Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტიკის ეთიკის საბჭოს წევრები მომავალ ჟურნალისტებთან


შეხვედრა გორში
შეხვედრა გორში
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები გორში მომავალ ჟურნალისტებს შეხვდნენ. გორის „ახალგაზრდულ ცენტრსა“ და საზოგადოება „ბილიკში“ არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტიკის სტუდიაში სწავლობს. პროფესიული სტანდარტის გარდა, მოსწავლეებს ჟურნალისტიკის ეთიკის პრინციპებიც აინტერესებთ. „ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქარტიის შესახებ, ჟურნალისტებთან ირაკლი აბსანძესთან, დათო მჭედლიძესა და საბა წიწიკაშვილთან ერთად გაიმართა დისკუსია კონკრეტულ დარღვევებზე. ახალგაზრდებს აინტერესებდათ საჩივრების განხილვის პროცედურა და ქარტიაზე ხელმომწერ და არახელმომწერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლების ვინაობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ ტელეკომპანიების „იმედის“, „მე–9 არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელები შემოუერთდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა საბჭოს წევრებს ქარტიის მუხლებზე განმარტებები მოსთხოვეს. შეხვედრამდე ჟურნალისტიკის სტუდიის მოსწავლემ სალომე ლაფაჩმა ქარტიის თერთმეტივე მუხლი შეისწავლა და ამ მუხლების მეტად დაკონკრეტება მოითხოვა.

მომავალმა ჟურნალისტმა თათია გიუნაშვილმა უკვა მიიღო გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის დაწყებისთანავე ქარტიის ხელმომწერი გახდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკის“ ჟურნალისტიკის სტუდიის ხელმძღვანელი კატო ქოთოლაშვილი აცხადებს, რომ ქარტიის საბჭოს წევრები ხშირად უნდა ჩავიდნენ რეგიონებში და მოქალაქეებს ქარტიის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს რა პრინციპებს ემყარება პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა.

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მგელაძის აზრით, შეხვედრა მომავალ ჟურნალისტებთან მნიშვნელოვანია იმით, რომ ისინი ახლავე იწყებენ ფიქრს ხარისხიან ჟურნალისტიკაზე და საქმიანობის დაწყებისას ამის შესახებ მათ უკვე სრული ინფორმაცია ექნებათ.

ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე ამბობს, რომ დამსწრე ახალგაზრდებიდან შეიძლება ყველა არ გახდეს ჟურნალისტი, მაგრამ ისინი იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ჟურნალისტიკას მოსთხოვენ, იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს მაღალ სტანდარტს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 2009 წელს შეიქმნა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტის გაუმჯობესებას. „ეთიკის ქარტია“ 11 მუხლისგან შედგება და მასზე 250-მდე ჟურნალისტს აქვს ხელი მოწერილი. ხელმომწერი ჟურნალისტის მიერ რომელიმე მუხლის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ქარტიის საბჭოს საჩივრით მიმართოს, საბჭო კი დაიწყებს რეაგირებას და დაადგენს, დაირღვა თუ არა ჟურნალისტის მიერ პროფესიული ეთიკა. გარდა ამისა, საბჭო უკვე რეაგირებს რეზონანსულ მასალებზე და საკუთარ პოზიციას არახელმომწერი ჟურნალისტების მიერ დარღვევის ფაქტებზეც აფიქსირებს.
XS
SM
MD
LG