Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სოუ - ხელოვნების სხვა ზღვა”


ფესტივალი “სოუ”
ფესტივალი “სოუ”

ავტორი: ელისაბედ გედევანიშვილი

ფესტივალი, სახელწოდებით “SOU”, თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს, აუდიო-ვიზუალურ კონცერტებსა და გამოფენებს თითქმის ორი თვის განმავლობაში სთავაზობდა. ეს ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართა საქართველოში. მონაწილეთა შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი ხელოვანები. ფესტივალმა გააერთიანა სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლები, - რობერტ ჰენკე, ზინა პარკინსი, ზურა ჯიშკარიანი, სტივ რაიხი, კეიჩირო შიბუია, - მაყურებელს კი უცნაური და დაუვიწყარი მოგონებები შემატა.

“სოუ - ხელოვნების სხვა ზღვა”
please wait

No media source currently available

0:00 0:08:25 0:00
გადმოწერა

დღეს საქართველო ბევრ ფესტივალსა თუ გამოფენას მასპინძლობს. კლუბური ცხოვრება, გამოფენები და პროექტები უცხოელ და ქართველ ხელოვანებს იზიდავს. ფესტივალი “სოუ” ორი წელია, რაც არსებობს. “სოუ” აკრონომია და ინგლისურად ნიშნავს “stream of unconsciousness”-ს, ქართულად კი - “არაცნობიერის ნაკადს”. ფესტივალის მთავარი მიზანი სწორედ იმ ნაკადის, სულისკვეთების გამოღვიძებაა, რომელმაც საქართველოში კონფლიქტებისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მიიძინა და ქართველი მსმენელის არაცნობიერ მეხსიერებაში დაიდო ბინა. სანდრო ლომინაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი, “სოუს” მიზანს ასე განმარტავს:

“ეს არ არის სიახლე საქართველოსთვის, ასეთი მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრება საქართველოში მე-19 ს-სა და მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა. ეს ყველაფერი თითქოს გაქრა ჩვენი მეხსიერებიდან, თუმცა არსებობს რაღაც არაცნობიერი მეხსიერება. ამ მეხსიერებაზე დაფუძნებით ხდება, რომ თბილისში, საქართველოსნაირ ქვეყანაში, არის ეს ფესტივალი შესაძლებელი და წარმატებული. “სოუს” მიზანია ქვეყნის კოლექტიურ არაცნობიერში დაკარგული მეხსიერების გამოღვიძება; ის ბოლო ეტაპი, პერიოდი, რომელსაც მერე საბჭოთა კავშირმა დაგვაშორა”.

ფესტივალი “სოუ”
ფესტივალი “სოუ”

ფესტივალის ორგანიზატორებს არა აქვთ არჩეული სახელმძღვანელოდ ხელოვნების კონკრეტული მიმართულება და ჩარჩო, რადგან ფიქრობენ, რომ თანამედროვე ხელოვნება მრავალფეროვანია და შეუძლებელია ჩარჩოებს მოარგო აპლიკაციით დაწერილი კეიჩირო შიბუიას ვოკალოიდური ოპერა ან ზურა ჯიშკარიანის ინსტალაცია, რომელიც ზღვაში განთავსებული სენსორების მეშვეობით ტალღების ღელვას გრძნობს.

2017 წლის თემა “სხვა ზღვაა”, რომელიც ახალ და განსხვავებულ სივრცეს აღნიშნავს. სწორედ სხვა ზღვაში იბადება ის სიახლე, რომელიც ბევრს დააფიქრებს და წაახალისებს. სანდრო გვიამბობს:

“პროგრამის არც ერთი ნაწილი თითქმის ერთმანეთთან კავშირში არ იყო და, უბრალოდ, მთელი პროგრამა მიზნად ისახავდა, რომ ქართველი აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად გაგვეცნო, რისი საშუალებაც გვქონდა - გვეჩვენებინა, რამდენად მრავალფეროვანია მუსიკა: სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა არტისტი ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს წერს”.

წელს “სოუს” მსმენელი ბევრ ქართველ ხელოვანსაც გაეცნო. ზურა ჯიშკარიანი ერთ-ერთი მათგანია. ხელოვანის ინსტალაცია “ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?” „ექსპო ჯორჯიაში“ მოეწყო. ზურა ჯიშკარიანი არც ტექნოლოგიით და არც თემატიკით არ ჩამოუვარდება “ნიუ მედია არტის” წამყვან წარმომადგენლებს. პავილიონში შესული სტუმარი უზარმაზარ გემს წააწყდებოდა. გემს “დილა” ერქვა და მის გარშემო სიჩუმე სუფევდა, ბნელოდა, პოპულარულ სიმღერებს ზღვის ხმები ენაცვლებოდა, ხმების თანმიმდევრობას კი შავ ზღვაში ჩადგმული სენსორები ადგენდნენ. მათ სხვადასხვა ძალის ტალღები ეხეთქებოდნენ და გემის ხმაურსაც ისინი განაპირობებდნენ. ინსტალაცია არარეალურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მარიამ ნატროშვილი, “სოუს” საგამოფენო ნაწილის კურატორი, ამბობს:

“’სოუს”’აქვს ერთი თვისება, შეიძლება ოდნავ გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ თითქოს ჯადოსნური თვისება - გაკეთება ისეთი რაღაცების, რომლებიც, ერთი შეხედვით, შეიძლება წარმოუდგენელი იყოს”.

ფესტივალს მრავალი უცხოელი და ქართველი გამოჩენილი აკადემიკოსი თუ მუსიკოსი გამოეხმაურა. ნიკოლოზ რაჭველმა, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა, ფესტივალის აქტუალურობაზე გაამახვილა ყურადღება:

ვიმედოვნებ, რომ ის, რასაც “სოუ” ახლა სთავაზობს საქართველოს, იქნება ახალი ძვრების წამახალისებელი კონსერვატორიაში, თბილისის ოპერაში. გაჩნდება მოთხოვნა თანამედორვე ოპერებზე, თანამედროვე კლასიკურ მუსიკაზე, თანამედროვე ექსპერიმენტულ მუსიკაზე...
სანდრო ლომინაშვილი

“განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანას ჰყავს ახალგაზრდა ხელოვანები, არტისტები, რომლებმაც ინფორმაცია იციან სხვადასხვა მედიაგზებით, როგორიც შეიძლება იყოს იუტუბი, სოციალური ქსელი, სხვადასხვა აუდიოპორტალი. ბუნებრივი შეხება ამ ხელოვნებასთან შეიძლება ბევრს არ ჰქონოდა - მათ, ვისაც, მაგალითად, არ აქვს საშუალება გაემგზავროს და დაესწროს ასეთ ღონისძიებებს. მეტსაც გეტყვით, ხელოვანთა უმეტესობა მოკლებულია მატერიალურ საშუალებებს. ამიტომ ის, რომ ჩვენს არტისტებს ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ, ვფიქრობ, რომ “სოუს” დიდი მონაპოვარია”.

ფესტივალ “სოუს” კრიტიკოსებიც ჰყავს. მათი თქმით, ის, რაც ფესტივალზე ხდება, ტრადიციული ხელოვნება არ არის. და აქ ჩნდება კითხვა: რა არის, საერთოდ, ხელოვნება? ნიკოლოზ რაჭველი ამბობს:

“ყოველთვის, როდესაც ჩნდებოდა ახალი ხელოვნება, მას მხოლოდ მეხოტბეები და მხარდამჭერები არ ჰყავდა ხოლმე. მოსაზრებები ყოველთვის იყოფოდა რამდენიმე და, მათ შორის, ორ მკვეთრ ნაწილად: ერთნი, რომლებიც ბოლომდე მხარს უჭერდნენ ინოვაციას, და მეორენი, რომლებიც ან ეჭვით უყურებდნენ მას, ან რადიკალურად ებრძოდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს არ არის კარგი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ხელოვანმა და, მით უმეტეს, ვინც ახალს ქმნის, იცის და გათვითცნობიერებული აქვს. ის, რაც ყველას მოსწონს, ჩემი აზრით, ნაკლებად არის მომავალზე და ხანგრძლივ სიცოცხლეზე გათვლილი ხელოვნება”.

ფესტივალი, მართლაც, დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. კონცერტები იმართება როგორც შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, ასევე სარაჯიშვილის ქარხანაში. აქ ბევრ დამწყებ შემოქმედს და ხელოვნების მოყვარულს შეხვდებით.

ირაკლი ჩიხრაძე ფესტივალის აქტიური სტუმარია. მისთვის კონცერტზე მისვლა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მარტო სიამოვნების მიღებაა. ამბობს, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეოცე საუკუნის მოდერნისტული მუსიკის თანამედროვე ელექტრონულ მუსიკასთან ერთი ფესტივალის ფარგლებში გაერთიანებამ:

“ეს იყო ერთი დიდი აკადემიური თავგადასავალი, შემეცნებითი სამუშაო, რადგან ეს არ იყო მხოლოდ ფესტივალი ფესტივალისთვის, ეს არ იყო ფესტივალი გართობისთვის, ეს იყო ფესტივალი განათლებისთვის”.

წლევანდელი ფესტივალის იდეა იყო “სხვა ზღვა”. ორგანიზატორების თქმით, მან გაამართლა. ბევრმა მსმენელმა შეძლო გასცნობოდა იმ მუსიკას, რომელთანაც აქამდე კავშირი არ ჰქონია. ამიტომაც მომავალში შესაძლებელი იქნება უფრო ვიწრო და პროფილური განხრები შეიტანონ პროგრამაში. მსმენელს უკვე აქვს ზოგადი წარმოდგენა მსოფლიო თანამედროვე ხელოვნებაზე და მზად არის ახალი შეიცნოს.

ფესტივალი “სოუ”
ფესტივალი “სოუ”

ფესტივალის დამფუძნებელი სანდრო ლომინაშვილი ამბობს:

“ვიმედოვნებ, რომ ის, რასაც “სოუ” ახლა სთავაზობს საქართველოს, იქნება ახალი ძვრების წამახალისებელი კონსერვატორიაში, თბილისის ოპერაში. გაჩნდება მოთხოვნა თანამედროვე ოპერებზე, თანამედროვე კლასიკურ მუსიკაზე, თანამედროვე ექსპერიმენტულ მუსიკაზე. ვოკალოიდური ოპერა, რომელიც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში არის პირველი თანამედროვე ოპერა, რომელიც ჰაცუნე მიკუს ოპერით გამოჩნდა. ძალიან ბევრი ქართველი მუსიკოსისგან მესმის, რომ უნდა თანამედროვე ქართული ოპერის გაკეთება. რაღაც პროექტებს გვთავაზობენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ფესტივალს აქვს ძალა რაღაც მიმართულებების განვითარებას უბიძგოს ხელი”.

სანდროს თქმით, საამაყოა, რომ ამდენი ქართველი ხელოვანი მონაწილეობდა 2017 წლის პროგრამაში. ფიქრობს, რომ მომავალში უფრო დიდ დროს დაუთმობენ ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობას, ყოველმხრივ ეცდებიან მათ ხელი შეუწყონ, რათა დადგეს დრო, რომ საქართველოში გამართულ ფესტივალზე პროგრამის მინიმუმ ნახევარი ქართული ნაწარმოებებით შეივსოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG