Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა მოსკოვთან კავშირებს ძაბავს


საპროტესტო აქცია გიუმრიში
საპროტესტო აქცია გიუმრიში

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები რუსეთის არმიას მოუწოდებენ გასასამართლებლად სომხეთს გადასცეს ჯარისკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ერთი ოჯახის ექვსი წევრის დახოცვაში. ჩვენი კოლეგის, დეიზი სინდლერის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს გაგაცნობთ:

ქალაქ გიუმრის ეკლესიასთან ასობით ადამიანმა მოიყარა თავი 15 იანვარს, რათა პატივი მიეგო ერთი ოჯახის იმ ექვსი წევრის ხსოვნისთვის, რომლებიც მათ სახლში რამდენიმე დღით ადრე დახოცეს.

ყველაზე პატარა მსხვერპლი, 2 წლის ჰასმიკ ავეტისიანი, მცირე ზომის კუბოში იყო ჩასვენებული და ხელი თოჯინაზე ჰქონდა შემოხვეული.

ავეტისიანებს მეზობლები მშვიდ და მუყაით ოჯახად ახასიათებენ. 12 იანვარს ამ ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს პაპა-ბებია, მათი ვაჟი და ქალიშვილი, რძალი და პატარა ჰასმიკი.

თავდასხმას გადაურჩა 6 თვის ჩვილი სერიოჟა - ის დანით მიყენებული ჭრილობებით, კრიტიკულ მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება.

საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროა ვალერი პერმიაკოვი, რომელიც გიუმრიში განთავსებულ მოსკოვის 102-ე სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.

დაკავების შემდეგ პერმიაკოვმა დანაშაული აღიარა. ის რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს მაშინ, როცა თურქეთში ცდილობდა გადასვლას. რამდენიმე საათით ადრე მან შეუმჩნევლად დატოვა სამხედრო ბაზა, ავტომატური იარაღით და ტყვია-წამლით დატვირთულმა.

დანაშაულის მოტივი გაურკვეველია, თუმცა არსებობს აზრი, რომ პერმიაკოვს, რომელიც ციმბირიდანაა და ბაზაზე მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იმსახურა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

არ მჯერა, რომ 4 საათზე შეიძლება ავტომატით ხელში დატოვო სამხედრო ბაზა. განგაში არ დაწყებულა, არავინ დაინტერესებულა, რატომ დათარეშობს ეს ჯარისკაცი ქალაქში, კალაშნიკოვით ხელში. შემდეგ უკვე ეს მკვლელობა...
არმან სულეიმანიანი

ეჭვმა მისი დანაშაულის შესახებ ბიძგი მისცა საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა სამიზნე არა მხოლოდ პერმიაკოვია, არამედ ქვეყანაზე კრემლის ზოგადი დომინაცია. სომხეთში კვლავ განთავსებული არიან რუსეთის ჯარისკაცები, იმ ფონზე, როცა ქვეყნის მეზობლებმა ბაზები უკვე დიდი ხანია გააუქმეს.

15 იანვარს დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციების მონაწილეები მოითხოვენ რუსეთმა პერმიაკოვი სომხეთს გადასცეს გასასამართლებლად. შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა, სულ მცირე, 15 ადამიანი, 20-ზე მეტი პირი ცოტა ხნით დააკავეს.

სომეხმა ჟურნალისტმა არმან სულეიმანიანმა რუსეთის ტელეარხ „დოჟდთან“ საუბრისას გაოცებით ილაპარაკა იმ ცნობების შესახებ, რომ მძიმედ შეიარაღებულმა პერმიაკოვმა შუაღამისას ყველასათვის შეუმჩნევლად მოახერხა სამხედრო ბაზის დატოვება: „არ მჯერა, რომ 4 საათზე შეიძლება ავტომატით ხელში დატოვო სამხედრო ბაზა. განგაში არ დაწყებულა, არავინ დაინტერესებულა, რატომ დათარეშობს ეს ჯარისკაცი ქალაქში, კალაშნიკოვით ხელში. შემდეგ უკვე ეს მკვლელობა, რომლის შესახებაც სომხეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯარისკაცმა თითქოს ჭიქა წყალი ითხოვა, უარი მიიღო და ყველა დახოცა. მოკლედ, სისულელეს სისულელე მოსდევს“.

რუსეთისა და სომხეთის ოფიციალური პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ გამოძიების მსვლელობისას ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ჯერჯერობით გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ იმის შესახებ, თუ ვის აქვს ჯარისკაცის გასამართლების უფლება.

მკვლელობიდან ერთ დღეში სომხეთის გენერალური პროკურატურის ოფისმა მიანიშნა, რომ პერმიაკოვს ერევანს ვერ გადასცემენ, რადგან რუსეთის კონსტიტუცია კრძალავს რუსეთის მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ექსტრადიციას.

მაგრამ სომეხი აქტივისტების განცხადებით, თავად ფაქტი, რომ პერმიაკოვი რუსეთმა დააკავა, არღვევს 1997 წელს მიღწეულ ორმხრივ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთის არმიის წევრი, ვინც დანაშაულს გიუმრის ბაზისგან გარეთ ჩაიდენს, სომხეთის კანონმდებლობას ექვემდებარება.

იმავე შეთანხმების თანახმად, რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა დეზერტირობა და ბაზაზე ჩადენილი დანაშაულები. შესაბამისად, რუსეთს შეუძლია იდავოს, რომ ეს საქმე მისი გადასაწყვეტია.

ბევრი შიშობს, რომ იმისაგან დამოუკიდებლად, სასამართლო სომხეთში ჩატარდება თუ რუსეთში, ორივე შემთხვევაში შედეგები, არსებითად, ერთნაირი იქნება...
ანგელა ჰასანიანი

სომხეთის გენერალურმა პროკურორმა გევორქ კოსტანიანმა გიუმრიში დემონსტრანტებს 15 იანვარს განუცხადა, რომ პერმიაკოვის ერევნისთვის გადაცემის საკითხს რუსეთის ხელმძღვანელობასთან წამოჭრის.

მიუხედავად ამისა, სომხეთის ბევრი მოქალაქე შეშფოთებულია, რომ მათი მთავრობა შესაძლოა უფრო რუსეთის მხარეს იყოს, ვიდრე მათ პოზიციას იზიარებდეს. სომხეთმა 2013 წელს უარყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ამის ნაცვლად მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში აირჩია გაწევრიანება. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი კრემლის ზეწოლის შედეგი იყო.

მასწავლებლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ანგელა ჰასანიანის თქმით, გიუმრიში და ერევანში მიმდინარე აქციების მონაწილეები ფიქრობენ, რომ სომხეთის ოფიციალურ პირებს რუსეთის განაწყენება არ სურთ და ამიტომ მძლავრ ინიციატივას არ ავლენენ. მისი თქმით, ბევრი დემონსტრანტი სკეპტიკურად უყურებს პერმიაკოვის სამართლიანი გასამართლების პერსპექტივას მაშინაც კი, თუკი მას სომხეთის სასამართლოს გადასცემენ: დემონსტრანტების მოთხოვნაა, საუკეთესო შემთხვევაში, ეჭვმიტანილის დარჩენა სომხეთში და აქ მისი გასამართლება, სომხეთის იურისდიქციით. თუმცა, არ ვიცი, რამდენად ენდობა სომხეთის საზოგადოება ხელისუფლების ამ ორგანოებს, რომ საქმეს მიუკერძოებლად გააკეთებენ და არ დაუგდებენ ყურს რუს კოლეგებს და არ მოექცევიან მათი შესაძლო გავლენის ქვეშ. ბევრი შიშობს, რომ იმისაგან დამოუკიდებლად, სასამართლო სომხეთში ჩატარდება თუ რუსეთში, ორივე შემთხვევაში შედეგები, არსებითად, ერთნაირი იქნება“.

გიუმრიში მცხოვრები მოქალაქეები დიდწილად დადებითად აღიქვამდნენ რუსეთის ბაზის მოქმედებას, სადაც არაერთი ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. თუმცა აბ ბაზასთან დაკავშირებული მოგონებები ძალადობის სხვა შემთხვევებსაც მოიცავს, რომლებიც ავეტისიანების ოჯახის დახოცვამ კვლავ აქტუალური გახადა.

რუსი და სომეხი ხალხების მრავალსაუკუნოვანმა მეგობრობამ მრავალ გამოცდას გაუძლო - თურქეთის ომების დროსაც და საშინელი ბუნებრივი კატასტროფების დროსაც. ახლა დადგა კიდევ ერთი გამოცდის დრო...
ალექსეი პოლიუხოვიჩი

1999 წელს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ორმა რუსმა სამხედრომ ქალაქის ბაზარში ცეცხლი გახსნა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა. 2013 წელს ორი ბიჭი შეეწირა ბაზის სასროლეთში რუსი სამხედროების მიერ დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობების მოქმედებაში მოსვლას.

ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარმა მიკაელ აჯაფაღიანმა გიუმრის ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა თქვა, მკვლელობათა შესახებ კითხვებზე მოქალაქეებმა მკაფიო პასუხები უნდა მიიღონო.

მკვლელობა უხერხულ დროს დაემთხვა რუსეთისთვის, რომელმაც ახლახან გამოაცხადა, რომ თავისი არმიის რიგებში კონტრაქტების საფუძველზე იწვევს უცხოელ სამხედროებს - დიდწილად იმ მიზნით, რომ გაიზარდოს ადგილობრივი კონტინგენტის რიცხვი სომხეთში, ბელორუსიაში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში დარჩენილ რუსეთის ბაზებზე.

ვითარების განმუხტვის მიზნით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაგმო მკვლელობა და თავისი მოადგილე, გენერალი არკადი ბახინი მიავლინა საგანგებო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელად. საკუთრივ ბაზის მესვეურები აცხადებენ, რომ დანაშაულს საფუძვლიანად გამოიძიებენ.

„რუსი და სომეხი ხალხების მრავალსაუკუნოვანმა მეგობრობამ მრავალ გამოცდას გაუძლო - თურქეთის ომების დროსაც და საშინელი ბუნებრივი კატასტროფების დროსაც. ახლა დადგა კიდევ ერთი გამოცდის დრო. პირებს, რომლებიც ასეთ დანაშაულს სჩადიან, ეროვნება არა აქვთ. ყველას გარწმუნებთ, რომ ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი ძალიან მკაცრად დაისჯება“ -

ასეთი განცხადება გააკეთა ბაზის უფროსის მოადგილემ, ალექსეი პოლიუხოვიჩმა, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG