Accessibility links

საქსტატის მონაცემებით, იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტში სულ 700 ათასი ადამიანია რეგისტრირებული და მათი 48 % ქალაქში, 52 % კი სოფლად ცხოვრობს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობისა და ბოლო წლებში დაფიქსირებული შიდამიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის სპეციალური პროგრამების არსებობას მნიშვნელოვნად მიიჩნეენ თავად სოფლად მცხოვრები მოქალაქეები. რადიო თავისუფლების რესპონდენტის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების მკვიდრის, ლია აბესაძის თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს სოფლის გზის ნაწილი ბეტონის საფარით მოპირკეთდა. ლია აბესაძე იმედოვნებს, რომ ქვეყნის მთავრობა პროექტის დაფინანსებას გააგრძელებს და გზის საფარი მთელ სოფელში მოწესრიგდება.

იმერეთის სოფლებში მცხოვრებნი მიიჩნევენ, რომ გასულ წლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლებში პრობლემების მხოლოდ ნაწილი მოგვარდა და ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დასამთავრებელი. სოფლად მცხოვრებნი იმასაც ამბობენ, რომ თანხა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდებოდა და ხშირად არასაკმარისი იყო, რის გამოც პროექტს დასასრულებლად რამდენიმე წელი სჭირდებოდა, რესპონდენტთა ნაწილი კი იმ სამუშაოებზე ლაპარაკობს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა.

გასულ წელს, სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში, იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა და პროექტების ნაწილი წელსაც უნდა გაგრძელებულიყო. როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაწყებული გარდამავალი პროექტები, პროგრამის შეწყვეტის მიუხედავად, სხვა სახის დაფინანსებით აუცილებლად დასრულდება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობითვე, გასულ წელს ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან იმერეთის რეგიონში, ჯამში, 47 მილიონი ლარი დაიხარჯა 126 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის და პრიორიტეტს წარმოადგენდა ცენტრამდე მისასვლელი და სასოფლო გზების მოწესრიგება. საავტომობილო გზების გარდა, იმერეთის რეგიონში აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციული, სამედიცინო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებისა და ბაგა- ბღების შენობებს.

საქართველოს მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2009 წლიდან ყოველწლიურად გამოყოფილი 50 მილიონი ლარიდან 8 მილონ 500 ათასი ლარი იმერეთის 11 მუნიციპალიტეტზე ნაწილდებოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG