Accessibility links

სოციალ-დემოკრატები გადასახადების გასაზრდელად საკონსტიტუციო ბარიერის მოხსნას ითხოვენ


სოციალ-დემოკრატები კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც გადასახადების განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდისა და ახალი ტიპის გადასახადების შემოღებისათვის რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება (გარდა აქციზისა) ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს).

94-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და, ამავე დროს, არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება არც გადასახადის სახით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის შეცვლა.

გადასახადის ახალი სახის შემოსაღებად ან გადასახადის ზედა ზღვრის გასაზრდელად რეფერენდუმის დანიშვნის აუცილებლობა, კონსტიტუციასთან ერთად, განსაზღვრულია ორგანული კანონით ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ამ კანონისა და საგადასახადო კოდექსის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადია: საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); იმპორტის გადასახადი; აქციზი, რომელსაც, კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება.

ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს მიიღო და თავისუფლების აქტის კონტექსტში მოიაზრებოდა, რაც ბიზნესისთვის ხელშეწყობის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა. ამ ცვლილების მიზანი იყო პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნა პოტენციური ინვესტორებისთვის, რომელთაც გარანტია ექნებოდათ, რომ საქართველოში ფულის დაბანდების შემთხვევაში საგადასახადო ტვირთის დამძიმება არ დაემუქრებოდათ.

გადაწყვეტილების მიღების მომენტისთანავე განისაზღვრა, რომ ცვლილება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდებოდა. შესაბამისად, 2013 წლის 17 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილმა ფიცი დადო, კონსტიტუციაში შეტანილი ეს ცვლილებაც ძალაში შევიდა.

ამჟამად სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კონსტიტუციაში არსებული ეს ჩანაწერი უნდა გაუქმდეს, რადგან ის არსებითად ზღუდავს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, უფლებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარება და ინსტიტუციურ დემოკრატიას აზიანებს.

რეალურად ამ ცვლილების მოთხოვნა დღეს, როცა აქციზების გაზრდამ ბიზნესისა და საზოგადოების მდგომარეობა უკვე გაართულა, საკმაოდ მძიმე შეტყობინებაა საქმიანი ადამიანებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის, რომელთაც მსგავსი ცვლილება არასტაბილურობის განცდას და ტვირთის დამძიმების პერსპექტივას უჩენს. ეს ღია არჩევანი იქნება სოციალისტურ პერსპექტივაზე. მსგავსი ცვლილება, თუ ის რეალურად შედგა, ნამდვილად ვერ წაადგება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ხოლო შენელებული ეკონომიკური ზრდის პირობებში რამდენად რეალისტურია სოციალური ხარჯების ზრდა, ამას წლევანდელმა ბიუჯეტმაც გასცა პასუხი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG