Accessibility links

სერბია და კოსოვო: ახალი შეთანხმება ძველის განხორციელებისთვის


ჰაშიმ ტაჩი (მარცხნივ) ფედერიკა მოგერინი, ალექსანდარ ვუჩიჩი

ევროკავშირის შუამავლობით, სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტებმა 31 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს შეთანხმებას იმ საბოლოო ნაბიჯებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზებას, უპირატესად კი, სერბებით დასახლებული ჩრდილოეთ კოსოვოს სასამართლო სისტემის ინტეგრაციის თაობაზე. ალექსანდარ ვუჩიჩისა და ჰაშიმ ტაჩის შეხვედრის მასპინძელი იყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი, რომელმაც ხაზი გაუსვა პრიშტინასა და ბელგრადს შორის ვითარების ნორმალიზების მნიშვნელობას.

ალექსანდარ ვუჩიჩისა და ჰაშიმ ტაჩის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კოსოვოსა და სერბიის პრეზიდენტებმა დაადასტურეს 2015 წლის თებერვალში მიღწეული შეთანხმება „მართლმსაჯულების“ შესახებ და 2017 წლის ოქტომბრამდე მის საბოლოო რეალიზებაზე შეთანხმდნენ. „ერთ მშვენიერ დღეს, პროკურორები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ინტეგრირებული იქნებიან კოსოვოს სასამართლო სიტემაში, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის გავრცელებას კოსოვოს მასშტაბით და, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ მიტროვიცის რეგიონში“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. პრიშტინასა და ბელგრადს შორის ადრე მიღწეული შეთანხმებების ერთგულება დაადასტურა, სერბიის პრეზიდენტმა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ პრესისათვის სპეციალური განცხადება გააკეთა.

„ჩვენ დავადასტურეთ შეთანხმებები, რომლებსაც ადრე მივაღწიეთ, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და სამართლის სფეროებში და მოვილაპარაკეთ, რომ ამ შეთანხმებებს განვახორციელებთ კიდეც. მოლაპარაკების დროს გამოითქვა სურვილი, რომ ვცადოთ, მიმდინარე წლის ბოლომდე მოვაგვაროთ მდინარე იბარის ხიდის პრობლემა კოსოვსკა მიტროვიცაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავმართოთ მოლაპარაკებები, ურთიერთობის ხანგრძლივი და მტკიცე მოგვარების მიზნით, ბელგრადსა და პრიშტინას შორის და, მთლიანობაში, სერბებსა და ალბანელებს შორის. ჩვენ გულახდილად ვისაუბრეთ, მე ვიტყოდი, იდეები და თვალთახედვა წარმოვადგინეთ ღიად, ორივე მხარე გამოხატავდა ურთიერთპატივისცემას, ევროკავშირის წარმომადგენლების თანდასწრებით და იმის გააზრებით, რომ არსებული პრობლემების მოგვარება ბევრს ნიშნავს ბელგრადისა და პრიშტინისათვის, დასავლეთ ბალკანეთის ამ ორი უდიდესი ერისათვის“, – განაცხადა 31 აგვისტოს ალექსანდარ ვუჩიჩმა.

კოსოვომ სერბიისაგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და მას შემდეგ პრიშტინის დამოუკიდებლობა 115 ქვეყანამ აღიარა, მაგრამ არა ბელგრადმა. დღეისათვის კოსოვოში 120 ათასი სერბი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა არ ცნობს პრიშტინის ხელისუფლებას.

თავის მხრივ, კოსოვოელი ალბანელები ეწინააღმდეგებიან უფრო ფართო ავტონომიის მიცემას ჩრდილოეთში, მიტროვიცაში მცხოვრები სერბებისათვის, რაც, პრიშტინის აზრით, გააძლიერებს ავტონომიაზე ბელგრადის გავლენას. განხეთქილება ბელგრადსა და პრიშტინას შორის გამწვავდა იანვრის დასაწყისში, როდესაც საფრანგეთში დააკავეს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი.

მიუხედავად იმისა, რომ სერბია დაჟინებით მოითხოვდა პარიზისაგან ჰარადინაის ექსტრადიციას, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რამუშ ჰარადინაის, ექსტრადიციაზე და ამის ნაცვლად სასამართლომ 27 აპრილს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG