Accessibility links

სავიზო ლიბერალიზაცია - შესაძლებლობებისთვის გახსნილი ფანჯარა


28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის 30 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის საშუალება ეძლევათ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წარმატებასთან ერთად ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა. როგორ აფასებენ თბილისში შენგენის ზონაში სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედებას?

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას მოვეკიდოთ უდიდესი პასუხისმგებლობით“, - განაცხადა 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, რომელმაც საზოგადოებას ისტორიული მნიშვნელობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს დღე არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო იბრუნებს თავის ადგილს ევროპული თანამეგობრობის სივრცეში:

უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესკავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას...

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა დიდი დრო დასჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა დღეს უკვე რეალობაა და ის, თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, ეს უკვე ჩვენი ღირსების საკითხია. ყველა ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ამის მიმართ და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროკავშირი”.

პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მოქალაქეებს გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, „უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესკავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის“.

მიხეილ ჯანელიძის თანახმად, ხელისუფლების ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით - დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს.

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტი - 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვის ვადით. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების, ნათესავების ან/და ახლობლების მონახულება, საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და სხვა.

შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით. ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წარმომადგენელი ვერიკო გელაშვილი რადიო თავისუფლებასთან იმ სიკეთეზე საუბრობს, რომელსაც სავიზო ლიბერალიზაცია მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს:

„ეს ძალიან დაგვეხმარება მენტალური გარდატეხის დაჩქარებაში, როცა [მოქალაქეები] თავიანთი თვალით ნახავენ ევროპის კეთილდღეობას, წესრიგს, სამართლიანობას, ევროპულ კულტურას და ყველა იმ სიკეთეს, რაც ევროპას ახლავს თან“.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის სრულიად ახალი საფეხურია და ახალი დონე ურთიერთობებში, ამბობს საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის მკვლევარი გოგიტა ღვედაშვილი, რომლის თქმითაც, ამით საქართველო ევროპული თავისუფალი და ერთიანი სივრცის ნაწილი ხდება:

„ეს იქნება ძალიან ბევრი მიმართულებით ახალი სტიმულების მიმცემი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისათვის და, პირველ ყოვლისა, ეს იქნება ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების გამყარებისთვის ხელშემწყობი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ევროკავშირში და ეს არის ძალიან ბევრი მიმართულებით შესაძლებლობებისთვის გახსნილი ფანჯარა“.

სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებზე ლაპარაკობენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც რადიო თავისუფლებამ მიმართა თბილისის ქუჩებში:

„დიდი წინსვლაა ქვეყნისთვის, მეტად კარგია ახალგაზრდებისთვის - გზას გაიკვლევენ, ოცნებებს აისრულებენ, ბიზნესს წამოიწყებენ“;

„უკეთესი იქნება, თუ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემენ ევროინტეგრაციისთვის, ამაზე უკეთესი რა იქნება? თორემ ის სიბნელე უკვე აღარ შეიძლება, რაც იყო და რა სიბნელისკენ წაყვანასაც ისევ ცდილობენ“;

„მოქალაქეები დაათვალიერებენ ქალაქებს, მუზეუმებს, კონცერტებს დაესწრებიან, სულიერად განვითარდებიან, ახლობლებს მოინახულებენ. ძალიან დადებით ემოციებს იწვევს“;

„ვისაც დასათვალიერებლად აქვს საქმე, კარგია, მაგრამ ჩვენნაირი ხალხისთვის რა?“

„ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის, რომელიც დღემდე განვითარებადი ქვეყნების სიაშია და თუ ერთ დღეს განვითარებული ქვეყანა ვიქნებოდით და ამაში ეს სავიზო ლიბერალიზაციაც წაგვადგება, ძალიან კარგი იქნება“.

28 მარტს საბერძნეთის მიმართულებით რეისზე თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თბილისიდან სტუდენტებიც გაემგზავრებიან და ესენი იქნებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც შენგენის ზონას პირველად გადაკვეთენ უვიზოდ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG