Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: სირიელმა მეამბოხეებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს


ვიტალი ჩურკინი
ვიტალი ჩურკინი
გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსი ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სირიელმა მეამბოხეებმა დაამზადეს ნერვული გაზი ზარინი და მარტში ის გამოიყენეს კიდეც ალეპოს სიახლოვეს განხორციელებული იერიშის დროს.

ამ თავდასხმას, რომელიც ხან ალ-ასალის პროვინციაში განხორციელდა, ოცზე მეტი ადამიანი შეეწირა. მთავრობა და მის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეები ერთმანეთს სდებდნენ ბრალს ქიმიური იარაღის გამოყენებაში.

ჩურკინის თქმით, რუსმა ექსპერტებმა თავდასხმის ადგილი მოინახულეს:

„გენერალურ მდივანს გადავეცი შედეგები, რომლებიც რუსი ექსპერტების მიერ ხან ალ-ასალში მოპოვებული სინჯების ექსპერტიზით იქნა მიღებული. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გენერალური მდივნისთვის მიწოდებული სხვა ანგარიშებისგან განსხვავებით, ჩვენი სინჯები აღებულ იქნა ჭურვის უშუალო ზემოქმედების არეალში, პირადად რუსი ექსპერტები მიერ. ეს სინჯები ჩვენამდე არ მოსულა მესამე ხელში გავლის შემდეგ“.

ვიტალი ჩურკინის განცხადებით, ჭურვის ის ტიპი, რომელიც ამ იერიშის დროს გამოიყენეს, ქიმიურ თავდასხმებში ხშირად არ გვხვდება. გაეროში რუსეთის ელჩის თანახმად, გარემოებები ადასტურებს ვარაუდს, რომ ხან ალ-ასალში ქიმიური იარაღი ოპოზიციის შეიარაღებულმა მებრძოლებმა გამოიყენეს.

ორშაბათს სირიამ მოწვევა გაუგზავნა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემსწავლელი გაეროს კომისიის ხელმძღვანელს აკე სელსტრომს და გაეროს განიარაღების განყოფილების უფროსს ანგელა კეინს. სირია გაეროს მაღალჩინოსნებს იწვევს დამასკში და სთავაზობს მონაწილეობის მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაში, სადაც ხან ალ-ასალის თავდასხმის საქმე უნდა განიხილონ.

ჩურკინი ემხრობა ასეთი შეხვედრის გამართვის იდეას - მას უწოდებს „იმედისმომცემ პროცესს“, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას დაუდოს საფუძველი.

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ვარაუდების გამამყარებელი ინფორმაცია გაეროს გენერალურ მდივანს ასევე მიაწოდეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა. თავად ბან კი-მუნი კი აცხადებს, რომ ამ საკითხთან მიმართებით ფართომასშტაბიანი გამოძიების ჩატარება სურს და არა მხოლოდ ხან ალ-ასალის შემთხვევის შესწავლა.

ვაშინგტონში თეთრის სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა, აშშ არ იცნობს არანაირ მტკიცებულებას, რომელიც გაამყარებდა მოსაზრებას, რომ სირიის მთავრობის გარდა რომელიმე სხვა ძალასაც აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ან ამგვარი იარაღი უკვე გამოყენებული აქვსო.
XS
SM
MD
LG