Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ლევინსონი: „რუსეთში ამჯობინებენ, დაივიწყონ ისტორიის ნეგატიური მხარეები“


სტალინის საფლავი კრემლის კედელთან, მოსკოვის წითელ მოედანზე
სტალინის საფლავი კრემლის კედელთან, მოსკოვის წითელ მოედანზე
5 მარტს საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 60 წელი გავიდა, თუმცა რუსეთში სტალინი არათუ არ ავიწყდებათ, არამედ ბოლო 15 წლის განმავლობაში მის მიმართ ინტერესი გაიზარდა, რასაც ხელს უწყობს ვლადიმირ პუტინის მმართველობა და ისტორიისადმი რუსი ხალხის ამბივალენტური დამოკიდებულება, - მიაჩნია სოციოლოგ ალექსეი ლევინსონს, მოსკოვის ლევადა-ცენტრის სოციალური კვლევების განყოფილების დირექტორს, რომელმაც საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა სტალინის როლზე.

ლევადა-ცენტრის მიერ თებერვალში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, იოსებ სტალინი კვლავ რჩება რუსეთში ძალიან წინააღმდეგობრივ ფიგურად. გამოკითხულთა უმრავლესობა საბჭოთა დიქტატორის სიკვდილს ქვეყანაში ტერორისა და რეპრესიის დასრულებას უკავშირებს, თუმცა რესპონდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი იქვე დადებითად აფასებს სტალინის როლს რუსეთის ისტრიაში.

„ერთი მხრივ, ხალხი ამბობს, რომ სტალინმა დადებითი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, - და ასე ამბობს საშუალოდ თითქმის ნახევარი, 49 %, - უფრო ნაკლები კი, ერთი მესამედი, 32 %, ამბობს, რომ სტალინმა უარყოფითი როლი ითამაშა. მაგრამ როცა ისმის შეკითხვა, თუ რას უკავშირდება სტალინის გარდაცვალება, ნახევარზე მეტი, 55 %, ამბობს, რომ სტალინის სიკვდილს ისინი უკავშირებენ ტერორისა და მასობრივი რეპრესიების შეწყვეტას, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის საპატიმროებიდან გათავისუფლებას... გაცილებით ნაკლები კი, 18 %, ამბობს, რომ სტალინის სიკვდილი დიდი ბელადისა და მასწავლებლის დაკარგვას ნიშნავს“.
რუსეთში, პრაქტიკულად, არ ყოფილა ლუსტრაცია, არ ყოფილა მათი სასამართლო, ვინც ჯალათებისა თუ უსამართლო მოსამართლეების როლში გამოდიოდა...

სტალინის მიმართ გამოკვლევებით ნაჩვენებ ამ ურთიერთგამომრიცხავ დამოკიდებულებას მოსკოვის ლევადას ანალიტიკური ცენტრის სოციალური კვლევების განყოფილების დირექტორი რუსი ხალხის მენტალიტეტით ხსნის. საზოგადოებრივი აზრი რუსეთში ცდილობს სტალინის მოღვაწეობიდან ამოიღოს პოზიტიური მომენტები, როგორიცაა გამარჯვება სამამულო ომში და ფაშიზმის დამარცხება, და ამჯობინებს დავიწყებას მისცეს ის, რაც ნეგატიურია - რეპრესიები და მასობრივი ტერორიო, - აღნიშნავს ლევადას ცენტრის წარმომადგენელი და კიდევ ერთ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას:

„რუსეთში, პრაქტიკულად, არ ყოფილა ლუსტრაცია, არ ყოფილა მათი სასამართლო, ვინც ჯალათებისა თუ უსამართლო მოსამართლეების როლში გამოდიოდა. ჩვენი გამოკვლევებით, რუსებს არც სურთ, რომ ასეთი სასამართლო მოეწყოს. ისტორიიდან, თუნდაც ასეთი სისხლიანი და მძიმე ისტორიიდან, იღებენ მხოლოდ პოზიტიურს და ურჩევნიათ დაივიწყონ ის, რაც არ არის პოზიტიური“.

ალექსეი ლევინსონის აზრით, ბოლო ათწლეულის მანძილზე რუსეთში სტალინის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა და მას უფრო ხშირად ახსენებენ, ვიდრე წარსულის რომელიმე სხვა პოლიტიკოსს. ეს პროცესი კი, მკვლევარის აზრით, პუტინის მოღვაწეობას უკავშირდება.

„რუსეთში გარკვეულწილად მოსწონთ ძლიერი მმართველები და სტალინზე არსებულ წარმოდგენებში ადამიანები ცდილობენ დღევანდელი პუტინი ამოიკითხონ“, - ამბობს რუსი მეცნიერი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG