Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკომომხმარებლებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის ზუგდიდში სასწავლო კურსი ჩატარდა


სასწავლო კურსი
სასწავლო კურსი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებული სოციალური მუშაკებისთვის ზუგდიდში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეხვედრა მოეწყო. ორდღიანი სწავლების კურსი მიზნად ისახავდა ნარკომომხმარებლებთან ურთიერთობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მიდგომების ათვისებას. საუბარია გლობალურ ფონდში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალურ მუშაკებზე, რომლებიც, ზიანის რისკის შემცირების მიზნით, სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ნარკოტიკების მომხმარებლებს. სწავლების კურსი „ეფექტური სოციალური მუშაობა და რისკის კონსულტირება“, რომელსაც ხუთი წელია ახორციელებს ასოციაცია „ქსენონი“, მისი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. „ქსენონის“ ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას განცხადებით, ამჯერად სოციალურ მუშაკებს მიაწოდეს ინფორმაცია ნარკოტიკების მომხმარებლებთან ურთიერთობაში საჭირო უნარ-ჩვევებისა და თეორიული მასალის შესახებ:

„გლობალური ფონდის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აივ შიდსის პრევენციას სხვადასხვა პოპულაციაში, ტარდება ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილების მქონე ადამიანებისთვისაც. დღეს მოწვეული აუდიტორია კი არის ის პერსონალი, რომელსაც აქვს უშუალო ურთიერთობა ნარკომომხმარებლებთან. პროექტი ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ის მიზნად ისახავს ნარკოტიკების მომხმარებლებში ნარკოტიკების ზიანის შემცირებას და, ზოგადად, ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“.

პირველი დღის სამუშაო შეხვედრა დამოკიდებულების ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარმა ირმა კირთაძემ გამართა. მისი განცხადებით, შიდსის პრევენციის სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და გროვდება ახალი მეთოდების შესახებ ბევრი ინფორმაცია, რომელიც მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს სოციალურ მუშაკებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში შიდსის პრევენციისა და რისკის შემცირების ერთ-ერთ შემაფერხებელ გარემოებად ირმა კირთაძე ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას ასახელებს:

„ის, ჩვენდა სამწუხაროდ, არის ორიენტირებული მხოლოდ დასჯაზე. როდესაც ადამიანს სჭირდება დახმარება, - მკურნალობა, რეაბილიტირება თუ ზიანის შემცირება, -მას მიეწოდოს უნდა ეს დროულად და მიეწოდოს უნდა ისე, რომ აქ კანონი არ იყოს ბარიერი. სამწუხაროდ, დღესდღეობით ის არის მთავარი შემაფერხებელი ბარიერი, რომელიც სოციალურ მუშაკებს ურთულებს საველე სოციალურ მუშაობას“.

ირმა კირთაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდების შესახებ განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგში ჩართული ნანი მელიქაძისთვის. ის ბათუმში მოქმედი კავშირ „იმედის“ წარმომადგენელია. ნანი მელიქაძის თქმით, მას და დანარჩენ სოციალურ მუშაკებსაც საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე აქვთ, რამდენადაც ურთიერთობენ საზოგადოების ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფთან - ნარკოტიკების მომხმარებლებთან:

„ეს ადამიანები მოდიან ჩვენთან სერვისცენტრში და ჩვენ ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია. ეს იქნება ფსიქოლოგიური დახმარება თუ... აი, მაგალითად, ჩვენ ვაწვდით მათ შპრიცებს, კონდომებს... უხარისხო ნარკოტიკების მოხმარებისას მათ უჩნდებათ წყლულები და ჩვენ ვაწვდით სპეციალურ მალამოს. ასევე ბინტი, ბამბა და პლუს ამას ვუკეთებთ სისხლის ანალიზს“.

ნარკოტიკების მოხმარებისას ზიანის რისკის შემცირების მიზნით ჩატარებულ სასწავლო კურსს დაესწრნენ ოზურგეთში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში დასაქმებული სოციალური მუშაკები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG