Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი


ირანელი სასულიერო პირები აპროტესტებენ ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯას საუდის არაბეთში
ირანელი სასულიერო პირები აპროტესტებენ ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯას საუდის არაბეთში

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთი თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით ვერ დამალავს „თავის დანაშაულს“, როცა სიკვდილით დასაჯა შიიტი სასულიერო პირი . საუდის არაბეთმა უარყო შეშფოთება, რომ თავისი მხრიდან ირანთან ურთიერთობის გაწყვეტამ სირიის გამო მოლაპარაკებას შეიძლება ავნოს, თუმცა, მისმა ქმედებამ გააღრმავა ომში დაპირისპირებულ მხარეებს შორის განხეთქილება. სირიის ოპოზიციურმა ჯგუფმა მოუწოდა ყველა არაბულ ქვეყანას, მიჰყვნენ საუდის არაბეთის მაგალითს და გაწყვიტონ კავშირი ირანთან. საუდის არაბეთის სამმა მოკავშირე ქვეყანამ, ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და სუდანმა გაწყვიტეს ან შეზღუდეს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა. ქუვეითმა 5 იანვარს გამოაცხადა, რომ ირანიდან ელჩი გაიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, ასევე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ირანსა და საუდის არაბეთს შორის განხეთქილება გააღრმავებს დაპირისპირებას და შეაფერხებს სირიაში მშვიდობის დამყარების მცდელობებს. ირანი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის ძირითადი მხარდამჭერია რეგიონში. საუდის არაბეთი დამასკის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ძალაა და მხარს უჭერს მეამბოხეებს სირიაში. თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე დემონსტრანტების თავდასხმა იყო რიადისთვის საბაბი, დიმპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტა ირანთან. ძალადობა მოჰყვა საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი სასულიერო პირის, ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯას. თეირანმა დისტანცია დაიკავა საელჩოზე თავდასხმის მიმართ და მის ორგანიზებაში უცხოეთის ძალები დაადანაშაულა. თეირანმა თავდასხმას "სეაჭვო" და საუდის არაბეთის პოლიტიკისთვის სახეირო უწოდა. ირანი და საუდის არაბეთი მათ მოკავშირეებთან ერთად, დასავლეთის ქვეყნები და რუსეთი, ერთად ცდილობდნენ სირიაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკების დაწყებას. საუდის არაბეთის ელჩმა გაეროში, აბდალა ალ-მუალამიმ განაცხადა, რომ რიადის მხრიდან სამშვიდობო მცდელობებზე ზეგავლენა არ იქნება. მისი თქმით, საუდის არაბეთი გააგრძელებს სირიასა და იემენში სამშვიდობო მცდელობების მხარდაჭერას. ირანის გამო სამშვიდობო მოლაპარაკების ბოიკოტს არ ვაპირებთ, ირანელებისგან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდეც არ ვგრძნობდით დიდ მხარდაჭერასო, დასძინა გაეროში საუდის არაბეთის ელჩმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG