Accessibility links

გერმანიის მმართველი პარტიები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ნატოს გაფართოების იდეას


წლებია, ქართველი ჯარისკაცები და ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები თანასწორი პარტნიორები არიან საერთაშორისო ოპერაციებში, თუმცა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ. რას ფიქრობს ალიანსის გაფართოებაზე გერმანია, ევროკავშირისა და ნატოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც ახალი სამთავრობო კოალიციის მოლოდინშია? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ბერლინიდან ჰენინგ რიკე, ევროატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი.

ჰენინგ რიკე: ჩემი აზრით, დიდი კოალიცია, რომელიც გერმანიაში ისევ შეიქმნება, ბუნებრივია, ნატოს განიხილავს ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურად უსაფრთხოების პოლიტიკისათვის, ხოლო მის შემდეგ - ევროკავშირის უსაფრთხოების სტრუქტურას. მაგრამ ვფიქრობ, რომ გერმანელები, ზოგადად, და ორივე პარტია ძალიან ფრთხილად ეკიდება ნატოს გაფართოების იდეას. პარტნიორობა სავსებით მისაღებია, ამა თუ იმ ქვეყანაში კონფლიქტების განხილვაზე მუშაობაც, მაგრამ არ მოველი ბერლინის მხრიდან ნატოს კიდევ უფრო გაფართოებისა და ახალი წევრების მიღების მხარდაჭერას.

რადიო თავისუფლება: 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო დაჰპირდა უკრაინას და საქართველოს ალიანსის რიგებში გაწევრიანებას შესაბამისი კრიტერიუმების მიღწევის შემთხვევაში. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება მოასწრო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო საფასური, რომელიც ამ ქვეყნებმა გაიღეს ნატოში გაწევრიანების აბსტრაქტული დაპირებისათვის?

ჰენინგ რიკე: 2008 წლის პოლიტიკურ კონტექსტს თუ გავიხსენებთ, ნატოში იყო უთანხმოება იმის თაობაზე, მიეღოთ თუ არა ალიანსში ეს ორი ქვეყანა, ან უნდა დაწყებულიყო თუ არა მათი მიღების პროცესი. მართალია, ნატოს წევრების უმრავლესობა ამას ემხრობოდა, მაგრამ ძლიერი იყო მოწინააღმდეგეთა ჯგუფიც, გერმანიის, საფრანგეთის მეთაურობით. არადა, ნატოში კონსენსუსია საჭირო ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად. ამდენად, იმ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა ნატოში ამ ორი ქვეყნის მიწვევა და მათ აბსტრაქტული დაპირება მისცეს, რომ, საბოლოოდ, ნატოში მიიღებდნენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან ბუნდოვანი ფრაზა, მას არ ახლდა სამუშაო გეგმა ან გრაფიკი - როდის მოხდებოდა ეს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რაც რუსეთმა უკრაინასა და საქართველოში გააკეთა, უკანონო და, ჩემი გაგებით, დანაშაულებრივია, შესაძლოა, ნატოს დასკვნამ, არ მიეღო გადაწყვეტილება და საკითხი ღია დაეტოვებინა, შეაგულიანა რუსეთი, ასე მოქცეულიყო. და ვფიქრობ, ახლა - თუ შევხედავთ კიდევ უფრო კომპლექსურ კონფლიქტებს, განსაკუთებით უკრაინაში - ნატოში არ იქნება უმრავლესობა და ნამდვილად არ იქნება კონსენსუსი ამ ქვეყნების ამჟამად მიღებაზე.

რადიო თავისუფლება: „ნატოში გაწევრიანება თავის დროზე არ ყოფილა პრობლემა გერმანიისათვის, როდესაც ქვეყანა საქართველოსავით გაყოფილი იყო“, - ასეთი შეტყობინება ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ეკუთვნის. გერმანიასთან შედარება საქართველოში ბევრისათვის იმედის მომცემ მაგალითს წარმოადგენს. თქვენ როგორ აფასებთ ასეთ მესიჯს?

ჰენინგ რიკე: ჩემი აზრით, უნდა განვასხვაოთ ეს ორი სიტუაცია, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. დასავლეთი გერმანია 1955 წელს გახდა ნატოს წევრი და ეს იყო პერიოდი, როცა ცივი ომის ფონზე ძლიერდებოდა სხვადასხვა მხრიდან გავლენების კონფლიქტი არამარტო ევროპაში. საჭირო იყო ევროპის ცენტრში მდებარე ძლიერი, დიდი - თუნდაც დამარცხებული - ქვეყნის დაცვა რუსეთის გავლენისაგან და ნატოში მისი მიღება იყო ერთ-ერთი ბერკეტი ამ მიზნის მისაღწევად, ხოლო გერმანელებს სურდათ ძლიერი პოზიციიდან ეწარმოებინათ მოლაპარაკება გაერთიანების შესახებ. მაგრამ ცივი ომის შემდგომ პერიოდში ნატოს ახალი სტრატეგია არ იყო მიმართული რუსეთისთვის რამის იძულების ან მისი შეკავებისაკენ. სტრატეგიას ორი მიმართულება ჰქონდა: ერთი იყო ახალი წევრების მიწვევა და მეორე - რუსეთთან, როგორც ნომერ პირველ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობა. ეს ორმაგი სტრატეგია წარუმატებელი გამოდგა. რუსეთმა არ მოისურვა ნატოს ერთ-ერთ პარტნიორად ყოფნა. მაგრამ ჯერ მაინც არ ვართ მისული იმ ეტაპამდე, რომ - რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, რუსეთი შევაკავოთ. (4:53...) შექმნილია ვითარება, როცა ნატო მოქმედებს, ასე ვთქვათ, „საღი აზრის“ პრინციპით - კრიტერიუმებით, რომლებიც ალიანსმა განავითარა 90-იანი წლების შუა ხანებში: რომ ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შესაძლებლობები, უნდა გააძლიერონ ნატო, უნდა ჰქონდეთ დემოკრატიული სისტემა, მაგრამ, ამავე დროს, მათ არ უნდა ჰქონდეთ ტერიტორიული კონფლიქტები და მათმა გაწევრიანებამ არ უნდა შეასუსტოს უსაფრთხოება ევროპაში. 5:33

რადიო თავისუფლება: ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ექსპერტებმა „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენიდან“ წამოაყენეს იდეა, რომლის თანახმად, ნატოს ცნობილი მეხუთე პუნქტის მოქმედება საქართველოს შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებამდე უნდა შეჩერდეს. საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ამ მუხლის შეჩერებაზე. საქართველოში ამ იდეას ნატოში გაწევრიანების ახალი გზაც კი უწოდეს. ასეთ ვარიანტს მოკავშირე ქვეყნების მთავრობებშიც - ვთქვათ, გერმანიის მმართველ წრეებშიც - განიხილავენ, თუ ეს მხოლოდ მეცნიერული დაკვირვების შედეგია?

ჰენინგ რიკე: გულახდილად რომ გითხრათ, ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების საკითხი არ მიეკუთვნება მთავარ განსახილველ თემებს. ცხადია, მთლიანობაში, ნატოს პოზიცია შეიცვალა რუსეთიდან წამოსული აგრესიის მიმართ: უფრო მკვეთრი, ხისტი გახდა. მაგრამ ალიანსში მიწვევა ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, გაამწვავებდა რუსეთთან ისედაც მზარდ კონფლიქტს და ევროპაში უმრავლესობას ეს არ სურს. რაც შეეხება კომპრომისულ ვარიანტს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ნატოს წევრი სეპარატისტული რეგიონებისათვის გამონაკლისის დაშვებით, არ ვიცი, რამდენად მისაღებია საქართველოსათვის ასე გახლეჩა, რადგან ეს ვარიანტი, რასაკვირველია, ნიშნავს სეპარატიზმის შედეგების გამყარებას, ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ ორი ჩამოშორებული რეგიონი, რომელთაც რუსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად მიიჩნევს, უნდა დაეთანხმოს საკითხის ასე გადაჭრას, რაც, შესაძლოა, არ სურდეთ და, ჩემი აზრით, ამ ვარიანტმა, შესაძლოა, რუსეთს გააბედინოს კონფლიქტის გამწვავება იმის საჩვენებლად, რომ ნატო სახიფათო ნაბიჯებს დგამს თავის რიგებში საქართველოს მიღებით. ჩემი აზრით, ეს იდეა გამოითქვა საიმისოდ, რომ არ შეჩერდეს ნატოში გაწევრიანების გზებზე მსჯელობა და ეს სწორია, რადგან მომავალში, შესაძლოა, დაგვჭირდეს ამისათვის ბრძოლა. მაგრამ დღეს, ჩემი აზრით, ნატოს წევრთა უმრავლესობა უარს იტყოდა ასეთ სტრატეგიაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG