Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში


მაისში ტყიბულის შახტში ოთხი მუშა დაიღუპა. „თბილსრესში“, მესამე ენერგობლოკზე, ასევე მიმდინარე წლის 25 მაისს მომხდარი ავარიის დროს ორი მუშა დაშავდა და ერთ-ერთი მალევე გარდაიცვალა. 30 მაისს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. დაღუპული 35 წლის გოგი ხვიდანია. მუშების თქმით, გოგი ხვიდანმა მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. ის მეცხრე სართულის ხარაჩოზე იდგა და შენობის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდა, როცა გადმოვარდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ობიექტზე შარშან 26 წლის თემურ გურგენაშვილი დაიღუპა. ამ უმძიმესი სტატისტიკის მიღმა დგანან ადამიანები, მათი ოჯახები, რომლებიც ზოგჯერ იძულებული არიან ოჯახის სხვა წევრიც იმავე პირობებით გაუშვან სამუშაოდ.

უკვე წლებია, ამ სამწუხარო პრაქტიკის პასუხად საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგმულია - პარლამენტს შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა. პროექტის ავტორი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მისი მოქმედება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება. ამ სამუშაოთა ჩამონათვალს კი კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

პროექტის მიხედვით, ყველა პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად აწარმოებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებული იქნება საქმიანობა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. ამ რეგისტრაციის გარეშე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობის განხორციელება აკრძალული იქნება.

მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის შეცვლის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში აუსახველობა დამსაქმებლის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იმავე ქმედებას, ჩადენილს განმეორებით, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმება მოჰყვება.

ამასთან, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასახული ამოცანების ორგანიზებისა და პრევენციის დოკუმენტის შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია საწარმოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დანიშნოს ან ამ მიზნით სპეციალური სამსახური შექმნას.

დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს 20 და ნაკლები დასაქმებული, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, თუ მას ან მის წარმომადგენელს გავლილი აქვს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. 20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი. 100 და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, - ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება მუშაობის პერიოდში დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. როგორც პროექტშია აღნიშნული, კანონის ეს პუნქტი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

რამდენად საკმარისი იქნება ეს ზომები უსაფრთხოების რეალურად დასაცავად, არის თუ არა, საერთოდ, ასეთი და უფრო მკაცრი ზომების მიღება გამოსავალი და რეალურად რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანები სამუშაო ადგილებზე აღარ იღუპებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ ძალიან იშვიათი გამონაკლისი იყოს და არა ლამის ყოველდღიური მოცემულობა, ამას კანონპროექტის განხილვებთან ერთად მისი შესრულების პრაქტიკა და საერთაშორისო პრაქტიკასთან მისი შეჯერება გვიჩვენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG