Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის მემკვიდრეობა - ეთნიკური კონფლიქტის ნელი მოქმედების ბომბები


სტალინი
სტალინი
საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ მოამზადა რეპორტაჟების ციკლი -„სტალინის მემკვიდრეობა“. გაგაცნობთ რობ კოლსონის მიერ ამ თემაზე მომზადებული რეპორტაჟის მოკლე შინაარსს.

ამიერკავკასია და ჩრდილო კავკასია ყველაზე გაჯერებული აღმოჩნდა იმ ნელი მოქმედების ნაღმებით, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი ეთნიკური კონფლიქტების დეტონაცია გამოიწვია. პირველი და ყველზე ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 1988-ში დაიწყო და 1994 წლამდე გაგრძელდა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იყო.

ამას მალევე მოჰყვა ოსებისა და ინგუშების დაპირისპირება რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში. შემდეგ ომის ხანძარი გადაედო ჩეჩნეთს, რუსეთისა და ჩეჩნეთის ჯერ პირველი და შემდეგ მეორე ომის სახით. აი, რას ამბობდა ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი 1993 წელს, როდესაც რუსეთის არმიამ მასირებული შეტევა წამოიწყო დამოუკიდებლობის მსურველი ჩეჩნეთის წინააღმდეგ:

„რუსეთში მცხოვრები ასი ათასი ჩეჩენი ასი ათას ჯარისკაცად უნდა გადაიქცეს და თავისი სამშობლოს დასაცავად სადარაჯოზე დადგეს. მათ უნდა გამოაცხადონ ჰაზავათი, წმინდა ომი. თითოეული ჩეჩენი თვითმკვლელად გადაქცევისათვის უნდა იყოს მზად“.
1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, აფხაზეთის სკოლები დაიხურა და დაიწყო ასიმილაცია. ჩვენ, ბავშვები, ქართულ ენას ვსწავლობდით. არც ერთი სიტყვა არ გვესმოდა. უბრალოდ, ვიზუთხავდით, ეს იყო და ეს.
ნიკოლაი ხაშიგი

სათავე კი ყველა ამ კონფლიქტს სტალინურმა ეროვნულმა პოლიტიკამ დაუდო, რომლის დროსაც ბევრი ეთნიკური უმცირესობა თავს რეპრესირებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევდა.

81 წლის ნიკოლაი ხაშიგი 1932 წელს სოხუმში დაიბადა, ერთი წლის შემდეგ კი სტალინის ბრძანებით გაუქმდა აფხაზეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი რესპუბლიკის, სტატუსი და იგი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონად იქცა. ხაშიგი ამტკიცებს, რომ მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში ლავრენტი ბერიას რეპრესიებს შეეწირა მთელი აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა და ინტელიგენცია, ხოლო აფხაზური ეთნოსის ასიმილაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც გაგრძელდა:

„1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, აფხაზეთის სკოლები დაიხურა და დაიწყო ასიმილაცია. ჩვენ, ბავშვები, ქართულ ენას ვსწავლობდით. არც ერთი სიტყვა არ გვესმოდა. უბრალოდ, ვიზუთხავდით, ეს იყო და ეს“.

1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ძველი წყენა და აღშფოთება ზედაპირზე ამოვიდა. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს აფხაზი სეპარატისტები საქართველოს არმიის წინააღმდეგ ჩეჩენ, ჩერქეზ, ოს და კაზაკ მებრძოლებთან ერთად იბრძოდნენ. ამ ომში აფხაზებს აქტიურ დახმარებას უწევდა რუსეთის არმია. ორწლიან ომში აფხაზეთში დაახლოებით 8 000 ქართველი დაიღუპა, 240 ათასი კი დევნილად იქცა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კრემლმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცალმხრივად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ამ რეგიონებს ოკუპირებულს უწოდებს, სასოწარკვეთილი ნიკოლაი ხაშიგი კი იძულებულია აღიაროს, რომ აფხაზეთი ახლა „რუსეთის კოლონიაა“.
XS
SM
MD
LG