Accessibility links

საქართველოს საგარეო ვაჭრობის არასახარბიელო ტენდენციები


ფოთის პორტის ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მაგრამ, ამავე დროს, შემცირდა კიდეც. სტატისტიკურად ზრდის სურათს ქმნის „C ჰეპატიტის“ მედიკამენტების იმპორტი, რომელთა გარეშე კლებას განიცდის საგარეო ვაჭრობის ორივე კომპონენტი - როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რომლებიც საგარეო სავაჭრო ბრუნვას ასახავს, ნათელი ხდება, რომ 2016 წლის მანძილზე საზღვარგარეთ საქართველოს პროდუქციის ექსპორტი კლებას განაგრძობდა.

ზოგადად, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 მილიარდ 966 მილიონი (თითქმის 12 მილიარდი) აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 მილიარდ 114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, ანუ 4 პროცენტით ნაკლებს, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 852 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 27-პროცენტიან მატებას ცხადყოფს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების გრანტით განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტირება, რომლის გარეშეც დათვლილი იმპორტი შეადგენს 7 მილიარდ 233 მლნ. აშშ დოლარს, რაც 1 პროცენტით ნაკლებია 2015 წლის მონაცემებზე. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7 მილიარდ 738 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

ვერ ვითვისებთ ბაზრებს, იმიტომ რომ ვერ ვთავაზობთ მაღალ ხარისხს და მეორე მიზეზია ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ვითარდება იმ დონემდე, რომ მან საჭირო პროდუქცია აწარმოოს...
ირაკლი მაკალათია

საგარეო ვაჭრობის საერთო სტატისტიკაში გაზრდილია ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელი. მისმა მოცულობამ 3 მილიარდ 601 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო, 12 პროცენტით ნაკლები. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოქმედებს.

რაც შეეხება იმპორტს, ევროკავშირის ქვეყნებთან ის 3 მილიარდ 30 მლნ. აშშ დოლარს - 20 პროცენტით მეტს - შეადგენს. იმპორტის ასეთი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მიერ C ჰეპატიტის სამკურნალოდ უსასყიდლოდ მიღებული წამლების დიდი ოდენობის იმპორტირება იყო.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში - 27 პროცენტი და იმპორტში - 31 პროცენტი (2015 წელს, შესაბამისად, 32, 29 და 33 პროცენტი).

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ უამრავ ნაბიჯს დგამს საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის, ახორციელებს სხვადასხვა სუბსიდიას და ცდილობს ახალი ბაზრების მოძიებას, და სტატისტიკასაც დამაიმედებლად მიიჩნევს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, აზრით, ექსპორტის სტატისტიკის შემცირება მსოფლიო ფასების შემცირებამ გამოიწვია:

„ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის სწორედ ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება ლარის კურსის დასტაბილურება“.

პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენები ლარის კურსის სტაბილურობა აუცილებელი პირობაა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისთვის, უფრო მეტად კი ექსპორტის გასაძლიერებლად. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლის ​მერაბ ჯანიაშვილის აზრით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის შემცირება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შექმნილმა ეკონომიკურმა სირთულეებმაც გამოიწვია.

ავტომობილების იმპორტი ფოთის პორტში
ავტომობილების იმპორტი ფოთის პორტში

საქსტატის მონაცემების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2 მილიარდ 721 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3 პროცენტით ნაკლებია, 2015 წელთან შედარებით. აქედან ექსპორტი 739 მლნ. აშშ დოლარია,12 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 1 მილიარდ 983 მლნ. აშშ დოლარი იყო, 1 პროცენტით მეტი.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტია. მათ შორის, ექსპორტში - 35 პროცენტი და იმპორტში - 20 პროცენტი (2015 წელს, შესაბამისად, 28, 38 და 25 პროცენტი).

2016 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა, დაახლოებით, 1,8 მილიარდი აშშ დოლარის ბრუნვით, რაც კვლავ C ჰეპატიტის მედიკამენტების დამსახურებაა, შემდეგ მოდის თურქეთი და რუსეთი.

ქართული ღვინის საწარმო
ქართული ღვინის საწარმო

რაც შეეხება მთავარ საექსპორტო და საიმპორტო საქონელს, 2016 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და 312 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა.

თხილის ექსპორტი 179 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 169 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. ამ მონაცემების საფუძველზე „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ საქართველოს წარმოება ვერ ახერხებს საექსპორტო პოტენციალის გამოყენებას:

„ვერ ვითვისებთ ბაზრებს, იმიტომ რომ ვერ ვთავაზობთ მაღალ ხარისხს და მეორე მიზეზია ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ვითარდება იმ დონემდე, რომ მან საჭირო პროდუქცია აწარმოოს“.

ისევე როგორც ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის ბევრი სხვა ექსპერტი მიიჩნევს, რომ საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისთვის საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ეკონომისტების აზრით, მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს არა რომელიმე კონკრეტული სფეროს ან საწარმოს სუბსიდირება, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG