Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების სოციალური პროგრამები


კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სოციალურ სფეროს, ანუ პარტიებისა და კოალიციების ხედვას, თუ როგორ უნდა დაიძლიოს უმუშევრობა, როგორ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და რა უნდა გაკეთდეს პენსიონერთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების საარჩევნო პროგრამები ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. პოლიტიკური ლიდერები ამომრჩევლებს სამართლიანობასთან ერთად, საყოველთაო კეთილდღეობასაც ჰპირდებიან. მათთვის ცნობილია უმუშევრობის, პენსიების გაზრდისა და მაღალი ხარისხის იაფი სამედიცინო დახმარების მიღების გზები. მმართველი პარტია უმუშევრობის დაძლევას საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვითა და სპეციალისტების გადამზადებით აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის თქმით, პარტიის პროგრამის განხორციელება შვებას მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს:

„თუ მოხერხდა ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის რეფორმირება-გათანამედროვება, აუცილებელია, რომ რიგით მოქალაქეს მიუწვდებოდეს მასზე ხელი. აუცილებელია პენსიების გათანაბრება საარსებო მინიმუმთან. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია ჩვენი პრიორიტეტი. თუკი ჩვენ შევძელით ლამის 12-ჯერ გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის და ერთობლივი შიდა პროდუქტის გასამმაგება, ოჯახებმაც მაქსიმალურად უნდა მიიღონ სარგებელი.“

„ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის თანახმად, 4 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვით მოხერხდება 80 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ტურისტთა ნაკადის 7 მილიონამდე გაზრდა დამატებით 140 ათას ადამიანს დაასაქმებს, დაახლოებით 60 ათასი ადამიანი კი ჰესებისა და გზების მშენებლობაზე დაკავდება.
დაგროვებითი სისტემა იმუშავებს იმათთვის, ვინც ახლა მუშაობს, მაგრამ ვინც პენსიონერია, იმას რა ვუყოთ? ეს არის ნომერ პირველი პრობლემა დღეს, ამიტომ მიგვაჩნია გარდაუვალად პენსიების ეტაპობრივი ზრდა ...
ლევან ვეფხვაძე

უმეშევრობის დაძლევა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული პენსია - ასეთია მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტის, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი სოციალური პრიორიტეტები. კოალიციის აღმასრულებელი მდივნის ნოდარ ხადურის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში პენსია გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტს მიიღებს ყველა მოქალაქე:

„დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის 8 მილიარდი ლარი. ეს თანხა უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუ გამოვათავისუფლებთ ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯებს, რომელიც 1 მილიარდი ლარია და, თუ გამოვათავისუფლებთ სხვა არაეფექტიან ხარჯებს, მაშინ შესაძლებელი იქნება ამ ორი პროექტის განხორციელება.“

ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვით აპირებს სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარებას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, გრძელვადიან გამოსავლად საპენსიო სისტემის რეფორმირებასა და დაგროვებით სისტემაზე გადასვლას მიიჩნევს, თუმცა აქვე აკეთებს დათქმას:

„დაგროვებითი სისტემა იმუშავებს იმათთვის, ვინც ახლა მუშაობს, მაგრამ ვინც პენსიონერია, იმას რა ვუყოთ? ეს არის ნომერ პირველი პრობლემა დღეს, ამიტომ მიგვაჩნია გარდაუვალად პენსიების ეტაპობრივი ზრდა თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი სოციალური ვალდებულება ადამიანების მიმართ, რომელთაც ეუბნებოდა, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმი და თქვენ ხელზე იღებთ 110 ლარს. 10 მილიარდი ლარიდან 2 მილიარდი მიდის საპენსიო უზრუნველყოფაზე და პენსია ეტაპობრივად იზრდება: 180 ლარი, 200 ლარი, 220 ლარი, 240 ლარი.“

ახალი მემარჯვენეები კი ყურადღებას ასევე ამახვილებენ განათლების ხელმისაწვდომობაზე. პარტიის ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, 2,5- ჯერ უნდა გაიზარდოს განათლების სფეროს დაფინანსება, რათა, ერთი მხრივ, სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ, ხოლო, მეორე მხრივ, განათლების სისტემაში კვალიფიციური პედაგოგები მიიღონ. დავით გამყრელიძის თქმით, ასევე პრობლემაა ძვირად ღირებული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება:
ამას პროგრესულს მე ვერ დავარქმევდი. ეს არის წარსულში დაბრუნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავიარეთ ეს ისტორია, როცა სახელმწიფო კისრულობდა ამ ვალდებულებას, მაგრამ ის მაღალ დონეზე ამას ვერ ასრულებდა ...
პაატა შეშელიძე

„აი, ამ ფონზე, როცა პენსია არის 100-120 ლარი და ადამიანს, რომელსაც სამსახური არ აქვს, ვეუბნებით, რომ შენი ჯიბიდან უნდა გადაიხადო წამლისა და მკურნალობის საფასური, ვეუბნებით, წადი და შენ თვითონ მიხედე შენს მკურნალობას და არ ვთავაზობთ არანაირ სქემას და საგადასახადო მოტივაციას ამისთვის არ ქმნი, პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები გაწირული გვყავს უმძიმესი მომავლისათვის. ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ არ აქვთ მკურნალობის საშუალება და თანხა.“

ეკონომიკის ექსპერტთა მნიშნვნელოვანი ნაწილი პარტიების საარჩევნო პროგრამების სოციალურ მხარეს მწვავედ აკრიტიკებენ. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის, პაატა შეშელიძის თქმით, პარტიის პლატფორმები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, განსხვავებულია მხოლოდ რიცხვები და დრო.

„ამას პროგრესულს მე ვერ დავარქმევდი. ეს არის წარსულში დაბრუნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავიარეთ ეს ისტორია, როცა სახელმწიფო კისრულობდა ამ ვალდებულებას, მაგრამ ის მაღალ დონეზე ამას ვერ ასრულებდა. ისეთი კომერციული ელემენტის ჩართვა, როგორიც არის დაზღვევა, არ ცვლის სიტუაციას, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, თუ ყველას მოვიცავთ, გამოდის, რომ ეს დაზღვევა არ არის და თუ დაზღვევა არის, მაშინ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თუკი რამე უფასო აქვთ ადამიანებს, მაშინ მის მოხმარებას გაზრდიან და აუცილებლად გადააჭარბებენ ბიუჯეტს და, რაც მთავარია, ის, რაც დაპირებულია, არ იქნება უზრუნველყოფილი“, უთხრა პაატა შეშელიძემ რადიო თავისუფლებას.

პაატა შეშელიძის თქმით, პარტიების მიდგომა პროგრესულობით არც დასაქმების პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით გამოირჩევა და არც საპენსიო სისტემის რეფორმირებისა. შეშელიძის თქმით, საჭიროა პენსიების დაგროვებითი სისტემის დანერგვა, ხოლო დასასაქმებლად - კერძო სექტორისათვის სათანადო პირობების შექმნა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG