Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 აპრილს პატივს მიაგებენ სომეხთა მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა ხსოვნას


კანონიზაციის ცერემონია ეჩმიაძინში. ერევანი, 2015 წლის 23 აპრილი
კანონიზაციის ცერემონია ეჩმიაძინში. ერევანი, 2015 წლის 23 აპრილი

24 აპრილს პატივს მიაგებენ 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში დახოცილი მილიონ-ნახევრამდე სომეხი ეროვნების ადამიანის ხსოვნას. ხუთშაბათს სომხეთის ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა 100 წლის წინანდელი მოვლენების მსხვერპლნი. კანონიზაციის ცერემონია ეჩმიაძინში გაიმართა და წმინდანებად შერაცხვა კრებითად მოხდა. ცერემონიის დასასრულს საერთო-ეროვნული წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულებს და ასჯერ ჩამოკრეს სომხეთის ეკლესიების ზარებმა ყველა ეპარქიაში, სტამბოლის ეპარქიის გარდა. მოელიან, რომ დღეს ათასობით ადამიანი შეუერთდება სომხეთის დედაქალაქში დაგეგმილ პროცესიას, რომელიც მემორიალზე, მარადიულ ცეცხლთან პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ხსოვნის ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავენ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები. აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს ჯეიკობ ლიუ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი. მოელიან, რომ სტამბოლში, სომხეთის საპატრიარქოში დაგეგმილ პარაკლისს დაესწრება თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი.

ხსოვნის ღონისძიებები გაიმართება მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც, სადაც დიდია სომხური დიასპორა, მაგალითად - პარიზსა და ლოს ანჯელესში. გერმანიის პარლამენტში აპირებენ იმსჯელონ 1915 წლის ტრაგიკულ მოვლენებზე. 23 აპრილს გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა გენოციდი უწოდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელსაც 1,5 მილიონამდე სომეხი ემსხვერპლა. ბერლინში გამართულ წირვაზე გაუკმა განაცხადა: „სომხების ბედიღბალი არის მასობრივი განადგურების, ეთნიკური წმენდის, დეპორტაციის და დიახ, გენოციდის ისტორიული მაგალითი, რითაც ასე საზარლად აღინიშნა მე-20 საუკუნე“. იოახიმ გაუკმა აგრეთვე განაცხადა, რომ გერმანელებიც, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის მოკავშირეები, უნდა იზიარებდნენ „ნაწილობრივ პასუხისმგებლობას სომეხთა გენოციდის გამო“, რადგან გერმანელმა სამხედრო მრჩევლებმა იცოდნენ ამ მოვლენების შესახებ და ჩართული იყვნენ მათ დაგეგმვაში.

22 აპრილს თურქეთმა ავსტრიიდან გამოიწვია ელჩი მას შემდეგ, რაც ავსტრიის პარლამენტმა გამოსცა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც სომეხთა გაჟლეტას გენოციდი ეწოდა. 12 აპრილს რომის პაპ ფრანცისკეს გამოსვლამ განარისხა თურქეთი, როცა პაპმა მოიყვანა ციტატა იოანე პავლე მეორის 2000 წლის განცხადებიდან, რომელშიც იმდროინდელი პაპი გასული საუკუნის დასაწყისის მოვლენებს „მეოცე საუკუნის პირველ გენოციდს“ უწოდებდა. 23 აპრილის განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის განცხადებაში ასი წლის წინანდელ მოვლენებს უწოდა „საზარელი ხოცვა-ჟლეტა“.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 23 აპრილს განაცხადა: „სომეხთა განცხადებები და მათ მიერ მოტანილი ციფრები 1915 წლის მოვლენებზე უსაფუძვლოა“. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ გაიმეორა თურქეთის პოზიცია, რომ ასი წლის წინ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა გენოციდი არ არის. დავუთოღლუმ აგრეთვე განაცხადა, რომ თურქეთი „იზიარებს“ სომეხთა „ტკივილის“. „სი-ენ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა განაცხადა „ორ ხალხს შორის შერიგება თურქეთის მიერ გენოციდის აღიარებაზე გადისო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG