Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში სირიის თაობაზე „რთული“ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო


სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები
სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები
შვეიცარიის ქალაქ მონტროში გაიხსნა საერთაშორისო მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს სირიაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლიანი ომის დასრულების გზების ძიებას, თუმცა მნიშვნელოვან გარღვევას ახლო პერსპექტივაში არავინ ელის.

ოთხშაბათს, შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა დელეგატებს უთხრა, წინ უზარმაზარი გამოწვევა გელით, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებლობა ყველაფერი ახლიდან დაიწყოთო:

„ვიცით, რომ ვიდრე აქამდე მოვიდოდით, რთული გზა გამოვიარეთ. დავკარგეთ ძვირფასი დრო და ბევრი, ბევრი სიცოცხლე. სათქმელი პირდაპირ ვთქვათ: თქვენ და ყველა ჩვენგანის წინაშე არსებული გამოწვევები უზარმაზარია. და მაინც, თქვენი აქ ყოფნა იმედებს აღძრავს“.
იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა გარე ძალა სირიელებს მხარს გაუმაგრებს შეთანხმების მიღწევაში, თავს შეიკავებს და მხარეებსაც შეაკავებს მცდელობებისგან წინასწარ განისაზღვროს საბოლოო შეთანხმებები და სხვა ნაბიჯებისგან, რომლებსაც მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა შეუძლია...
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკება არ იქნება ადვილი ან სწრაფი.

ლავროვმა, რომლის ქვეყანა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, გავლენიან მოკავშირეს წარმოადგენს, განაცხადა, რომ პოლიტიკური ცვლილება გარედან არ უნდა განხორციელდეს:

„იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა გარე ძალა სირიელებს მხარს გაუმაგრებს შეთანხმების მიღწევაში, თავს შეიკავებს და მხარეებსაც შეაკავებს მცდელობებისგან წინასწარ განისაზღვროს საბოლოო შეთანხმებები და სხვა ნაბიჯებისგან, რომლებსაც მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა შეუძლია“.

ამასთან, ლავროვის თქმით, სირიის რეჟიმის მთავარი რეგიონალური მოკავშირე, ირანი, საერთაშორისო მოლაპარაკებაში ჩართული უნდა იყოს.

ლავროვის ამ განცხადების ფონია გაეროს მიერ შეხვედრაზე თეირანის მიწვევის უკან წაღება. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ იმედი, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკება წარმატებას მიაღწევს, მცირეა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კონფერენციის დელეგატებს მოახსენა, რომ მოლაპარაკება „მძიმე და რთული“ იქნება, და ხაზგასმით განაცხადა, რომ “შეუძლებელია“ ასადი დროებით მთავრობაში იყოს:

ჯონ კერი
ჯონ კერი
„ჩვენ მხოლოდ ერთ გზას ვხედავთ - მოლაპარაკების გზით მიღწეულ დროებით მთავრობას, რომელიც ერთობლივი შეთანხმებით იქნება ფორმირებული. ჩვენ რეალურ სურათს უნდა გავუმკლავდეთ - ეს ნამდვილად უნდა გავაკეთოთ. დროებითი მთავრობის მისაღწევად საერთო თანხმობა, რამაც აქ მოგვიყვანა, ნიშნავს, რომ ეს მთავრობა არ შეიძლება შეიცავდეს ფიგურას, რომელსაც ან ერთი, ან მეორე მხარე აპროტესტებს. ეს ნიშნავს, რომ ბაშარ ალ-ასადი ვერ იქნება დროებითი მთავრობის წევრი“.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალიდ ალ-მოალემის განცხადებით, ასადის გადაყენების უფლება, სირიელების გარდა, არავის აქვს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ოპოზიციურ ძალებს „მოღალატეები“ და უცხოეთის „აგენტები“ უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა, სირიაში შეიარაღების შეტანით.

ამასთან, მუალემმა სირიელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა რუსეთს და მას „სირიის ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.

შვეიცარიაში დაწყებულ მოლაპარაკებაში კიდევ ორმოცამდე ქვეყნის დელეგატები მონაწილეობენ. ეს არის სირიის ძალებს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკება თითქმის სამწლიანი ომის დასასრულებლად, რომელსაც 100 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG