Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის აკადემიამ დაგმო სალმან რუშდის მიმართ გამოცხადებული ფატვა


27-წლიანი დუმილის შემდეგ შვედეთის სამეფო აკადემიამ, რომელიც ნობელის პრემიებს გასცემს, დაგმო ბრიტანელი მწერლის, სალმან რუშდის მიმართ ირანის მიერ გამოცხადებული ფატვა.

24 მარტს თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აკადემია აღნიშნავს, რომ ფატვა და რუშდის მოკვლისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო „უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს“. ამავე განცხადების თანახმად, ფატვა არამც და არამც არ ეთანხმება დასავლეთისა და ირანის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს, რომელიც შარშან, თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმებით დაიწყო.

სამეფო აკადემიის თავმჯდომარემ, ტომას რიადმა განაცხადა, რომ რუშდისთვის გამოცხადებული ფატვის საკითხი ისევ აქტუალური გახდა ახლახან, როცა ირანის ორმოცმა სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ მწერლის მოკვლისთვის გამოცხადებული ჯილდო 600 ათასი დოლარით გაიზარდა.

რუშდის წინააღმდეგ ფატვა 1989 წელს გამოაცხადა ირანის მაშინდელმა უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ, რომელმაც მკრეხელობად და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფად მიიჩნია მწერლის რომან „სატანურ ლექსებში“ გამოთქმული მოსაზრებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG