Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

აგროკრედიტის მიღებას მოქალაქეთა ნაწილი ვერ ახერხებს


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ - ფარგლებში, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტის მსურველთა განცხადებების მიღება გასულ კვირაში დაიწყო. განცხადების ავტორი თანხას 6-თვიანი უპროცენტო განვადებით ან დაბალი საპროცენტო განაკვეთით საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებს.

პროექტში ჩართული 11 ბანკიდან ერთ-ერთის - "ლიბერთი ბანკის" დირექტორის მოადგილემ ირაკლი გოგიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აგროკრედიტის მიღების მსურველთა განცხადებები "ლიბერთი ბანკის" რეგიონის ფილიალებში - მათ შორის, სამეგრელოშიც - ყოველდღიურად აქტიურად შედის. მისი თქმით, აგროკრედიტის გაცემისას ბანკი ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმზე - თანხის გამოყენების მიზანზე - გაამახვილებს ყურადღებას.

„პირველ რიგში, არის მიზნობრიობა. თანხის გამოყენება პირადი მოხმარებისთვის ან სამომხმარებლო რესურსით არ შეიძლება. ეს უნდა მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განვითარებას ან მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს - მაგალითად, სოფლის მეურნეობის გამართვას და ა.შ. შეიძლება ადამიანს შემოსავალი ჰქონდეს სოფლის მეურნეობიდან, მაგრამ თანხა სჭირდებოდეს ჯანმრთელობისთვის. ასეთი კლიენტები არ დაკმაყოფილდებიან“, - განაცხადა ირაკლი გოგიშვილმა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ არაერთგვაროვნად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მოქალაქეები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში მცხოვრები ვარდიშა ვეკუა ამბობს, რომ მისი სოფლიდან განაცხადი არავის შეუტანია, რადგან შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. ის სამეგრელოში მცხოვრები გლეხის რეალურ დახმარებად თხილის ფასის დარეგულირებას მიიჩნევს.

„ახლა მე სესხი რომ ავიღო, იმდენი მიწა არ მაქვს. ჩემი ოჯახიც ვარჩინო, გავყიდოთ და შემდეგ სესხი გადავიხადო, 5 ჰექტარზე მეტი მიწა უნდა მქონდეს. სესხი რომ ავიღო, შემდეგ რითი გადავიხადო? აქ თითქმის ყველას 1 ჰექტარი მიწა აქვს, მეტი არა. აი, თხილის ფასი რომ იყოს ხუთი ლარი, კარგია, ცოტა სულს მოითქვამდა სოფლის მოსახლეობა“, - ამბობს ვარდიშა ვეკუა.

სხვაგვარად ფიქრობს მისი მეზობელი გივი დარასელია, რომელსაც აგროკრედიტის მიღება სურს, თუმცა ჯერ განაცხადი არ შეუტანია, რადგან ჩამოყალიბებული არ არის, კონკრეტულად რაში დახარჯავს თანხას.

„ამაზე უკეთესი რა არის, თუ მოგცეს თანხა. შენს ბიზნესს გააკეთებ დაბალი პროცენტით. ეს თითქმის მიზერული თანხაა, რომ გადაიხადო და თან საქმე აკეთო, ეს კარგია“, - გვითხრა ელგუჯა დარასელიამ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სამი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. პირველი სასაქონლო განვადება, 5 ათას ლარამდე, გამიზნულია მცირე ფერმერებისთვის. მეორე, 5 000-10 000 ლარის გაცემა, გათვალისწინებულია საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის. აქ განაკვეთი 8% იქნება. მესამე კომპონენტი გათვლილია სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის. ისინი მიიღებენ 7 წლამდე შეღავათიან კრედიტს. აქ თანხა 1 მილიონამდე ლარს შეადგენს და საპროცენტო განაკვეთი 3-ზე მაღალი არ იქნება. აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებულია მინიმუმ 60 საწარმოს გახსნა.
XS
SM
MD
LG