სომხეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქვეყნის პრეზიდენტის დადგენილებით, მთავრობის მუშაობას გაუძღვება რუსული კომპანია „გაზპრომის“ მმართველობის ყოფილი წევრი კარენ კარაპეტიანი.
სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა 8 სექტემბერს პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და მიზეზად დაასახელა მთავრობის უუნარობა, თავი გაერთვა სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევებისათვის. თუმცა სომეხი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლა ქვეყანაში შიდა პოლიტიკური კრიზისის გამომხატველია, რაც ერთგვარი მესიჯია სომხეთის სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.
ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ბატონ კარაპეტიანის საქმიანობის სტილი და შესაძლებლობები. მას, მართლაც, შეუძლია სათავეში ჩაუდგეს ცვლილებების დიდ ტალღას სომხეთში...სერჟ სარქსიანი
ჰოვიკ აბრაჰამიანის გადადგომის განცხადებას მელანიც არ ჰქონდა შემშრალი, როდესაც სომხეთის პრეზიდენტმა მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დაასახელა. მეტიც, სერჟ სარქსიანმა კარენ კარაპეტიანს „სომხეთში ცვლილებების სიმბოლოდ“ გახდომა უწინასწარმეტყველა:
„ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ბატონ კარაპეტიანის საქმიანობის სტილი და შესაძლებლობები. მას, მართლაც, შეუძლია სათავეში ჩაუდგეს ცვლილებების დიდ ტალღას სომხეთში, მიიყვანოს საზოგადოება ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებამდე, დაამსხვრიოს ფესვგადგმული სტერეოტიპები და შესძინოს ახალი მოქნილობა ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, ეფექტიანი მუშაობით კარენ კარაპეტიანი შეძლებს იქცეს სომხეთის ცვლილებათა სიმბოლოდ“.
პრეზიდენტის ასეთი ნდობისათვის სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ოფიციალურად უკვე 14 სექტემბრიდან შეუდგება მუშაობას, გარკვეული პოლიტიკური კაპიტალიც მოეპოვება და მენეჯერული გამოცდილებაც. 53 წლის კარენ კარაპეტიანი ერევნის მერი იყო 2010-2011 წლებში. მერის პოსტის დატოვების შემდეგ ის მოსკოვში წავიდა, სადაც „გაზპრომბანკის“ პრეზიდენტის პირველ მოადგილედ დანიშნეს. მოგვიანებით ის გახდა „გაზპრომის“ განყოფილება „მეჟრეგიონგაზის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. ახალი პრემიერ-მინისტრის მენეჯერულ თვისებებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი და პოლიტტექნოლოგი ტიგრან აკოპიანი, თუმცა კარენ კარაპეტიანის კავშირები კომპანია „გაზპრომთან“ პოლიტოლოგში სერიოზულ შეკითხვებს აჩენს:
„აქ ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ კარენ კარაპეტიანი ხელმძღვანელობდა ყოვლისშემძლე რუსული „გაზპრომის“ ერთ-ერთ განყოფილებას - „გაზპრომისა“, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაც არის და ამერიკელებისაც. ასე რომ, ეს ნაბიჯი შეიძლება ჩაითვალოს ამერიკელების გარკვეულ გამოწვევად. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ჩვენს პირობებში ეს ძალიან გონივრული ნაბიჯი იყოს“.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჰოვიკ აბრაჰამიანის, გადადგომას, პოლიტოლოგ ტიგრან აკოპიანის თქმით, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რადგან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის გარდა, იყო სხვა პოლიტიკური მიზეზებიც: აპრილში საომარი ვითარების ესკალაცია მთიან ყარაბაღში და ივლისში შეიარაღებული მეამბოხეების მიერ ერევნის ცენტრში პოლიციის ნაწილის აღება, რამაც ძალიან შეარყია სომხეთის მმართველი პარტიის იმიჯი.
„მომავალი წლის მაისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. უბრალოდ, „მეისრის“ შეცვლა საქმეს ვერ უშველიდა და ამიტომ მმართველმა პარტიამ, პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის მეთაურობით, გადაწყვიტა გაეწირა ისეთი ანგარიშგასაწევი ფიგურა, როგორიცაა ჰოვიკ აბრაჰამიანი“, - ამბობს პოლიტოლოგი ტიგრან აკოპიანი და იხსენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთ ადრეულ გამონათქვამს, რომელიც მოარულ ფრაზად არის ქცეული მთელ სომხეთში. „პოლიტიკური საქმიანობა დიდ ჭკუას არ საჭიროებსო“, - უთქვამს თავის დროზე ჰოვიკ აბრაჰამიანს.