. მისივე თქმით, არცერთ შემთხვევას გამართლება არ აქვს და არცერთი შემთხვევა არ არის შემამსუბუქებელი ქართული სახელმწიფოსთვის. სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლი თბილისში ცხოვრობდა იმიტომ, რომ აზერბაიჯანში იდევნებოდა თავისი პროფესიული საქმიანობის გამო და ფიზიკური საფრთხე ემუქრებოდა. „ჩვენ ვხედავთ რეალურად იგივე მოვლენას საქართველოში, სადაც ადამიანს იტაცებენ“ - განაცხადა სულხან სალაძემ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება, დაკავებულია და წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები. აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქმრის პასპორტი, რომელიც მას თბილისში დარჩა, იმის დასადასტურებლად, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში თავისი ნებით არ გამგზავრებულა. ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. ის ოჯახთან ერთად თბილისში 2015 წელს დასახლდა.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. „პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“ - ნათქვამია შსს-ს მიერ დღეს, 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. დღესვე, საქართველოს სახელმწიფო უსართხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარისგან მიღებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლი დააკავეს ე.წ-ლ „მწვანე საზღვარზე,“ სადაც გადასვლას პასპორტი არ სჭირდება. გომელაურის თქმით, ამჟამად დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან. საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიიდან აფგან მუხთარლის გაყვანის საქმეზე „ყველაფერს გამოძიება დაადგენს.” ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია, თუ არა დადგეს გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, შოთაძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.

თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებას ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ფაქტი უწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა. „ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის სხვა, მეზობელ სახელმწიფოშია და არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი“ - განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. ომბუდსმენის შეფასებით, მომხდარი ფაქტი უქმნის განცდას, რომ საქართველოში არავინაა დაცული. „თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და თუ იცოდა, ეს კიდევ უფრო უარესი, სამწუხარო ფაქტია და ამის გამოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG