Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა „სონის“ ქმედებას შეცდომად თვლის


„ჩვენ ვერ გვეყოლება ისეთი საზოგადოება, რომელსაც რომელიღაც დიქტატორი საიდანღაც ცენზურას დაუწესებს“ - აცხადებს პრეზიდენტი ობამა

ამერიკის შეერთებული შტატები ჰაკერების მიერ კომპანიაზე Sony Pictures განხორციელებულ კიბერ-შეტევას „ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ საკითხად“ მიიჩნევს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო ადეკვატურ საპასუხო ქმედებას განიხილავს. "არსებობს მტკიცებულება, რომ კომპანიაზე „სონი“ იერიში მოწინავე ჰაკერმა მიიტანა"-განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯოშ ერნესტმა. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გძელდება და ამ მოსაზრებით უარი თქვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაზე, რომელიც მთავარ ეჭვმიტანილად ჩრდილოეთ კორეას მიიჩნევს.

რა მოხდა კომპანიაში Sony Pictures?

საქმე იმაშია, რომ 25 დეკემბერს იგეგმებოდა კომპანია „სონის“ ფართოდ რეკლამირებული ფილმის „ინტერვიუ“ გამოშვება. მის სცენარში სიუჟეტი ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ლიკვიდაციის მცდელობის ირგვლივ ვითარდება. ფილმში ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები ჯეიმს ფრანკო და სეტ როგენი თამაშობენ. ისინი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ გადაბირებულ, გაღიზიანებულ ტელეჟურნალისტებს ანსახიერებენ, რომელთაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მოკვლას დაავალებენ. როდესაც რაკეტა ვერტმფრენს ეჯახება, იქიდან კარგად ჩანს კორეის ლიდერის აფეთქებული სხეული.

ფილმის გამოშვების წინ, ნოემბრის ბოლოს „სონიზე“ დიდი მასშტაბის კიბერ-შეტევა განხორციელდა, რომელმაც მას უზარმაზარი ზარალი მიაყენა, გამოამზეურა რა ათობით ათასი დოკუმენტი, გამოუქვეყნებელი ფილმების მაღალი ხარისხის ორიგინალები და მიმოწერა, რომელიც კომპანიის ფინანსურ, თუ კერძო პირთა ინფორმაციას შეიცავდა. მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავების, კომპანიის ახლანდელი, თუ ყოფილი თანამშრომლების და კონტრაქტორების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალებიც იყო. გავრცელდა მუქარაც „სონის“ მისამართით, რომლის ესკალაციის შედეგად, ოთხშაბათს გაკეთდა განცხადება, რომ 44-მილიონიანი კომედიის საჯარო ჩვენება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ჰაკერთა ჯგუფი, რომელიც თავს „მშვიდობის დამცველებს“ (Guardians of Peace) უწოდებს, პრემიერაზე დასწრების მსურველებს აფრთხილებს, არ წავიდეს ფილმის სანახავად და ახლოს არ გაეკაროს იმ კინოთეატრებს, სადაც ფილმი გამოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ 11 სექტემბრის მსგავსი იერიშებით ემუქრებიან. კომპანია „სონის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ძალზე შეშფოთებული არიან ფილმის ჩვენების შეფერხებით. ეს ყოველივე „კომპანიას, მის თანამშრომლებს და ამერიკელ ხალხს აზარალებს. ჩვენ ფილმის შემქმნელების გვერდით ვდგავართ გამოხატვის თავისუფლების საკითხში და მიღებული შედეგით ძალზე იმედგაცრუებულები ვართ“ - ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდა აღნიშნული ფაქტების ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებთან დაკავშირება. არსებობს ვერსია, რომ ჰაკერებმა „სონის“ თანამშრომელი გადაიბირეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აცხადებენ, რომ დაზვერვას კინოთეატრებზე დაგეგმილი თავდასხმების შესახებ „სარწმუნო“ ცნობები არ მოეპოვება. სატელევიზიო არხით ABC გადაცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ კომპანიაზე Sony Pictures განხორციელებული კიბერ-შეტევა ძალზე სერიოზული ფაქტია: „ჩვენ მას ვიძიებთ. ამ ფაქტს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ფხიზლად ვიქნებით... თუ დავინახავთ რაიმე სერიოზულ და სარწმუნო ინფორმაციას, ხალხს გავაფრთხილებთ“.

19 დეკემბერს, თეთრ სახლში მოწყობილ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ კომპანიამ „სონი“ შეცდომა დაუშვა, როცა ისეთი კომედიის გამოშვება შეაჩერა, რომელსაც საფუძვლად მოგონილი სიუჟეტი უდევს. პრეზიდენტი თანაგრძნობით ეკიდება კომპანიის ხელმძღვანელთა შეშფოთებას და მათ სიფრთხილეს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „ჩვენ ვერ გვეყოლება ისეთი საზოგადოება, რომელსაც რომელიღაც დიქტატორი საიდანღაც ცენზურას დაუწესებს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მათი მხრიდან ფილმის მხარდაჭერის შესახებ. სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ფილმის შინაარსთან და მსგავს საკითხებთან მათ არანაირი შეხება აქვთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ადასტურებს, რომ კომპანია „სონის“ ხელმძღვანელები დიპლომატ დანიელ რასელს შეხვდნენ და მასთან აზიის ქვეყნებთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრეს. ჯენ ფსაკი ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლებიდან სულ მცირე ორს ფილმის „ინტერვიუ“ დაუმონტაჟებელი ვერსია ნანახი აქვს. თუმცა, ის ამბობს, რომ მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, რობერტ კინგსი არ ყოფილა.

ფხენიანის მხარე

ჩრდილოეთ კორეა კომედიის შინაარსს მკაცრად გმობს და კომპანიას „სონი“ ფილმის გამოშვებაზე ხელის აღებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური ფხენიანი ჰაკერების ქმედებას დაუფარავად აქებს და ადიდებს, მათ საქციელს კი „სწორ ნაბიჯად“ აფასებს.

ფილმის შინაარსთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეამ პროტესტი ჯერ კიდევ ივნისის თვეში გამოთქვა და კომპანიას „დაუნდობელ შურისძიებას“ დაპირდა. თუმცა, ფხენიანი ჰაკერებთან კავშირზე უარს ამბობს და თავდასხმის ფაქტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატი ამბობს, რომ ქვეყნის მიმართ გამოთქმული ეჭვი და ბრალდება „სიყალბეს“ წარმოადგენს.

შედეგი და ფინანსური ზარალი

ზოგიერთი გაანგარიშებით, კომპანია „სონისთვის“ კიბერ-შეტევით მიყენებული ზარალი 100 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. თუმცა, დაგ სტოუნის თქმით, რომელიც გამოცემის Box Office ანალიტიკოსია, კომპანიას თავისუფლად შეუძლია 55-მილიონიანი ზარალით შემოიფარგლოს და ფილმი მოგვიანებით გამოუშვას, ან ტელევიზიებს მიჰყიდოს.

ერიკ გარნერი, გამოცემის The Hollywood Reporter რედაქტორი, ამბობს, რომ კომპანიაზე მიყენებული ზარალი უპრეცედენტოა. „იყო შემთხვევები, როცა ჰოლივუდის სტუდიებმა ფილმების დისტრიბუციაში ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ ამგვარი რამ ჯერ არ მომხდარა, რომ შეტევის გამო ფილმის გამოშვება შეეჩერებინათ. თანაც საუბარია კომედიაზე“. მისი თქმით, „იყო სპეკულაციები, თუნდაც ხუმრობით, რომ ეს ყოველივე პიარ-კამპანიის მიერ მოგონილი მარკეტინგული ფანდია. ახლა კი ირკვევა, რომ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ფულს იშოვის ეს ფილმი. „სონის“ ეს აღარ უღირს. საშინელი რამ დაემართათ“ - აღნიშნავს გამოცემის რედაქტორი.

ბრიუს ბენეტი, ჩრდილოეთ კორეის სპეციალისტი „რანდის კორპორაციიდან“ მიიჩნევს, რომ ფილმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოტენციურად ძალზე ცუდ პრეცედენტს ამკვიდრებს. ამ ფაქტმა ერთის მხრივ ჩრდილოეთ კორეელი ლიდერები ძალზე გაახარა. მათი მიზანი იყო ის, რომ ფილმი დაბეჭდილი სახით არ გავრცელებულიყო და ჩრდილოეთ კორეაში არ ენახათ. მათ ამ მიზანს ჯერჯერობით მიაღწიეს. მეორეს მხრივ კი „ის უცხოელები, ვისაც ფილმების გამოშვების შეჩერება მოუნდება, ამ ჰაკერებისგან მაგალითს აიღებენ და ეს შეერთებული შტატებისთვის საშიში მაგალითი აღმოჩნდება“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

კორეის სპეციალისტი ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში ლეონიდ პეტროვი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი ამ ფაქტში ფხენიანის მონაწილეობა დადასტურდა, ამერიკას დიდი არჩევანი არ ექნება. „ვფიქრობ, შეერთებული შტატების მთავრობას ჩრდილოეთ კორეაზე ზემოქმედების საკმაოდ ლიმიტირებული ბერკეტები გააჩნია. მათ შორის არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არც დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვთ და არც სავაჭრო ურთიერთობები. პრაქტიკულად არანაირი გაცვლა, ან ერთობლივი პროექტი არ ხორციელდება“. მართალია ამერიკამ მოკავშირეებთან ერთად ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა, მაგრამ ამ ნაბიჯით არამარტო მისი იზოლირება და ეკონომიკური გაჩანაგება უზრუნველყო, არამედ მისი დასჯის საშუალებებიც შეზღუდა“ - აღნიშნავს ექსპერტი.

რემკო ბრუკერი, კორეულ სწავლებათა ჰოლანდიელი პროფესორი თვლის, რომ ამერიკას საპასუხო რეაქციის მიცემა ჯერ კიდევ შეუძლია. მისი აზრით, თუკი ჰაკერთა თავდასხმის მიღმა ჩრდილოეთ კორეა აღმოჩნდა, „ამერიკამ ერთადერთი რაც უნა მოიმოქმედოს, არის ის, რომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ფილმის კინოთეატრებში გამოსვლა და გავრცელება. ეს მომავალში კიბერ-შეტევების პრევენციისთვისაც სწორი ნაბიჯი იქნებოდა“ - ამბობს ის.

ჰოლივუდის რეაქცია

შოუ-ბიზნესის ამერიკელი ვარსკვლავები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ კომპანია „სონის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და საკუთარ აზრს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ აფიქსირებენ. კომიკოსი ჯიმი კიმელი მომხდარს „ანტი-ამერიკელებისადმი სიმხდალის გამოხატულებას“ უწოდებს და ფიქრობს, რომ ეს ძალზე საშიში პრეცედენტია. მას ეთანხმება მსახიობი რობ ლოუი, რომელიც ფილმის გამოშვების შეჩერებას ჰაკერთა „უპირობო და სრულ გამარჯვებად“ აფასებს. მსახიობი სტივ კარელი ამბობს, რომ ამერიკაში „შემოქმედებითი გამოსახვისთვის ძალზე ცუდი დრო დადგა“.

XS
SM
MD
LG