Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის და როგორ შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს?


N15 სასჯელაღსრულების დაწესებულება
N15 სასჯელაღსრულების დაწესებულება
ახალი კონსტიტუციის ამოქმედების მიუხედავად, პატიმრების შეწყალება კვლავ რჩება პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა იგეგმება შეწყალების გამოყენების წესის შეცვლა. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანშეწონილად მიიჩნევენ სპეციალური კანონის მიღებას. ასევე განიხილება შეწყალების გამოყენებისას პრეზიდენტის შეზღუდვა კომისიის რეკომენდაციით.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიაში 600-მდე პატიმრის განცხადებაა შესული. კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, შეწყალების მთხოვნელი პატიმრების ბედი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კომისიის მუშაობაზეა დამოკიდებული.

„კომისიის მომზადებას სჭირდება სათანადო პროცედურა. პირველ რიგში, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვატარებთ თუ არა სხდომას, მეორე მხრივ, ამის შემდეგ უკვე იწყება საქმეების გაცნობა. საქმეებს ვეცნობი, რასაც სჭირდება, დაახლოებით, ორი დღე. ვარჩევ იმ საქმეებს, რომელიც უნდა დაურიგდეს კომისიის წევრებს. ისინიც ეცნობიან და ამის შემდეგ ინიშნება სხდომა“, - უთხრა ელენე თევდორაძემ რადიო თავისუფლებას.
ყველა შეწყალება უნდა განხორციელდეს კომისიის დასკვნის საფუძველზე, იმიტომ რომ კომისიას აქვს საშუალება შეისწავლოს როგორც ჩადენილი დანაშაული, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოკვეთოს რამდენად ხისტი იყო დანაშაული...
კახა კახიშვილი

ელენე თევდორაძის თქმით, დამკვიდრებული ტრადიციით, პრეზიდენტი ყოველი წლის 23 ნოემბერს გამოსცემს შეწყალების ბრძანებას, თუმცა წელს, განსაკუთრებული ვითარების გამო, შესაძლოა პატიმართა შეწყალება ვერ მოესწროს. საქმე ის არის, რომ მოქმედი კომისიის ცამეტი წევრიდან შვიდი პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი იყო. შესაბამისად, პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ, როგორც ელენე თევდორაძე ამბობს, შესაძლებელია ვერ მოხერხდეს კომისიის დებულებით გათვალისწინებული კვორუმის მოგროვება, ანუ 10 წევრის შეკრება. სხვაგვარად ფიქრობს პრეზიდენტის მრჩეველი და კომისიის წევრი ვან ბაიბურთი, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს ჩაერთოს კომისიის მუშაობაში:

„თუ მოიწვევს პრეზიდენტი სხდომას, რასაკვირველია, აუცილებლად მივალთ და აუცილებლად დავეხმარებით იმ ხალხს, ვინც არის ღირსი შეიწყალოს პრეზიდენტმა. და კარგი იქნება, თუ შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს, ტრადიციულად, გიორგობაზე“.

რადიო თავისუფლებისათვის სარწმუნო წყაროდან ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი, შემჭიდროებული ვადების მიუხედავად, მაინც აპირებს გიორგობის დღესასწაულისთვის შეწყალების აქტის გამოცემას, რასაც მიესალმება იურისტი კახა კახიშვილი, თუმცა ერთი დათქმით:

„ყველა შეწყალება უნდა განხორციელდეს კომისიის დასკვნის საფუძველზე, იმიტომ რომ კომისიას აქვს საშუალება შეისწავლოს როგორც ჩადენილი დანაშაული, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოკვეთოს რამდენად ხისტი იყო დანაშაული და, ამავდროულად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან მიღებული ცნობებისა და დახასიათებების შესაბამისად, დადგინდეს, მოინანია თუ არა დანაშაული და ა.შ.“

კახა კახიშვილის თქმით, ასეთი დათქმის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა კომისიის გვერდის ავლით დაიწყო პატიმართა შეწყალება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წლის 19 ივლისის შეწყალების გამოყენების წესის შესახებ ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს მიენიჭა უფლებამოსილება, კომისიის შუამდგომლობის გვერდის ავლით, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება.

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი
„შეიძლება ითქვას, რომ თუ ამ ცვლილებას ამ ბრძანებულებიდან ამოვიღებთ, მაშინ პროცესი დაუბრუნდება სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოებს. თუმცა არის ასევე სხვა იდეაც, რომ ამის თაობაზე შეიძლება იქნეს მიღებული კანონი პარლამენტის მიერ, რითაც გამოირიცხება შემდგომში ნებისმიერი პრეზიდენტის მიერ ამა თუ იმ ცვლილების შეტანა და ვეღარ მოხდება მსგავსი შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი თავის ბრძანებულებაში ცვლილების შეტანით კანონზე მაღლა აყენებს თავს“, - უთხრა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, კომისია ბოლოს 20 ოქტომბერს შეიკირიბა და პრეზიდენტს 120 კაცისგან შემდგარი სარეკომენდაციო სია გადაუგზავნა, თუმცა, თევდორაძისავე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გარდა იმისა, რომ ამ სიას დაამატა რამდენიმე პატიმრის გვარი, მოგვიანებით, კომიის გვერდის ავლით, კიდევ 18 პატიმარი შეიწყალა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG