Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის პროდუქტი, სახლიდან გაუსვლელად


ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და ჯანსაღ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის - კიტრის, პამიდვრის, სოფლის ქათმის, ნატურალური თაფლისა და რძის პროდუქტების - შეძენა ყველგან შესაძლებელი არ არის.

Soplidan.ge არის საიტი, რომელიც მომხმარებელს სოფლის ეკოლოგიურად სუფთა, სხვადასხვა სახის პროდუქტს სთავაზობს. საიტზე შეგიძლიათ საქართველოს რეგიონებში გლეხის მიერ მოყვანილი პროდუქტი - „დაბრენდილი“, დაფასოებული და შეფუთული - სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ.

დიასახლისის მოთხოვნილებით ნაკარნახევი იდეა ნათია ნინიკელაშვილს და ნინო მღებრიშვილს ეკუთვნით.

ნათია: “მეც და ჩემი პარტნიორი ნინო მღებრიშვილიც, ორივე, პატარა შვილების პატრონები ვართ და სულ ვფიქრობდით, თუ როგორ პროდუქტს ვაჭმევთ მათ. ვიფიქრეთ, რომ ჩვენ თუ გავიმარტივეთ და ჯანმრთელი პროდუქტი მივაწოდეთ ბავშვებს, სხვებიც სიამოვნებით შეხვდებოდნენ ამ ინიციატივას.

მე თელაველი ვარ და ვიცნობ ადამიანებს, ვისაც საკუთარი მეურნეობა აქვთ. შევხვდით ადამიანებს, ვისი ნდობაც შეიძლებოდა, და ვკითხეთ, იქნებოდნენ თუ არა მზად ჩვენი პირობების მისაღებად. დღემდე ჩვენ ვკარნახობთ პირობებს. თუ არ არის პროდუქტი ისეთი, როგორიც ჩვენ მოგვწონს, არ ვიღებთ. პირველივე ეტაპზე რამდენიმე ოჯახი დაინტერესდა, რომლებსაც სურდათ ჯანსაღი პროდუქტი ეწარმოებინათ. აი, ეს იყო დასაწყისი”.

ნათიამ და ნინომ იმის კეთება დაიწყეს, რაც მანამდე მათთვის უცხო იყო. საერთაშორისო საიტებზე მოძიებულმა ინფორმაციამ გლეხისა და ინტერნეტმაღაზიის კავშირი გააადვილა. ნათიას თქმით, პროდუქტის ფასს ბაზარი განსაზღვრავს:

“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ურთიერთობა შევინარჩუნოთ ერთი და იმავე ადამიანებთან. ვთანამშრომლობთ მათთან, ვისი წარმოების რაოდენობა და მოწოდების ხარისხიც მოგვწონს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს გაუფუჭდება პროდუქტი და ვერ მოგვაწოდა. ამ შემთხვევაში გვყავს ალტერნატივა. ხოლო მაშინ, როდესაც რომელიმე პროდუქტზე მომხმარებლისგან უარყოფითი feedback მოდის, ბუნებრივია, ვცვლით. გლეხი გვთავაზობს იმ ფასს, რა ფასადაც უღირს კონკრეტული პროდუქტის წარმოება, ამას ემატება ჩვენი ხარჯები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქალაქის ზოგად ფასებს არ გავცდეთ“.

პროდუქტის ჩამონათვალი დამოკიდებულია სეზონზე, მომხმარებლის მოთხოვნაზე. შპს „სოფლიდან“ დარეგისტრირებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რაც კომპანიას ვალდებულს ხდის გააკონტროლოს პროდუქტის შენახვისა და დაფასოების წესები.

"მომავალ გეგმებზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ძალიან ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. მომხმარებელი ბევრად უფრო კომფორტულად შეძლებს საიტის გამოყენებას და პროდუქტის მიღებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საიტზე შემოსულ მომხარებელს შეეძლოს პროდუქტის არჩევა და იყოს მშვიდად, რომ არსად წასვლა არ მოუწევს ჯანსაღი პროდუქტის საყიდლად“.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG