Accessibility links

ქართული სპორტის 2016 წლის მოსავალი


თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები ხვდებიან რიოდან დაბრუნებულ სპორტსმენებს

2016 წელი ოლიმპიური თამაშების წელი იყო და სპორტული შედეგების შეჯამებისას ათვლა სწორედ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლებით უნდა დავიწყოთ. ქართული დელეგაცია ბრაზილიაში 40 სპორტსმენით ჩავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შედეგიანობითაც „რიო 2016“ ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა: 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით საქართველომ 207 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პირველი ტალახაძე ავიდა. 22 წლის მძიმეწონოსანმა ოლიმპიურ ფიცარნაგზე ექვსივე ცდა გამოიყენა და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ლაშა ტალახაძემ ახალგაზრდულ ასაკში მოასწრო ის, რასაც მსოფლიო სპორტის კაშკაშა ვარსკვლავები მთელ კარიერას ანდომებენ და ხშირად დრო მაინც არ ჰყოფნით: გახდა ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი. ახლა ლაშა ტალახაძის მთავარი ამოცანა მოგებული ტიტულების დაცვაა:

"2016 წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო, რადგან უმნიშვნელოვანეს ტურნირებში მივიღე მონაწილეობა და ყველა ტურნირიდან გამარჯვებული დავბრუნდი საქართველოში. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. პირიქით, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩემზე, რაც ფსიქოლოგიური დატვირთვაცაა, რადგან მოპოვებულ ტიტულებს დაცვა სჭირდება. კონკურენცია ძალიან დიდია და, ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება. მომავალ წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებში მივიღებ მონაწილეობას. სისტემატიურ ვარჯიშს რამდენიმე დღეში დავიწყებ და ჩავდგები ძველებურ ფორმაში".

ირაკლი თურმანიძე
ირაკლი თურმანიძე

ძალოსნობაში, ასევე მძიმე წონაში, „რიო 2016“-ის კონკურენციაში კიდევ ერთი ქართველი, ირაკლი თურმანიძეც, ჩაება. ტალახაძის მსგავსად, მანაც ექვსივე ცდა გამოიყენა, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ოლიმპიური კვარცხლბეკის თავზე საქართველოს ორი დროშა აფრიალდა.

ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ ახლა უკვე ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მოიპოვა უმაღლესი ჯილდო. 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა კი ამჯერად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში გაიხარა ტიტულით.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა. 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, რომლის გადადგმაშიც მეტოქეზე მეტად ხელი მსაჯებმა შეუშალეს.

ვლადიმერ ხინჩიგაშვილი
ვლადიმერ ხინჩიგაშვილი

რიოშიც იყო მომენტი, როდესაც უსამართლობის გამო შეიძლებოდა კარიერის უმთავრეს მიზნამდე მისვლა კიდევ მინიმუმ 4 წლით გადადებულიყო, მაგრამ ამჯერად მსაჯებმა უკან დაიხიეს. ხინჩეგაშვილმა ოქროს სრული კოლექცია 25 წლის ასაკში შეაგროვა.

"ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. ჩემს წონაში მსოფლიოს ხუთი ჩემპიონი ჭიდაობდა და, აქედან გამომდინარე, ვიცოდი, გამარჯვება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ჩემს სპორტულ კარიერაში ბევრი არაფერი შეიცვლება, მაგრამ უფრო თავისუფლად ვიქნები, იქედან გამომდინარე, რომ მიზანს უკვე მივაღწიე. მომავალში კოლექციას რაც უფრო მეტ ჯილდოს მივამატებ, მით უკეთესი".

სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიადა ოქროს მედლის გარეშე ჩაამთავრა. ათენის (2004), პეკინისა (2008) და ლონდონის (2012) შედეგებიდან და ბოლო წლებში მოგებული ჯილდოებიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრები რიო დე ჟანეიროდან უმაღლესი სინჯის მედლებს ყველაზე მეტად სწორედ ძიუდოისტებისგან ელოდნენ, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის ვერც ერთმა წევრმა ვერ შეძლო. საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და, ბუნებრივია, საბოლოო შედეგს ცუდს ვერავინ დაარქმევს, მაგრამ ქომაგების იმედგაცრუება ოქროს გარეშე დარჩენას უკავშირდება.

ყველაზე მძიმე დარტყმა ავთანდილ ჭრიკიშვილის მარცხი აღმოჩნდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ბრაზილიაში მთავარი ფავორიტის რანგში ჩავიდა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს მედროშე სწორედ ჭრიკიშვილი იყო. მას შეეძლო ისტორიაში შესულიყო, როგორც პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც სამივე უმთავრესი შეჯიბრების - ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების - ოქროს მედლები მოუპოვებია, მაგრამ ბრაზილიაში საპრიზო სამეული მის გარეშე შეივსო.

ფავორიტის წარუმატებლობით გაფუჭებული ხასიათი ქართველი ქომაგებისთვის მეორე დღეს ვარლამ ლიპარტელიანს უნდა გამოეკეთებინა, მაგრამ ევროპის 3-გზის ჩემპიონს (2012, 2014 და 2016) მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი

ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა კი რიო დე ჟანეიროს ტატამზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ოლიმპიადის შემდეგ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა და გუნდი სხვა სპეციალისტებს ჩააბარა.

"არ ვთვლი, რომ ოლიმპიური თამაშები წარუმატებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს გარეშე დავრჩით. მოვიპოვეთ ორი მედალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ, ზოგადად, კონკურენცია ძიუდოში მსოფლიოს მასშტაბით ძალიან გაიზარდა. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ არ გვყავს ოლიმპიური ჩემპიონი. ამის პოტენციალი გუნდს ნამდვილად ჰქონდა და ცუდია, რომ ვერ გამოიყენა. რაც შეეხება მწვრთნელების შეცვლას, ეს არ არის განპირობებული ოლიმპიური შედეგით. სამწვრთნელო შტაბში ცვლილების განხორციელება გაცილებით ადრე მიმაჩნდა საჭიროდ, მაგრამ ოლიმპიურ ციკლში ეს ნაბიჯი არ გადავდგით", - ამბობს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

„რიო 2016“-ზე, ირაკლი თურმანიძისა და ლაშა შავდათუაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ მოჭიდავეები შმაგი ბოლქვაძე და გენო პეტრიაშვილი.

ზვიად გოგოჭური
ზვიად გოგოჭური

ოლიმპიადას, ტრადიციულად, პარალიმპიური თამაშები მოჰყვა და ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, „რიო 2016“-ზე პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზვიად გოგოჭურმა გააკეთა. სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამასთან, გოგოჭურმა უახლესი ქართული ისტორიაც დაწერა - ის საქართველოდან პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო.

გასულ წელს მსოფლიო სპორტში ძალიან აქტუალური იყო დოპინგ-სკანდალები, რომელთა გამოც რიოს ოლიმპიადა ასობით სპორტსმენს გამოატოვებინეს. საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს ინიციატივით, თავიდან გადაისინჯა წინა რამდენიმე ოლიმპიადის დოპინგ-ტესტები და უამრავი დისკვალიფიკაციის ცნობაც გავრცელდა. საბედნიეროდ, ამ სკანდალით ქართულ სპორტს არაფერი დაჰკლებია. პირიქით, ორი სასიხარულო ამბავი მივიღეთ.

პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ძალოსან არსენ კასაბიევს და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძეს ვერცხლის მედლები გადაეცემათ. ორივემ მათზე წინ მყოფი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მოხმარების გამო იხეირა.

რაც შეეხება სხვა სპორტულ ღონისძიებებს, ტრადიციულად წარმატებულ საჭიდაო სახეობებში 2016 წელს ოლიმპიური თამაშების გამო მსოფლიოს ჩემპიონატები არ ჩატარებულა. ევროპირველობებზე კი ქართველებმა, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს.

სპორტის გუნდური სახეობებიდან, ბოლო წლების მსგავსად, ისევ რაგბი და კალათბურთი უნდა გამოვარჩიოთ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტრადიციული ტურნირის - ერთა თასის - იოლად მოგების შემდეგ, ზაფხულში, ოკეანეთის ტურნეზე ბრწყინვალედ ითამაშა. მოუგო ტონგასა და ფიჯის ნაკრებებს, ფრედ დაასრულა შეხვედრა სამოასთან.

საშემოდგომო ტესტები კი ბორჯღალოსნებისთვის ისეთი შთამბეჭდავი ვეღარ იყო. მართალია, რევანში აუღეს სამოას, მაგრამ დამარცხდნენ შინ იაპონიასთან და სტუმრად -შოტლანდიასთან.

"ნორმალური, საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო. განსაკუთრებით გამოვყოფ ზაფხულის ტურნეს ოკეანეთში, რომლის შემდეგაც გულშემატკივარი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა. ბუნებრივიც იყო, რადგან აქამდე ასეთი თამამი განაცხადი არ გაგვიკეთებია. უკვე ნაკრებისგან ყველა მეტს ელოდება და ჩვენც უფრო მობილიზებულები ვართ. შემოდგომის ტურნე ისეთი წარმატებული ვერ იყო, მაგრამ დაგვანახვა ის ნაკლოვანებები, რომლებზეც სამუშაო გვაქვს, და ისიც გამოჩნდა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ" - ასე შეაფასა 2016 წელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეოთხედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. შესარჩევ ციკლში ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფში მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ნაკრებებს აჯობეს.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ზაზა ფაჩულიას ტრანსფერიც. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა NBA-ს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ `გოლდენ სტეიტთან" გააფორმა კონტრაქტი და, საჩემპიონოდ შემართული, კლუბის სასტარტო ხუთეულის წევრია.

საქართველო - აზერბაიჯანი
საქართველო - აზერბაიჯანი

ქართული ფეხბურთისთვის, წინა წლების მსგავსად, 2016-იც წარუმატებელი გამოდგა. საკლუბო ევროტურნირებს საქართველოს მოწინავე კლუბები ისევ საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოეთიშნენ. ეროვნული ნაკრების ანგარიშზე კი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამართულ ოთხ თამაშში, მხოლოდ 2 ქულაა.

თუმცა 2016-ში ერთი საოცარი გამარჯვებით გულშემატკივრები ფეხბურთელებმაც გაახარეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გააოცეს.

8 ივნისს, საქართველოს ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს, სტუმრად დაუპირისპირდა და, ყველასთვის მოულოდნელად, 1:0 დაამარცხა.

სეზონი მიიწურა და ახლა ყველაზე აქტუალური შედეგების შეჯამება და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების გამოვლენაა. თითქმის ყველა გამოკითხვაში წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძემ მოიპოვა - მათ შორის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვერსიითაც.

რადიო თავისუფლებისთვის 2016 წელი სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც შეაჯამა:

"ცალსახად შეგვიძლია 2016 წელი შევაფასოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. 840-ზე მეტი მედალი მოვიპოვეთ. აქედან, დაახლოებით, 300 ოქროსია. გვყავს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ყველა ქვეყანა იამაყებდა ამ შედეგით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. ამისთვის ერთმანეთის მხარდაჭერაა საჭირო და ეს თანადგომა კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ სპორტს".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG