Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჩერებული მშენებლობების დასრულების პერსპექტივა


ავტორი: ირინა გურული

თბილისის მერია შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი მექანიზმების შეთავაზებას აპირებს.

საუბარია იმაზე, რომ ახალ კომპანიებს შეიძლება მიეცეთ უფლება ძველი მშენებლების ვალდებულებები გადაიბარონ. თუკი მათ უფრო მაღალ სამშენებლო კოეფიციენტს მისცემენ, ახალი კომპანიები მშენებლობებს დაასრულებენ და იმ ადამიანებს დააკმაყოფილებენ, ვინც ბინებს წლების განმავლობაში ელოდება.

მერიის ინფორმაციით, 100-მდე საცხოვრებელი კორპუსი სხვადასხვა ეტაპზეა გაჩერებული. ზოგიერთი მათგანის დასრულებას შედარებით მცირე რესურსი სჭირდება, ზოგიერთი კი საწყის სტადიაზეა. მათ შორის არის ისეთი რთული მშენებლობები, სადაც ერთი და იგივე ბინები რამდენჯერმეა გადაყიდული.

თბილისის მერმა თქვა, რომ ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება, ასეთი მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადისა და, ასევე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტისგან გათავისუფლდეს, რაც “ბიძგის საფუძველი” იქნება.

რაც შეეხება კოეფიციენტს, ეს მშენებლობები შეიძლება გამონაკლისი აღმოჩნდეს თბილისში, რამდენადაც მაისის ბოლოს საკრებულომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დაამტკიცა. ეს ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქში უკვე ამოქმედდა საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი შენობების აგებაზე ახალ წესებს ამკვიდრებს - კერძოდ, ვერ შეიცვლება არსებული კოეფიციენტი, ანუ, ვთქვათ, ორსართულიანი სახლის ადგილას ვერ აშენდება 10-სართულიანი შენობა.

ცვლილების ავტორები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა დროებითია და თბილისის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე იარსებებს. ასევე, ამ ცვლილების თანახმად, იზღუდება განაშენიანების უფლება გამწვანებულ ტერიტორიებზე, თუმცა როგორ განხორციელდება ეს შეზღუდვა, როცა მწვანე ნარგავებს განგებ ახმობენ და შემდეგ მოწმენდილ ადგილებზე მშენებლობას იწყებენ, ეს მერიაში აღარ განუმარტავთ.

საინტერესოა, რომ K2 კოეფიციენტის შეზღუდვამ უკვე გააჩინა მოლოდინი მშენებლებსა და საზოგადოებაში, რომ სამშენებლო ბუმი ცენტრალური რაიონებიდან თბილისის გარეუბნებისკენ გადაინაცვლებს.

ამ დღეებში თბილისის მერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი აჩენს ახალ შანსს მათთვის, ვისაც ცენტრალურ რაიონში უნდა მშენებლობის გაგრძელება და ბინის ყიდვა.

თუმცა გაჩერებულ მშენებლობებს ვალებთან ერთად საკმაოდ ბევრი ვალდებულება ახლავს ხოლმე და ძნელი სათქმელია რამდენად მოხერხდება ამ სიტუაციაში მომგებიან კომერციულ გადაწყვეტილებებამდე მისვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG