Accessibility links

საპროტესტო ბანაკის დემონტაჟს კიევში ხელისუფლება და ოპოზიცია განსხვავებულად აფასებენ


პოლიციამ დაშალა კიევის ცენტრში, ვერხოვნა რადას შენობის წინ აგებული კარვების ბანაკი

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო კანონიერად მიიჩნევს სამართალდამცველთა მოქმედებას ვერხოვნა რადას წინ აღმართული კარვების დემონტაჟის დროს და აცხადებს, რომ ბანაკში, რომელიც დევნილი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე ოლიგარქის, კურჩენკოს ფულით იყო დაფინანსებული, რეგულარულად ადგენდნენ პარლამენტის აღების გეგმას, შეტანილი ჰქონდათ იარაღი და თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს.

იური ლუცენკო
იური ლუცენკო

უკრაინელმა სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი კაცი გადაიყვანეს განყოფილებებში მას შემდეგ, რაც 3 მარტს პოლიციამ დაშალა კიევის ცენტრში, ვერხოვნა რადას შენობის წინ, აგებული კარვების ბანაკი. მანამდე მოხდა შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. საპროტესტო კარვების ბინადრებმა ცეცხლი წაუკიდეს რეზინის ბორბლებს, ქვებსა და სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ სამართალდამცველებს, რათა ხელი შეეშალათ მათთვის საგამოძიებო მოქმედებების განხორცილებაში. კიევის ეროვნული პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშენკოს, თანახმად, პროცესუალური მოქმედება ხორციელდებოდა სისხლის სამართლის წარმოებაში არსებულ რამდენიმე საქმეზე. „ერთ-ერთი საქმე აღძრულია საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ცენტრის (ოქტომბრის სასახლის) ხელში ჩაგდების ფაქტზე, მეორე კი ვერხოვნა რადას წინ 27 თებერვალს მომხდარი მოვლენების თაობაზე“, - მოჰყავს ანდრეი კრიშენკოს სიტყვები ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდას“.

სააკაშვილის კვალი კიევის სამი მარტის მოვლენებში

უკრაინული მედიის ცნობით, ორივე საქმეში ფიგურირებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები.

ძალისმიერი ვერტიკალის ხელმძღვანელობა ცდილობს ეს „აქცია“ გაამართლოს იმით, რომ მზადდებოდა, ვითომცდა, პარლამენტის ხელში ჩაგდება. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ როგორც განზრახ სიცრუეს...
ერთობლივი განცხადება

17 დეკემბერს „ახალი ძალების რუხის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ცენტრში გამართული ვეჩეს დროს განაცხადა, რომ ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მდებარე ოქტომბრის სასახლეში მისი მოძრაობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნებოდა. იმ დროს სასახლეში მიმდინარეობდა კონცერტი, რომელსაც ბავშვები ესწრებოდნენ. ეროვნული გვარდიისა და სამართალდამცველებისათვის გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ აქციის მონაწილეები შეიჭრნენ ოქტომბრის სასახლის ჰოლში, სადაც მათ გზა გადაუღობა ეროვნულმა გვარდიამ. საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 17 დეკემბერს მომხდარი ძალადობა დაგმო უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა. თავად მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნა ძალადობას ოქტომბრის სასახლეში და განაცხადა, რომ მისი კრედოა „მშვიდობიანი პროტესტი“ და წინააღმდეგია „პროვოკაციისა და ძალადობის“.

დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის
დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

3 მარტს ვერხოვნა რადას წინ სამართალდამცველებსა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები როგორც პოლიციელთა, ისე მომიტინგეთა მხრიდან. პოლიციის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარვებში აღმოჩნდა 9 ხელყუმბარა, „მოლოტოვის კოქტეილი“ და მხრჩოლავი ნაღმები. პოლიცია სწავლობს ამ ნივთიერებების წარმომავლობას. კარვების ბანაკის შტურმის შემდეგ დაკავებული დემონსტრანტები დაკითხვის შემდეგ პოლიციის განყოფილებებიდან გაათავისუფლეს.

ოპოზიცია გმობს ძალის გამოყენებას ვერხოვნა რადას წინ

შაბათს პოლიციის რეიდი მოჰყვა იმავე ადგილზე 27 თებერვალს მომხდარ შეტაკებას ანტისამთავრობო დემონსტრანტებთან, რომლის დროსაც 14 პოლიციელი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 345-ე მუხლით, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა ან მუქარა.

დაპირისპირება პოლიციასთან
დაპირისპირება პოლიციასთან

საკუთარი ფეისბუკით გავრცელებულ ცნობაში უკრაინის გენერალური პროკურორი ხაზს უსვამს, რომ ანტისამთავრობო აქციები უკრაინის პარლამენტის წინ ორგანიზებული იყო „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ. 3 მარტს კარვების ბანაკზე განხორციელებული შტურმი დაგმო ექვსმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ. „ჩვენ მიგვაჩნია დანაშაულებრივად ხელისუფლების ასეთი ქმედება. ძალისმიერი ვერტიკალის ხელმძღვანელობა ცდილობს ეს „აქცია“ გაამართლოს იმით, რომ მზადდებოდა, ვითომცდა, პარლამენტის ხელში ჩაგდება. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ როგორც განზრახ სიცრუეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტია „სამოქალაქო პოზიცია“, „ახალი ძალების რუხი“, „უკრაინის ევროპული პარტია“, „სახალხო კონტროლი“, „სამოქალაქო რუხი ხვილია“ და „ალტერნატიული პოლიტიკური ძალა“.

მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფნის დროს
მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფნის დროს

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს უწყვეტი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღებას და დეპუტატებისათვის იმუნიტეტის გაუქმებას. რამდენიმე დღე ერთ-ერთ კარავში ცხოვრობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. იგი უკრაინიდან 12 თებერვალს გააძევეს და ახლა სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფება. მან 3 მარტს გაავრცელა სპეციალური ვიდეომიმართვა, რომელშიც მოუწოდა თავის მომხრეებს 18 მარტს გამართონ მასობრივი დემონსტრაცია პოროშენკოს, ავაკოვის და ლუცენკოს გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG