Accessibility links

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ სარწყავი და სასმელი წყლის სათავე ნაგებობები გადაკეტა. ეს სათავე ნაგებობები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს ამარაგებდა, მაგრამ ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ გორის რაიონში არაერთი ჭაბურღილი და ალტერნატიული საირიგაციო სისტემაც გაკეთდა, სარწყავი წყლის პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდა.

მერვე წელია საქართველოს ხელისუფლება ერგნეთის შეხვედრებზე მძიმე მოლაპარაკებებს მართავს ოსურ მხარესთან ზონკარის წყალსაცავის გახსნის თაობაზე. შარშან ეს მოლაპარაკება შედეგიანი იყო და სარწყავი წყალი როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებს მიეწოდებოდა. ამჟამად ნადარბაზევის წყალსაცავიც ივსება, რომელმაც გვალვის დროს ტირიფონის ველი უნდა გაასარწყავოს. გარდა ამისა, სოფელ ხურვალეთთან რამდენიმე წლის წინ ხელოვნური ტბაც გაკეთდა, რომელიც დევნილთა დასახლების მიწის ნაკვეთებს რწყავდა, მაგრამ სისტემამ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა. ადგილობრივი მოსახლეობა ნაკვეთებს ვეღარ რწყავს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ამჟამად ტბას მხოლოდ ერთი დარაჯი იცავს, სპირიდონ ჯავახიშვილის თქმით, სარწყავი სისტემა არარენტაბელური იყო.

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებნი ახლა წვიმის იმედზე არიან, იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ მზად არიან ელექტროენერგიის გადასახადიც გადაიხადონ, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო სარწყავ სისტემას ისევ აამოქმედებს. ნაკვეთებში ტბიდან წყალი ელექტროძრავებით იქაჩებოდა.

საქართველოს მელიორაციის სამსახურის დირექტორის მრჩეველი ვახტანგ გარდაფხაძე აცხადებს, რომ თუ დევნილთა მხრიდან დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მზაობა იქნება, სარწყავი წყალი მათ უპრობლემოდ მიეწოდება, რადგან ნადარბაზევის წყალსაცავი უკვე ივსება და ზაფხულში პრობლემები არ უნდა შეიქმნას.

ხურვალეთში ჩასახლებული დევნილების თქმით, მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანად არის დამოკიდებული იმ მიწის ნაკვეთებზე მოწეულ მოსავალზე, რომლებიც დღეს გასარწყავებას საჭიროებს. თუ ზაფხულში პრობლემა შეიქმნა, იძულებით გადაადგილებული პირები მოსავლის გარეშე დარჩებიან და ეს მათ ყოფაზეც აისახება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG