Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალების კომისია - დეპუტატების გარეშე


პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატები აღარ შევლენ. პირველად ამ კომისიის არსებობის მანძილზე, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები, არც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირები. ეს ცვლილება შევიდა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის ბრძანებულებაში. კომისიის ახალ შემადგენლობას კვლავაც ელენე თევდორაძე უხელმძღვანელებს, ახალ წევრებს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი თეოდორეც დაემატა.

შეწყალების განახლებულ კომისიაში შედიან: ელენე თევდორაძე, რომელიც ამ კომისიას ხელმძღვანელობს, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ვან ბაიბურთი, ნინო კალანდაძე და მუბარის კარაევი, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე, "24 საათის" მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე. შეწყალების კომისიის წევრად რჩება საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, კომისიის მუდმივი წევრია. კომისიაში აღარ შევლენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მათ შორის, არც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

”რატომ არ შეიყვანა კომისიაში დეპუტატები, ეს, ალბათ, პრეზიდენტს უნდა ვკითხოთ, თუმცა ამ კომისიის არსებობის მანძილზე ასეთი რამ მართლაც პირველად მოხდა. ასევე პირველად შევიდა კომისიაში საპატრიარქოს წარმომადგენელი. ეს, ჩემი აზრით, იმიტომ მოხდა, რომ საპატრიარქო ისედაც გზავნიდა ცალკე სიას შესაწყალებელი პატიმრების და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, როგორც ჩანს, გადაწყდა, რომ ბარემ ერთად გვემსჯელა ყველას კომისიაში”, - გვითხრა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ.
თუკი შეწყალების კომისიის ცვლილება შეწყალების პროცესს გახდის უფრო გამჭვირვალეს და დეპოლიტიზაცია მოხდება ამით ამ კომისიის, მაშინ ეს კარგია ...
თეა წულუკიანი

29 იანვარს შეწყალების კომისიის დაკომპლექტების ახალ წესს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეწყალების პროცესზე ზეგავლენა არც პრეზიდენტმა უნდა მოახდინოს და არც პროკურორმა:

”თუკი შეწყალების კომისიის ცვლილება შეწყალების პროცესს გახდის უფრო გამჭვირვალეს და დეპოლიტიზაცია მოხდება ამით ამ კომისიის, მაშინ ეს კარგია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ექსპერტთა აზრიც და ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ სათანამშრომლოდ”.

შეწყალების კომისიაში რჩება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მან ვერ მოისმინა დასაბუთებული მოსაზრება, თუ რატომ არ უნდა იყვნენ პარლამენტარები ამ კომისიაში:

”ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომისია იყოს პარიტეტული საწყისების მიხედვით დაკომპლექტებული და მასში იყვნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლების გვერდით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფით პრეცედენტს შექმნის, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თუ სხვა წევრებისათვის ამ უფლების შეზღუდვას - მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში”.
დღესაც ამ კომისიაში პირადი ნაცნობობით და მეგობრობით არის ხალხი მოხვედრილი. გასაგებია, რომ სააკაშვილი ვერ აიტანდა, რომ მასთან რეზიდენციაში მისულიყვნენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხვა წევრები ...
გიორგი ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც 2008 წელს შეწყალების კომისიის წევრი იყო, იხსენებს, რომ კომისიის წევრების მიერ შესწავლილ პატიმართა სიას, როგორც წესი, ემატებოდა პრეზიდენტისათვის პროკურატურის მიერ მიწოდებული დამატებითი სიაც. ცაგარეიშვილის თქმით, ხდებოდა ისეც, რომ შეწყალებულთა შორის არ ხვდებოდნენ კომისიის მიერ შეწყალებული პატიმრები:

”არაერთი ასეთი შემთხვევა ყოფილა - კომისია იწყალებდა ერთ პატიმარს, სააკაშვილი კი სხვას უშვებდა. ამაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროკურატურის წარმომადგენლები და ცვლილებები შეჰქონდათ სიაში, რაც შემდეგ მიეწოდებოდა სააკაშვილს. დღეს არავისთვის დამალული არ არის, რომ ეს კომისია გარე მოხმარებისთვის შექმნილი ერთგვარი დემოკრატიული წარმონაქმნი იყო”.

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ კომისიის აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი შედიოდა, მაინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი. მისი თქმით, ასეა ახლაც. და, რაც მთავარია, კომისიაში არც ერთი ახალი წევრი არ არის ადამიანის უფლებათა დამცველი:

”დღესაც ამ კომისიაში პირადი ნაცნობობით და მეგობრობით არის ხალხი მოხვედრილი. გასაგებია, რომ სააკაშვილი ვერ აიტანდა, რომ მასთან რეზიდენციაში მისულიყვნენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხვა წევრები თუ სხვა მაღალჩინოსნები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლო სამ თვეში პრეზიდენტმა 1500-მდე პატიმარი შეიწყალა და მათგან, როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროც აცხადებდა, უმრავლესობა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პატიმარი იყო. ასეთი ადამიანების საპატიმროდან გამოშვება ჩვენ მიერ მიღებული კანონით ამნისტიის შესახებ გათვალისწინებულიც კი არ არის”.

"შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისიისგან შეწყალების შუამდგომლობაზე უარის მიღების შემთხვევაში, ხელახალი მიმართვის ექვსთვიანი ვადა სამთვიანი ვადით იცვლება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG