Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიცოცხლით სავსე ქალაქი


ავტორი: ნინო ზარანდია

დედაქალაქის მთავარ მოედანს უკვე არაერთი წელია, რაც წმინდა გიორგის ძეგლის გარშემო კონსტრუირებული ნაძვის ხე ამშვენებს, თუმცა, 2017 წელი პირველი წელიწადია, როდესაც ქალაქის საახალწლო მორთულობის ნაწილად თბილისის მერის საარჩევნო ლოზუნგი იქცა. თავისუფლების მოედნის ცენტრში ნაძვის გარშემო თბილისის მერის, კახი კალაძის ორ ენაზე შესრულებული საარჩევნო ლოზუნგი ანათებს - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“/The City Full Of Life.

განათებულმა წარწერამ საზოგადოების მხრიდან დიდი რეზონანსი გამოიწვია, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში.ქალაქის მორთულობის „პოლიტიკურმა“ ნაწილმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან. სლოგანის საახალწლო განათებად გამოყენება საზოგადოების ნაწილმა მმართველი ძალის მხრიდან იდეების თავსმოხვევად აღიქვა, სხვა ნაწილმა დეკორაციაში მმართელი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო წარმატების დემონსტრირების მცდელობად შერაცხა, ხოლო ნაწილმა ის საერთოდაც საბჭოთა ხელისუფლების მანერას შეადარა, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურაში პარტიული სიმბოლიკის ელემენტებს რთავდა და მართლაც, საინტერესოა პარალელია, რა სივრცეები უნდა რჩებოდეს თავისუფალი პოლიტიკური მესიჯებისგან დემოკრატიულ და არა პარტიულ სახელმწიფოში, სადაც პარტია ქალაქის არქტიტექტურაშიც კი იჭრება?

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული შემთხვევა პირველი პრეცედენტია არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, როდესაც პარტიული ლოზუნგით გაფორმებული საახალწლო დეკორაცია არა რომელიმე პარტიის ოფისს ამშვენებს, არამედ ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანს, რომლის მოსახლეობის ნახევარსაც, თუ არჩევნების შედეგებით ვიმსჯელებთ ( 48.87%), სულაც არ შთააგონებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო ლოზუნგი.

თავად თბილისის მერის, კახი კალაძის განმარტებით, მართალია დეკორაცია ნაძვის გარშემო საარჩევნო ლოზუნგს წარმოადგენს, თუმცა ამასთან, ის მის სამომავლო გეგმებს გამოხატავს ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, კვლავაც პრობლემურ კითხვის ნიშნად რჩება , თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა საარჩევნო სლოგანის ქალაქის საახალწლო დეკორაციად გამოყენება.

როგორც უკვე ავღნიშნე თბილისის შემთხვევას ანალოგი არ მოეძებნება სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში და ეს ლოგიკურიცაა. პარტიული სლოგანები კონკრეტული პარტიის პოლიტიკური კამპანიის ნაწილია, რომელთა გამოყენებაც საჯარო სივრცეში წინასაარჩევნო პერიოდში რელევანტურია, თუმცა მმართველი გუნდის გამარჯვებული კანდიდატის სლოგანის განთავსება ქალაქის ცენტრში წინასახაალწლოდ სრულიად შეუსაბამოა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომელიც ტოტალიტარული ან ავტორიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით შესაძლებლობის გამოჩენისთანავე საჯარო სივრცეს პარტიული პროპაგანდისთვის არ იყენებს.

ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო საჯარო სივრცის ათვისებას სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს, რათა პოლიტიკური რეკლამა უბრალოდ იდეოლოგიურ პროპაგანდაში არ გადაიზარდოს. როდესაც დედაქალაქის ცენტრში, წინასაახალწლოდ საარჩევნო სლოგანი ამშვენებს მოედანს,ეს როგორც მინიმუმ, ამომრჩეველთა თითქმის ნახევრის აზრის არ გათვალისწინება ან მათი პოლიტიკური არჩევნისადმი უპატივისმცემლობის გამოხატულებაა. საჯარო სივრცეში განთავსებული ნებისმიერი წარწერა თუ დეკორაცია სწორედ საზოგადო ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. ისეთი რამ, როგორიცაა ქალაქის მორთულობა, ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცლილი პარტიული მესიჯებისგან, დეკორაციისა და სლოგანების შერწყმა უფრო საზეიმო განწყობის გაპოლიტიკურების მცდელობას წააგავს, რაც სრულიადაც არ შეესაბამება იმ ქვეყნის დედაქალაქის იერსახეს, რომელიც წესით აზრთა პლურალიზმის დამცველი უნდა იყოს და ნათლად მიჯნავდეს პოლიტიკური მესიჯების გავრცელების დასაშვებ და დაუშვებელ სივრცეებს ერთმანეთისგან . აქედან გამომდინარე,( თუ რა თქმა უნდა საუბარი არ გვაქვს წინაასაარჩევნო პერიოდზე) საარჩევნო სლოგანი ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა ზრუნავდეს ქალაქის მოსახლეობის წინაასაახალწლო განწყობაზე, მითუმეტეს, რომ სლოგანის შინაარსი ნაკლებად წარმოადგენს დედაქალაქის სოციალური ფონის რეფლექსიას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG