Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავიზო ლიბერალიზაციის შეფერხება და ევროსკეპტიკოსთა სიხარული


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი

ქართული მხარე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არჩევნების შემდეგ პრემიერის პოსტზე ახლად დანიშნული გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრებთან ერთად, პირველად სწორედ ბრიუსელში ჩავიდა. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება და მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სივრცეში. პრემიერის ვიზიტს წინ უსწრებდა ქართული მხარის მიერ გამოხატული უკმაყოფილება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურების გამო. რით არის უკმაყოფილო საქართველო?

სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას 30 ნოემბერს ბრიუსელში, როცა ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი. როგორც მასპინძელმა აღნიშნა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებათა დეტალები. ევროპარლამენტის პრეზიდენტი იმედიანად არის განწყობილი:

„პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე ჩემი კვლავაც ოპტიმისტური მოლოდინი იმისა, რომ მომავალ რამდენიმე დღეში მიღებულ იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის - განსაკუთრებით, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით“.

მარტინ შულცის მიერ ნახსენები უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი სახელდება მთავარ ფაქტორად, რის გამოც ფერხდება სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოსთვის. ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განმარტეს, რომ ერთი საკითხის გადაწყვეტას დაუყოვნებლივ მოჰყვება მეორე საკითხის გადაწყვეტაც. ამ პროცესის დაგვირგვინებას საქართველოში დიდი იმედით რომ მოელიან, ეს გიორგი კვირიკაშვილმაც აღნიშნა 30 ნოემბერს მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. პრემიერმა განაცხადა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია იქნება უდიდესი მოტივაცია რეფორმების გასაგრძელებლად საქართველოში. ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუციებსშორისი შიდა პროცედურები „ახლო მომავალში“ ქართველი ხალხის მოლოდინების შესაბამისად დასრულდება.

ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერება ისეთ მტკიცე და ერთგულ პარტნიორ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ნაკლებად დაეხმარება ევროკავშირს გაუმკლავდეს მისი მოქალაქეების პესიმიზმს...
მიხეილ ჯანელიძე

30 ნოემბრის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა თავი აარიდა უკმაყოფილების გამოხატვას, რაც 29 ნოემბერს გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის სიტყვებიდან ჩანს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი არცთუ სახარბიელო ტემპით მიმდინარეობს და საქართველო, რომელმაც აბსოლუტურად ყველა ვალდებულება შეასრულა, ახლა სრულიად დაუმსახურებლად ზარალდება პროცესის არა მისი მიზეზით გაჭიანურების გამო. ეს აზრი საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურათა წარმომადგენლებს სამშაბათ საღამოს გაუზიარა, როცა ის სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, სახელწოდებით “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი”. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ მრავალწლიანი შრომის, მიღწეული პროგრესისა და ამ პროგრესის ევროკავშირის ინსტიტუციების მიერ აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის კანონიერი მოლოდინი გაუჩნდათ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებელია დაინგრეს მოსკოვში 37 მანეთად გადაფრენის პერსპექტივასთან დაკავშირებული საბჭოთა დროის სტერეოტიპი, რომელიც ჯერ ისევ ახსოვთ საქართველოში და ის სწორედ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის ხელმისაწვდომობამ უნდა დაანგრიოს. ჯერჯერობით კი ყველაფერი ამ შესაძლებლობების გამოყენების საწინააღმდეგოდ და ევროსკეპტიკოსების გასახარად ხდება:

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ მძევლები ინსტიტუციათშორისი დებატებისა, რაც არ გამოხატავს კარგი პარტნიორობის სულისკვეთებას. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ სიძნელეებს, რომელთა წინაშეც ახლა დგას ევროკავშირი - გაზრდილი მიგრაციის, გაძლიერებული პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გამო. მაგრამ, მოდით გავიაზროთ ისიც, თუ რა ფასი აქვს არასაჭირო, გაუმართლებელ დაგვიანებას იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ჩვენს საერთო ვალდებულებებს ასახავს. ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერება ისეთ მტკიცე და ერთგულ პარტნიორ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ნაკლებად დაეხმარება ევროკავშირს გაუმკლავდეს მისი მოქალაქეების პესიმიზმს“.

მინისტრის ასეთმა კრიტიკულმა სვლამ ბევრის მოწონება დაიმსახურა და მათ შორის არის პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძეც. ის თვლის, რომ საქართველომ მუდმივად და ყველგან უნდა დაიცვას თავისი ინტერესები და საჭიროა გულახდილობა, მათ შორის, უკმაყოფილების გამოხატვის დროსაც:

„უნდა შევახსენოთ, ალბათ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, რომ საქართველოშიც არსებობს საზოგადოება, რომელსაც აქვს გარკვეული მოლოდინები და საჭიროა, მათ იცოდნენ, რომ - ნებისმიერი მათი ასეთი (გაჭიანურებული) ნაბიჯი, ხელს უწყობს საქართველოში ევროსკეპტიკური პოზიციების გაძლიერებას. შესაბამისად, თუკი აქვთ სურვილი, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან და საქართველოში არ მოხდეს ევროსკეპტიკური განწყობების ზრდა, მაშინ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საზოგადოებას არ გაუცრუოს იმედები ამ პარტნიორობამ“.

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრებთან ერთად, პირველად სწორედ ბრიუსელში ჩავიდა, გიორგი გობრონიძეს ერთგულების მნიშვნელოვან გზავნილად მიაჩნია და ამ ფაქტს სიმბოლურად მიიჩნევს საქართველოს დიპლომატიური სამსახურიც. ეს აქცენტი დაისვა საქართველოს წარმომადგენლის ევროკავშირში, ელჩ ნატალია საბანაძის კომენტარშიც. აქვეა ბრიუსელში განსახილველი საკითხების ჩამონათვალიც:

„ეს შეეხება უსაფრთხოების თემატიკას როგორც რეგიონში, ასევე საქართველოსთან მიმართებაში; ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას - რა გამოწვევებია, რა მიღწევებია ამ კუთხით; რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ვიზალიბერალიზაციას - იმ მოლოდინებს, რაც ჩვენ გვაქვს“.

ოფიციალური ინფორმაციით, ბრიუსელში სამდღიანი (30 ნოემბერი-2 დეკემბერი) ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება. სავარაუდოდ, სწორედ ამ თავყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი დეტალები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომლის მოკლე ვერსია ახლახან გამოქვეყნდა. გიორგი გობრონიძეს, რომელიც გამოქვეყნებულ დოკუმენტს გაეცნო, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მასში საფუძვლიანად არის ასახული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, თუმცა ისიც ცხადია, რომ გამოწვევები რჩება და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

პარალელურად, სამთავრობო ოფიციალური წყარო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და მარტინ შულცის შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის ეფექტიანად გატარების მნიშვნელობას. დაგეგმილია კიდევ არაერთი შეხვედრა როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სარბიელზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG